ობიექტზე, სადაც 2 მუშა დაიღუპა, უსაფრთხოება ქვეკონტრაქტორს უნდა დაეცვა — “ტრანსმშენი”

კომპანია “ტრანსმშენი”, რომელიც ვაკეში აშენებს კლინიკას, რომლის მშენებლობაზეც მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, აცხადებს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა; ხოლო გარდაცვლილი მუშები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ;

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ აპრილს განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, სამშენებლო ობიექტზე, სადაც წუხელ ორი მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება.

კომპანია “ტრანსმშენი” აცხადებს, რომ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. მათი განმარტებით, “ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია”.

“ტრანსმშენს” ეს კომპანია არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ მას “გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში”. მათივე თანახმად, ქვეკონტრაქტორი იყო პასუხისმგებელი, “ამ სამუშაოების წარმობის დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები”. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ქვეკონტრაქტორი ხიმინჯ სერვის 2 იყო.

31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მშენებარე კლინიკასთან მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 25 წლის დათო აბესაძის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში იპოვეს, მეორე კი 8-საათიანი ძებნის შემდეგ ამოასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

პირველადი დათვალიერებით შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – ბექა ფერაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com