ახალი ამბები

ტერაქტის შემდეგ ახალი ზელანდია გარკვეული ტიპის იარაღს კრძალავს

21 მარტი, 2019 • 1426
ტერაქტის შემდეგ ახალი ზელანდია გარკვეული ტიპის იარაღს კრძალავს

ახალ ზელანდიაში ყველა ტიპის ნახევრად ავტომატური და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აიკრძალება. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქალაქ ქრაისთჩარჩში, ორ მეჩეთში გასულ კვირას განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიიღო.

“ჩვენი ისტორია სამუდამოდ შეიცვალა. ახლა, ჩვენი კანონებიც შეიცვლება”, – ციტირებს BBC ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილება 11 აპრილს შევა ძალაში.

ცვლილების ძალაში შესვლამდე უკვე გამოცხადდა ამნისტია მათთვის, ვინც აღნიშნული ტიპის იარაღს ფლობს. თუ ამნისტიის დასრულების შემდეგ მოქალაქეს იარაღი ჩაბარებული კვლავ არ ექნება, მას $4 000-იან ჯარიმა და სამწლიანი პატიმრობა დაემუქრება.

მიმდინარე კვირაში არაერთი იარაღი ნახევრად ავტომატურ კატეგორიაში გადაკვალიფიცირდა, რაც მათ შეძენას მეტად გაართულებს.

15 მარტს ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩარჩში ორ მეჩეთზე ტერორისტულ თავდასხმას 50 ადამიანი შეეწირა. მთავარი ეჭვმიტანილი, წარმოშობით ავსტრალიერი ბრენტონ ტარანტი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. მას ამჟამად ბრალი მხოლოდ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალი დაუმძიმდება. შემდეგი პროცესი 5 აპრილსაა ჩანიშნული.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ტერაქტის შემდგომ მალევე აღნიშნავდა, რომ იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობა გამკაცრდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი