ნეტგაზეთი | “ქარწაღებულნი” HBO Max-ის კატალოგში ვიდეოგანმარტებებით დააბრუნეს “ქარწაღებულნი” HBO Max-ის კატალოგში ვიდეოგანმარტებებით დააბრუნეს – Netgazeti
RU | GE  

“ქარწაღებულნი” HBO Max-ის კატალოგში ვიდეოგანმარტებებით დააბრუნეს

HBO Max-მა საკუთარი სტრიმინგ სერვისის კატალოგში რასიზმის მოტივით ამოღებული ფილმი, 1939 წელს გამოშვებული “ქარწაღებულნი”, დააბრუნა.

როგორც Variety წერს, ფილმს ორი ვიდეოგანმარტება ახლავს თან, რომელიც კინოკლასიკის ისტორიულ კონტექსტზე დისკუსიას ეთმობა.

ერთ-ერთი ვიდეოში კინომკვლევარი ჟაკლინ სტიუარტი განმარტავს, რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა ეპიკური დრამა თავისი ორიგინალი ფორმით, მეორე ვიდეო კი სადისკუსიო პანელის – “ქარწაღებულნის კომპლექსური მემკვიდრეობა” – ერთსაათიანი ჩანაწერია, რომელიც TCM-ის კლასიკური მუსიკის ფესიტვალის ფარგლებში 2019 წლის აპრილში გაიმართა.

თანდართულ ვიდეოებში ნათქვამია, რომ ფილმის პროდუსერმა კარგად იცოდა აფრო-ამერიკელი მოსახლეობის შეშფოთების შესახებ, რომელიც ფილმში მონათმფლობელობის თემის ამგვარად წარმოჩენამ და შავკანიანი პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ჟაკლინ სტიუარტის თქმით, ფილმი წარმოაჩენს აშშ-ის სამოქალაქო ომამდელ სამხრეთს მონათმფლობელობის სისასტიკის გააზრების გარეშე.

HBO-მ საკუთარი სტრიმინგ სერვისიდან “ქარწაღებულნი” მიმდინარე წლის 10 ივნისს ამოიღო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფილმი ასახავს იმ ეპოქის ეთნიკურ და რასობრივ სტერეოტიპებს, რომლებიც მისი გადაღებისას ამერიკულ საზოგადოებაში არსებობდა და მაშინაც ისეთივე არასწორი იყო, როგორც დღესაა.

კომპანიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ჯონ რიდლის განცხადება, რომელმაც HBO Max-ს ფილმის კატალოგიდან ამოღებისკენ მოუწოდა, რადგან ის აშშ-ში სამოქალაქო ომამდელ სამხრეთს განადიდებს, ფერადკანიან პერსონაჟებს ყველაზე მტკივნეული სტერეოტიპებით წარმოაჩენს და მონობის საზარელი ასპექტების იგრნორირებას ახდენს.

როგორც Deadline წერს, 1939 წელს გადაღებული ფილმი რასობრივი უთანასწორობის შესახებ პროტესტის ფონზე მართლაც არ “ძველდება”. ფილმში მონები წარმოჩენილია, როგორც საკუთარი ხვედრით ბედნიერი და მფლობელთა მიმართ ერთგული ადამიანები და მეტიც, რომანტიზებას ახდენს ვივიენ ლის პერსონაჟის, სკარლეტ ო’ჰარას ტანჯვას სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ.

აღნიშნულმა ფილმმა 8 ოსკარი მოიპოვა და პირველი ფილმი იყო, რომელში მონაწილეობისთვისაც ოსკარი შავკანიან მსახიობს გადაეცა. ჯილდო ჰეიტი მაკდანიელს გადაეცა, რომელიც ფილმში ერთგული მსახურის როლს ასრულებს. ფილმი ასევე დასახელდა სუკეთესო სურათად და მიიღო ჯილდო საუკეთესო რეჟისურის, მთავარი როლის შემსრულებლის, საუკეთესო სცენარის და სხვა კატეგორიებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.