ახალი ამბები

მარგველაშვილი ISAF-ის მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

4 სექტემბერი, 2014 • • 1105
მარგველაშვილი ISAF-ის მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 


გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს წვლილზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანამ ამ მისიის ფარგლებში შეიტანა. მისი განცხადებით, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს ავლენენ.

 

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დედამიწის ერთ ნაწილში, ქართველებს თავად აქვთ უსაფრთხოების პრობლემები მისი ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის სახით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 2008 წელს, ხოლო უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს.

 

საქართველოს პრეზიდენტის, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია,საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

 

უელსში ნატოს 2-დღიანი სამიტი 4 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ალიანსი წევრი ქვეყნების, ასევე, ნატოს პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არასტაბილური სიტუაცია სამხრეთში, მათ შორის ექსტრემიზმის ზრდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში – ნატოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სმაიტის დღის წესრიგის მთავარი თემებია.

 

დიდ ბრიტანეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. 

მარგველაშვილი
მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი