ახალი ამბები

ფეისბუკი თეთრ ნაციონალიზმსა და სეპარატიზმს კრძალავს

28 მარტი, 2019 • 1380
ფეისბუკი თეთრ ნაციონალიზმსა და სეპარატიზმს კრძალავს

კორპორაცია ფეისბუკი აპირებს, სოციალურ ქსელებზე, ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, აკრძალოს თეთრი ნაციონალიზმი, თეთრი სეპარატიზმი და მოწოდებები, რომლებიც თეთრკანიანობას წარმოაჩენს უპირატესობად.

ფეისბუკმა ასევე პირობა დადო, რომ უკეთ ამოიცნობს და მალევე დაბლოკავს ტერორისტული ჯგუფების მიერ გავრცელებულ მასალებს.

სოციალური ქსელი კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც ახალ ზელანდიაში ულტრამემარჯვენე ტერორისტმა პირდაპირ ეთერში გადაიღო ტერაქტი მეჩეთებზე. პირდაპირი ეთერი 15 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა.

აქამდე ფეისბუკი თეთრი ნაციონალისტური კონტენტის ნაწილს რასისტულად არ მიიჩნევდა, მაგალითად, არ შლიდა მოწოდებებს, რომ შექმნილიყო შტატები მხოლოდ თეთრკანიანებისთვის და ა.შ.

კომპანიაში ამბობდნენ, რომ თეთრ ნაციონალიზმს გამოხატვის მისაღებ ფორმად მიიჩნევდნენ, “ამერიკული სიამაყისა და ბასკური სეპარატიზმის მსგავსად, რაც ხალხის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია”. თუმცა 27 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ფეისბუკმა დაწერა, რომ “სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიასთან” დამატებითი 3-თვიანი კონსულტაციების შემდეგ დაასკვნა, რომ “თეთრი ნაციონალიზმი არ შეიძლება მნიშვნელოვნად გამოეყოს თეთრ უპირატესობას და სიძულვილის ორგანიზებულ ჯგუფებს”.

ამასთან, მომხმარებლები, რომლებიც პლატფორმებზე შეურაცხმყოფელი ტერმინების მოძებნას შეეცდებიან, გადამისამართდებიან საქველმოქმედო ფონდის გვერდზე, რომელიც ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმს ებრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი