ახალი ამბები

ჩხრეკას პოლიციასთან დაპირისპირება და 2 პირის დაკავება მოჰყვა

24 მარტი, 2019 • 1517
ჩხრეკას პოლიციასთან დაპირისპირება და 2 პირის დაკავება მოჰყვა

თვითმხილველები ამბობენ, რომ 23 მარტს, ღამით, თბილისში სტუდქალაქთან პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების თანახმად, ახალგაზრდები პოლიციას ჩხრეკისას შეეწინააღმდეგენ.

“ორი პოლიციელლი ხელით ეძიძგილავებოდა ბიჭს და მანქანიდან გადმოყვანა უნდოდათ. თერთმეტს ოდნავ გადაცილებული იყო. ამ დროს ვიღაცებმა [დაიძახეს], “რა ხდება რა ხდება”, “ბიჭო, არაფერი ჩაუდონ” და ამაზე ატყდა ძიძგილაობა”, — უთხრა რუსთავი 2-ს თვითმხილველმა. კიდევ ერთი ადგილობრივის თანახმად, პოლიციელები ამ ადგილას ხშირად ჩხრეკენ მოსახლეობას.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, პოლიციას გამოძიება 260-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა დაწყებული. პრესსამსახურის თანახმად, ინფორმაციის გადამოწმებისას წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

შსს-ში ჯერჯერობით ვერ გვიზუსტებენ, ნარკოტიკების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ეხებოდა თუ არა იმ ადამიან(ებ)ს, ვინც ადმინისტრაციულით დააკავეს. პრესსამსახურის თანახმად, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არავინ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი