ახალი ამბები

იტალიაში აუცრელი ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ვეღარ ივლიან – ახალი კანონი

13 მარტი, 2019 • 1073
იტალიაში აუცრელი ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ვეღარ ივლიან – ახალი კანონი

იტალიაში მშობლები გააფრთხილეს, რომ აუცრელმა ბავშვებმა, შესაძლოა, სკოლებსა და ბაღებში სიარული ვეღარ მოახერხონ. ახალი რეგულაციის გამო ბოლონიაში დაახლოებით 300 ბავშვი საბავშვო ბაღიდან უკან გააბრუნეს.

ქვეყნის ახალი კანონის მიხედვით, თუ მოსწავლე სკოლაში აუცრელი მივა, მშობლები 500 ევროთი დაჯარიმდებიან, ხოლო 6 წლამდე ბავშვები შესაძლოა სკოლამ საერთოდ არ მიიღოს.

როგორც BBC წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ წითელასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. ლორენცის (ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ინიციატივის ავტორია) კანონის მიხედვით,  ბავშვებისთვის სავალდებულოა ისეთ დაავადებებზე აცრა, როგორიცაა წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, პოლიომიელიტი და ყბაყურა.

რაც შეეხება საქართველოს, ვაქცინაციის სავალდებულოდ დაკანონებასა და შესაძლო სანქციებზე საუბარი აქაც მიმდინარეობს. ამის შესახებ ნეტგაზეთთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი ზოიძემა ისაუბრა. სწორედ ჯანდაცვის კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, აცრები სავალდებულო გამხდარიყო.

როგორც კაკი ზოიძემ მაშინ განმარტა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს მოსახლეობის ვაქცინით დაფარვის არეალი. მისი სიტყვებით, საქართველოში მაღალია ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსახლეობა ვაქცინაციაზე უარს ამბობს.

მისი თქმით, ვაქცინაცია გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიღწევაა. თუმცა დღემდე, მშობლები ბავშვებს ვაქცინებს ზოგ შემთხვევაში არ უკეთებენ, რაც არაინფორმირებულობით ან დეზინფორმაციითაა გამოწვეული.

” ინფომრაცია, თითქოს ვაქცინას, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი და რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული, გვერდითი მოვლენა აქვს ან უხარისხო შეიძლება იყოს, არის მითი,” – განმარტავს კაკი ზოიძე.

ზოიძის განმარტებით, კომიტეტი იმიტომაც გამოდის ინიციატივით, რომ გარდა გავრცელებული მითებისა, ზოგჯერ სამედიცინო პერსონალი დაბეჯითებით არ ურჩევს მშობლებს, აცრან თავიანთი შვილები. თუმცა ინიციატივა პირველ ეტაპზე არ ითვალისწინებს რაიმე სახის სანქციას.

“სახელმწიფო ამით ადასტურებს, რომ ვაქცინაცია არის სავალდებულო და არსებობს გზა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ბავშვის, არამედ გარშემომყოფი ბავშვების ჯანმთელობის დაცვის.  ჩვენ ეროვნულ კალენდარში შემავალ ყველა ვაქცინაციას სავალდებულოს გავხდით, ეს იქნება ამ ცვლილების არსი. სანქციები პირველ ეტაპზე არაფერი იქნება. საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საკამოდ მკაცრი სანქციებია, მათ შორის, ჯარიმები და ბავშვების არდაშვება საბავშვო ბაღებში,” – თქვა კაკი ზოიძემ.

“გამოვდივართ ინიციატივით, ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო” – კაკი ზოიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი