ახალი ამბები

რატომ ვერ რეაგირებს პოლიცია ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანად – აუდიტის დასკვნა

25 მარტი, 2019 • 2135
რატომ ვერ რეაგირებს პოლიცია ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანად – აუდიტის დასკვნა

დღესდღეობით, პოლიციას ოჯახში ძალადობის პრევენციაში ხელს არაერთი ფაქტორი უშლის, მათ შორის, რისკის არათანაბარზომიერი შეფასება და ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. მაკონტროლებელი ორგანო მსგავსი შეფასებისას 2017 და 2018 წლის მონაცემებსა და კვლევებს ეყრდნობა.

აუდიტი წერს, რომ 2017 წელს 26 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. აუდიტმა ოჯახური დანაშაულის ნიშნით 9 მკვლელობისა და 8 მკვლელობის შემთხვევა განიხილა და აღმოაჩინა, რომ 9-დან 2 შემთხვევაში ერთ-ერთმა მსხვერპლმა პოლიციას 4-ჯერ მიმართა და გაიცა ერთი შემაკავებელი ორდერი, ხოლო მეორემ მიმართა 18-ჯერ და მასთან დაკავშირებით გაცემულია მხოლოდ 3 შემაკავებელი ორდერი.

როგორც აუდიტი წერს, მიუხედავად მსხვერპლების მიმართვებისა, დანაშაულის პრევენცია პოლიციამ ვერ შეძლო. ანგარიშში გაწერილია რამდენიმე ის ფაქტორი, რაც შესაძლოა ინციდენტებზე რეაგირებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი იყოს.

რისკის შეფასება

აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რაც გულისხმობს როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარასაც კი, პოლიცია იყენებს ერთსა და იმავე ზომას – გასცემს შემაკავებელ ორდერს 30 დღის ვადით.

როგორც აუდიტი აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ის იყო, რომ 2018 წლის პირველ სექტემბრამდე პოლიცია ინდივიდუალურად წყვეტდა, რა ტიპის რეაგირება მოეხდინა და როგორი კვალიფიკაცია მიეცა ძალადობისთვის. შედეგად, პოლიციის რეაგირება ხშირად არ იყოს თანაბარზომიერი.

თუმცა აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველი სექტემბრიდან შსს-ში დაინერგა ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმი, რომელიც კითხვარისგან შედგება და რომელსაც პოლიციელი მსხვერპლთან გასაუბრებით ავსებს.

რისკის შეფასების მექანიზმის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში (პირველიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) შეივსო 796 შემაკავებელი ორდერის ოქმი. აქედან, 50 შემთხვევაში ძალადობის განმეორების საფრთხეებისა და რისკების არარსებობის გამო, არ მიიღეს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გაცემის თაობაზე, ხოლო დანარჩენ 647 შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გაიცა.

აუდიტმა შესამოწმებლად შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აირჩია 2018 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გამოცემული 55 ორდერი, რომელთა შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 35% შევსებულია არასრულად, კერძოდ, ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც მოითხოვს დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფორმაციის დაკონკრეტებას, ინფორმაცია მითითებული არ არის. გარდა ამისა, ორდერების 9% (5 შემთხვევა) გაცემულია, მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებული ქულები არ აკმაყოფილებს ორდერის გამოცემის 3-ქულიან ზღვარს.

წინა ისტორია

აუდიტი წერს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე სათანადოდ რეაგირებისა და სწორი დამცავი ღონისძიების განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვანია, უფლებამოსილ პოლიციელს გააჩნდეს ძალადობის ისტორიაზე ინფორმაციის გადამოწმებისას მისი გათვალისწინების შესაძლებლობა.

ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს საკითხებს, როგორიცაა: წინა გამოძახება ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მოქმედებაში მყოფი შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, ნასამართლეობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ა.შ. აღნიშნულ ინფორმაციას პოლიციელი ასევე უთითებს შემაკავებელი ორდერის ოქმში, რითაც განისაზღვრება ძალადობის გამეორების რისკის ხარისხი.

გარდა ამისა, აუდიტის განცხადებით, ძალადობის ისტორიის გათვალისწინება მნიშვნელოვანია სამართალდარღვევის მიმართ სწორი საპასუხო ზომის შერჩევის მიზნით, კერძოდ, ორდერის პირობების განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს უფრო მკაცრ საპასუხო ზომას, ვიდრე დარღვევის პირველი შემთხვევა.

თუმცა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორებსა და უბნის ინსპექტორებთან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ ძალადობის ისტორიასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაშვება, პატრულ-ინსპექტორების და უბნის ინსპექტორების შემთხვევაში, თანამდებობების მიხედვით (ინდივიდუალურ დონეზე) განსხვავებულია. გამოკითხული 4 უბნის ინსპექტორიდან, რომელიც უშუალოდ ახდენს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას, 3-ს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს, ხოლო ერთს აქვს შეზღუდული წვდომა ორდერების ბაზაზე.

ასევე, ინფორმაციის მიმართ წვდომაზე საუბრისას აუდიტმა სხვა ხარვეზებიც დაასახელა, მაგალითად: ძალადობასთან დაკავშირებით წინა გამოძახების ფაქტის არსებობის გადამოწმება შესაძლებელია 112-ის ბაზაში, სადაც გამოძახების ადგილი და ინციდენტი ინახება ხანგრძლივი დროით, თუმცა მორეაგირე ეკიპაჟს გამოძახებაზე გასვლისას აღნიშნული ინფორმაცია 112-ის მიერ არ მიეწოდება.

ასევე, აუდიტი წერს, რომ საპატრულო და უბნის ინსპექტორებთან ინტერვიუებით გამოიკვეთა, რომ შემთხვევის ადგილზე გასვლამდე მათ არ აქვთ საშუალება, გადაამოწმონ.

“ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა ქმნის რისკს, რომ პოლიციელმა ძალადობის ფაქტი განიხილოს, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა, რაც მასზე ადეკვატური რეაგირებისთვის არასაკმარისია. აღნიშნული ასევე ამცირებს რისკის შეფასების ხარისხს, რადგან პოლიცია დამოკიდებულია მსხვერპლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.

განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, პოლიციელს შეუძლია დაუკავშირდეს ოპერატიულ მორიგეს, თუმცა აღნიშნულის გამოყენება, რესურსის გათვალისწინებით, არაპრაქტიკულია ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხთან დაკავშირებით”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

მოძალადის განრიდება

აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში მოძალადე საცხოვრებელი სახლიდან განარიდოს. თუმცა, როგორც გრაფიკიდან ჩანს, თავშესაფრით მოსარგებლე პირებიდან დაზარალებულზე დამოკიდებული პირების რაოდენობა დაზარალებულთა რაოდენობაზე მაღალია.

ფოტო: აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს დაზარალებულზესაშუალოდ მოდის ერთზე მეტი დამოკიდებული პირი. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ხშირია დაზარალებულის და მასზე დამოკიდებული რამდენიმე პირის საცხოვრებლიდან გარიდება. შესაბამისად, დაზარალებული განიცდის დისკომფორტს და თავშესაფრის დატოვების შემდეგ უწევს მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად ახალი საცხოვრებლის ძიება.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებულია მოძალადის სახლიდან გარიდება, პრაქტიკაში მისი განხორციელება რთულია. იმის გამო, რომ პოლიციაში არ მოქმედებს დროებითი განთავსების დაწესებულება, ნასვამობის შემთხვევაში, მოძალადის სახლიდან გარიდება გართულებულია, რადგან მისი ღამით გარეთ დატოვება საფრთხის შემცველია როგორც საზოგადოებისთვის, ისე – თავად მოძალადისთვის”, – წერია ანგარიშში.

ამასთანავე, არ არის შემუშავებული ორდერის მოქმედების პერიოდში მხარეების საცხოვრებელი სახლიდან განცალკევების სამოქმედო ინსტრუქცია, რომელიც ხელს შეუწყობდა პოლიციელს, გარიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ სიტუაციის შესაბამისად, მიზანშეწონილია არა დაზარალებულისა და მასზე დამოკიდებული რამდენიმე პირის მოძალადისგან გარიდება, არამედ მოძალადის (ერთი პირის) გარიდება საცხოვრებელი სახლიდან, რაც ძალადობის ჩამდენისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნით ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი