ახალი ამბები

გადატვირთულობა, პირადი სივრცის არარსებობა და ძალადობა – ომბუდსმენი ფსიქიატრიული დაწესებულებებზე

1 აპრილი, 2019 • 1879
გადატვირთულობა, პირადი სივრცის არარსებობა და ძალადობა – ომბუდსმენი ფსიქიატრიული დაწესებულებებზე

სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს, პირველ აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არაერთი სერიოზული პრობლემა არსებობს, მათ შორის:

  • პალატების გადატვირთულობა;
  • პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა;
  • პაციენტების არაადაპტირებული გარემო;
  • შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტთა პირადი ჰიგიენის დაუცველობა;
  • ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა.

როგორც ომბუდსმენის აპარატი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ქვეყნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა რეფორმირებას მაინც საჭროებს.

“დღეისათვის მოქმედ 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა სახელმწიფო უწყებებმა უმოკლეს ვადებში გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე დაფუძნებული, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად,” – ამბობს სახალხო დამცველი.

ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა

სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის თქმით, სტაციონარში მყოფი პაციენტების მიმართ სახელმწიფო იყენებს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის საშუალებებს, ხოლო მათ აღმოფხვრას ხელს არ უწყობს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, შეზღუდვის ალტერნატიული მეთოდები კანონის დონეზე განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, დაწესებულებებში ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული (დეესკალაციის) მეთოდი არ გამოიყენება.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ეს შემდეგი ფაქტორებით არის განპირობებული, კერძოდ:

  • ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული მეთოდების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა;
  • ქიმიური შეზღუდვის სამართლებრივი რეგულირების არარსებობა და ქიმიური შეზღუდვის აღრიცხვის პრობლემა;
  • ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სათანადო ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პრობლემა და დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის სიმცირე.

2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული გზების საკანონმდებლო განსაზღვრაც განიხილებოდა. გარდა ამისა, ომბუდსმენი წერს, რომ მსგავსი რეკომენდაციით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსაც, თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და წინადადება არ შესრულებულა.

ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ იძულებითი მედიკამენტური მკურნალობისა და ფიზიკური შეზღუდვის პრაქტიკა. ომბუდსმენის შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ფიზიკური შეზღუდვა დაუშვებელია.

პაციენტთა შორის ძალადობა

“2017 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ “სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“, „ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და შპს „რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში“ არ იყო ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო. ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პაციენტთა შორის კონფლიქტს, რაც ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გამოიხატებოდა,” – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენი წერს, რომ ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ, 2017 წელს ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა, პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შექმნილიყო ნორმატიული ბაზა. ამ რეკომენდაციის მიხედვით, აღნიშნულს უნდა დაერეგულირებინა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ინტერვენციის, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტებისა და საპასუხოდ გატარებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები.

როგორც სახალხო დამცველი წერს, სამინისტრომ არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა.

სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობა

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2018 წელს პრობლემა იყო ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთა სომატური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, სომატური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგების კუთხითაც. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სომატური მედიკამენტების შეძენა ბენეფიციარებს თავად უწევთ.

რაც შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ისინი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად შეისყიდება, რის გამოც ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, არჩევანი ძირითადად ყველაზე იაფ და დაბალი ხარისხის მედიკამენტებზე კეთდება.

ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემა

“მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები ხშირად არ საჭიროებენ აქტიურ მკურნალობას, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არ აქვთ, ან ოჯახი თავს არიდებს მათ სახლში დაბრუნებას. ეს თემში მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობით არის გამოწვეული,” – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ შეუსრულებელია 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასების, მათი დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართებასთან დაკავშირებით.

“თავშესაფრების შექმნის გეგმა აუცილებელია შემუშავდეს თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით. სტაციონარიდან გასაწერ და სათემო სერვისებზე გადასამისამართებელ პირთა რაოდენობისა და მათი საჭიროებების განსაზღვრა შესაძლებელს გახდის საჭირო ფინანსური რესურსის ოდენობის განსაზღვრას,” – ამბობს სახალხო დამცველი.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

სახალხო დამცველი ბენეფიციართა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასაც ეხება. ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოცულობა დაწესებულებებში კვლავ უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო არსებული ინტერვენციები ფრაგმენტულია და არ არის საჭიროებებზე ფოკუსირებული.

“პაციენტებთან გასაუბრება ამ ინტერვენციების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს, არც ოჯახის წევრების ჩართულობა იკვეთება პაციენტთა რესოციალიზაციის პროცესში. არასაკმარისი და არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის ფონზე, რასაც თან ერთვის რთული სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება, დაწესებულებებში ფსიქიკური აშლილობების მართვა კვლავ ემყარება ფარმაკოთერაპიას, არ არის უზრუნველყოფილი ბიოფსიქოსოციალური მიდგომა. პაციენტების გადმოცემით, დღის განმავლობაში ისინი არ არიან დაკავებული რაიმე სახის ღირებული აქტივობით,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ვრცლად ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი