ახალი ამბები

პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

15 მარტი, 2019 • 1052
პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ისრაელში, თელ-ავივის მიმართულებით, 14 მარტის საღამოს ღაზის სექტორიდან რაკეტები ისროლეს. ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორში ჰამასისა და მისი მოკავშირე დაჯგუფების, “ისლამური ჯიჰადის” პოზიციები დაბომბა. ისრაელის მედიასაშუალებების ცნობით, ჯამში, ისრაელმა 100 რაკეტა გაისროლა.

თელ-ავივის მიმართულებით ნასროლი რაკეტები ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეაჩერა და, შესაბამისად, არავინ დაშავებულა, მოსახლეობამ კი განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე თავი ბუნკერებს შეაფარა.

რაც შეეხება ღაზის სექტორს, სააგენტო AFP-ის ცნობით, ისრაელის საპასუხო დაბომბვამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურა, ხოლო დაშავდა ერთი ქალი და ერთი კაცი. არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.

ისრაელის მთავრობამ დაუყონებლივ გამართა საგანგებო შეხვედრა, რის შემდეგაც თქვეს, რომ “მიღებულია გადაწყვეტილებები”, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რას გულისხმობენ.

გარდა თელ-ავივზე მიტანილი იერიშისა, რაკეტები დაუშინეს ღაზის სექტორის მოსაზღვრე სხვა დასახლებებსაც, თუმცა დასახლებულ ზონამდე არცერთ მათგანს არ მიუღწევია.

თელ-ავივში 2019 წლის მაისში “ევროვიზია 2019” იმართება, რის გამოც ქალაქში ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ჩადის. გარდა ამისა, 9 აპრილს ისრაელში დაგეგმილია არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი