ნეტგაზეთი | საგანგაშო სიგნალები სომხეთის მთავრობიდან მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საგანგაშო სიგნალები სომხეთის მთავრობიდან მედიის თავისუფლების წინააღმდეგ – Netgazeti
RU | GE  

საგანგაშო სიგნალები სომხეთის მთავრობიდან მედიის თავისუფლების წინააღმდეგ

“ჩვენ ღია საზოგადოება ვართ და ჩვენი მედიაც თავისუფალია,” – სომხეთის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად,  ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები სომხეთს არათავისუფალი მედიის მქონე ქვეყნების რიგს მიაკუთვნებენ. “ნეტგაზეთი” სომხეთის სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აშოტ მელიქიანს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ 2014 წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა სომხეთის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან თავდასხმებით მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

ბოლო 12 წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები სომხეთის მედიას არათავისუფლად მიიჩნევენ. კერძოდ, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორიცაა “ფრიდომ ჰაუსი” და “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, საუბარია თვითცენზურის ზრდასა და ალტერნატიული მოსაზრებებისადმი შეუწყნარებლობის ცალკეულ გამოვლინებებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით სომხეთში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას?

 

რა თქმა უნდა, სიტყვის და მედიის თავისუფლების სფეროში არსებული სიტუაციით სომხეთის შედარება აზერბაიჯანთან, ბელორუსთან ან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ჩვენ ამ ქვეყნებიდან არ უნდა ავიღოთ მაგალითი. სომხეთში ჟურნალისტებს ნამდვილად არ სვამენ ციხეში და ღიად არ დევნიან; პრინციპში გაზეთები ყველაფერზე წერენ, რაც საჭიროდ მიაჩნიათ… მაგრამ უკანასკნელ დროს ხელისუფლება ცდილობს შეავიწროოს საკანონმდებლო ველი მედიის თავისუფლების სფეროში.

 

რას გულისხმობთ?

 

მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა მოამზადა კანონპროექტი – სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რაც ითვალისწინებს მედიის პასუხისმგებლობას ისეთი პუბლიკაციებისა და კომენტარების გავრცელებისთვის, რომელიც ეფუძნება ანონიმ ან ფსევდონიმით დაფარულ მომხმარებლებს სოციალურ ქსელებში. რეალურად ამ დოკუმენტის ავტორებმა გადაწყვიტეს ინტერნეტის რეგულირება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და მედიაზე ზეწოლის გზით. ამან სერიოზული პროტესტი გამოიწვია ჟურნალისტურ საზოგადოებაში. შეშფოთება გამოხატეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო სტრუქტურებმა. მაშინ სომხეთის 9 ჟურნალისტური გაერთიანება გამოვიდა საკმაოდ მკაცრი განცხადებით, რომლითაც მოითხოვეს კანონპროექტის უკან გათხოვა და ახალი კონცეპტუალური მიდგომის შემუშავება თანამედროვე კომუნიკაციების სფეროში, რომელიც დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებს. ეს პრობლემა განხილული იქნა საპარლამენტო მოსმენების დროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამან ვერ მოიტანა საკითხის პრინციპული გადაწყვეტა.

 

მნიშვნელოვანი სიახლე კანონმდებლობაში, რომელიც მედიას ეხება, არის 19 მაისს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომლითაც განისაზღვრა მორალური ზიანის და ასანაზღაურებელი კომპენსაციის დამდგენი ინსტიტუტი. ადრე, სანამ ამ საკითხს არაფერი არეგულირებდა, სასამართლო საქმეებში, რომლებიც ეხებოდა მედიაში შეურაცხყოფასა და ცილისწამებას, სერიოზული პრობლემები იქმნებოდა.

 

თუმცა მედიისთვის ძალიან საგანგაშო სიგნალად იქცა გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე მაისში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლითაც მედიას შეახსენეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ წინასწარ ძიებაში არსებული მონაცემების არასანქცირებული გამოქვეყნების გამო. ასეთ შემთხვევებში, როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, განხორციელებული იქნება “საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები” ინფორმაციის წყაროს გამჟღავნებისთვის. ბევრმა მედიასაშუალებამ და ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პროკურატურის მიდგომები ამ პრობლემისადმი შეიცავს საფრთხეს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და მედიის საქმიანობის დაუსაბუთებლად შეზღუდვისთვის.

აშოტ მელიქიანი
აშოტ მელიქიანი

რატომ შეიძლება იყოს ეს მედიისთვის საფრთხის შემცველი?

 

უკვე ივნისში დაფიქსირდა პირველი სასამართლოს პრეცედენტი, რომელმაც დაავალდებულა ყოველდღიურ გაზეთი “გრაპარაკი” და ინტერნეტგამოცემა Ilur.am გაემჟღავნებინათ ინფორმაციის წყარო, რომელიც გამოიყენეს კრიმინალურ თემაზე მომზადებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაში. კერძოდ, გაზეთმა “გრაპარაკმა” და ვებ-გვერდმა Ilur.am-მა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქალაქ გიუმრის პოლიციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა ვარდან ნადარიანმა ღამით გააჩერა ცნობილი სპორტსმენის, არტურ ალექსანიანის მანქანა, იმის გამო, რომ, მისი შეხედულებით, ძალიან ნათელი შუქი ჰქონდა მანქანის ფარებს, სცემა სპორტსმენს და ემუქრებოდა მას და მის ძმას პისტოლეტით.

 

როგორც ხედავთ, აქ არ არის საუბარი ისეთი დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ფართო საზოგადოების უსაფრთხოებას ან ეროვნულ ინტერესებს, რომ სასამართლოს მოეთხოვა წყაროს გამჟღავნება მედიისგან. ამასთან, სასამართლოს მიერ იგნორირებული იყო “მასობრივი ინფორმაციის შესახებ კანონის” მთელი რიგი მოთხოვნები.

 

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეჭვგარეშეა, რომ პრესის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და თუკი ეს გამოცემები თავიანთ წყაროს გაამჟღავნებენ, მაშინ უახლოეს მომავალში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მხოლოდ მშრალ ოფიციალურ შეტყობინებებს დაეყრდნობიან.


ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია და მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს და საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.

 

ორივე გამოცემას ახლა გასაჩივრებული აქვს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.

 

დიახ და ეს აუცილებელია. ჟურნალისტურმა საზოგადოებამ თავისი ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოს ამ საკითხზე და გამოიჩინოს ხელისუფლების ასეთი ნაბიჯებისადმი სრული მიუღებლობა. ეს ყველაფერთან ერთად კარგი შესაძლებლობაა ჟურნალისტური საზოგადოების შესაკავშირებლად და იმის გასაცნობიერებლად, რომ ასეთი ფაქტის წინაშე ნებისმიერი გამოცემა ან ჟურნალისტი შეიძლება აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერმა სახელმწიფო მოხელემ, ადგილობრივი ადმინისტრაციის მეთაურმა ან პოლიციელმა შეიძლება მოითხოვოს წყაროს გამჟღავნება მედიისგან მხოლოდ იმის გამო, რომ გაიგონ მათი “არაკეთილმოსურნე” პირების ვინაობა.

 

კიდევ რა ტიპის სარჩელები შევიდა წელს სასამართლოში, რომლებიც მედიას უკავშირდება?

 

ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის პირველ 6 თვეში სხვადასხვა სასამართლოების მიერ მიღებული იქნა წარმოებაში 12 ახალი სარჩელი მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათგან 8 ეხება შეურაცხყოფასა და ცილისწამებას, 3 – საავტორო უფლებების დაცვას, 1 – ინფორმაციის წყაროს გამჟღვანებას.

 

ამას გარდა, ჩვენი ორგანიზაცია აფიქსირებს, ასევე, ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევებს. 2013 წლის პირველ ნახევარში ჩვენ 46 ასეთი შემთხვევა დავაფიქსირეთ, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში კი – 44.

 

ძირითადად, რა ტიპის უფლებების დარღვევას უკავშირდება ეს შემთხვევები?

 

მიმდინარე წლის 6 თვეში სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტმა დააფიქსირა ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის 5 შემთხვევა, მედიაზე და მის თანამშრომლებზე ზეწოლის 29 ფაქტი, ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლების დარღვევის 10 შემთხვევა.

 

რამდენად რთულია საჯარო ინფორმაციის მოპოვება სომხეთში მედიის წარმომადგენლებისთვის?

 

ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ სახელმწიფო ორგანოების ვებ-გვერდებს და აქ ჩვენი ინტერესის საგანია, პირველ რიგში, მათი ინფორმაციის ღიაობის დონე. 2013 წელთან შედარებით ეს დონე წელს შემცირებულია. სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე ხშირად არ არის ან სრულად არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების თაობაზე, ცალკეული შემოწმებების შედეგებზე, ასევე, ვაკანსიებზე ან სასამართლო განხილვებზე.

 

მთლიანობაში ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო დაწესებულელების და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების 44 ვებ-გვერდი. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად შევადგინეთ რეიტინგი ინფორმაციის გამჭვირვალობის მიხედვით. პირველ ხუთეულში შევიდა სომხეთის ტერიტორიული მართვის სამინისტროს, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის, ეკონომიკის სამინისტროს, სამოქალაქო სამსახურის საბჭოს და იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდები. ათეულის ბოლოშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტი.

 

აუტსაიდერებს შორისაა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდები. რეიტინგში ბოლო, 34-ე ადგილზეა ბირთვული უსაფრთხოების რეგულირების სახელმწიფო კომიტეტის ვებ-გვერდი.

 

პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აგვისტოში განაცხადა: “სომხეთმა აირჩია სიტყვის თავისუფლება და საზღვარზე ვითარების გამწვავების პირობებშიც კი ამ არჩევანს ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ. რამდენიც არ უნდა დაგვადანაშაულონ პრესის მართვაში, მედიის წარმომადგენლების უმრავლესობამ იცის, რომ თავისუფალია”. სხვათა შორის, სომხეთს შარშან ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების რიგში მოხვედრილიყო, მაგრამ ამას მოჰყვა სომხეთის პრეზიდენტის განცხადება საბაჟო კავშირში შესვლის თაობაზე. არის თუ არა მოსალოდნელი მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობის გაუარესება სომხეთში?

 

ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება, როგორმე შეზღუდოს სიტყვის და მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების წვდომა ინფორმაციაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედია ამას უნდა შეურიგდეს. ჟურნალისტები ვალდებულნი არიან იბრძოლონ ინფორმაციისთვის, ანუ თავიანთი მკითხველებისთვის. ხელისუფლებას კი, ვფიქრობ, უნდა ესმოდეს, რომ ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ვითარდება კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებები და ინტერნეტი, მედიაზე ზეწოლა მოსალოდნელ შედეგებს ვეღარ მოიტანს.

პრესა თავისი განსაზღვრებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს არათავისუფალი და ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ ერთი შედეგისთვის – სრული თავისუფლებისთვის.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, DEUTSCHE WELLE-ს კორესპონდენტი სომხეთში