ახალი ამბები

ავიაკომპანიების ნაწილი Boeing 737 MAX-ით სარგებლობაზე დროებით უარს ამბობს

11 მარტი, 2019 •
ავიაკომპანიების ნაწილი Boeing 737 MAX-ით სარგებლობაზე დროებით უარს ამბობს

მას შემდეგ, რაც ეთიოპიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 MAX 8 აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, ავიაკომპანიების ნაწილი დროებით უარს ამბობს ბოინგის ახალი თაობის თვითმფრინავის გამოყენებაზე.

2 ავიაკატასტროფა 6 თვეში

Boeing 737 MAX 8, რომლის ბორტზეც 157 ადამიანი იმყოფებოდა, 10 მარტს ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან 6 წუთში დაიკარგა, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა და მთლიანად დაიწვა. არავინ გადარჩენილა. დაღუპულებს შორის არიან ჩინეთის, აშშ-ის, კენიის, ეთიოპიის, ბრიტანეთის, კანადის, რუსეთისა და კიდევ არაერთი ქვეყნის მოქალაქეები.

ზუსტად იგივე მოდელის თვითმფრინავი, რომელიც Lion Air-ს ეკუთვნოდა, ასევე აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა ინდონეზიაში, 2018 წლის ოქტომბერში. შემთხევვას 189 ადამიანი ემსხვერპლა. ავიაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ექვსი თვის შუალედში ერთი და იმავე მოდელის ორი თვითმფრინავის ერთნაირ გარემოებაში ჩამოვარდნა აჩენს ეჭვებს. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს გამოძიებით გამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რაიმე სახის კავშირს ამ ორ შემთხვევას შორის. Lion Air-ის კატასტროფის გამოძიების შედეგები 2019 წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ეთიოპიის ავიახაზების შემთხვევის გამოძიებას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება. ჯერჯერობით კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ეთიოპიური მედიის ცნობით, ნაპოვნია ერთ-ერთი ე.წ. შავი ყუთი. სწორედ ამ მოწყობილობების გაშიფრვის მერე გაირკვევა, რა დაემართა თვითმფრინავს.

Boeing 737 MAX

Boeing 737 MAX არის ახალი თაობის თვითმფრინავი, რომელიც მოიხმარს უფრო ნაკლებ საწვავს და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. მას შემდეგ, რაც ბოინგმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა აღნიშნული თვითმფრინავის წარმოების დაწყების შესახებ, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თვითმფრინავი. 2019 წლის იანვრის მონაცემებით, თვითმფრინავების ამერიკულმა მწარმოებელმა ათეულობით ავიაკომპანიისგან უკვე მიიღო შეკვეთა 5 011 ხომალის დამზადებაზე, საიდანაც 350 უკვე დამზადებულია, დარჩენილი 4 661 თვითმფრინავის მიწოდება კი ეტაპოვრივად, მომდევნო წლებში იგეგმება. მსოფლიოს არაერთი ავიაკომპანია სარგებლობს Boeing 737 MAX-ის სერიის თვითმფრინავებით.

ბოინგის მონაცემებით, Boeing 737 MAX-ის ყველაზე მსხვილი დამკვეთია ამერიკული კომპანია Southwest Airlines (280 ერთეული), მას მოსდევს Fly Dubai (251 ერთეული), Lion Air (201 ერთეული).

ჩინეთმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე დროებით აჩერებს Boeing 737 MAX-ის გამოყენებას. აღნიშნულ ნაბიჯს მიჰყვა ავიაკომპანია Cayman Air, თუმცა დიდი ავიაკომპანიები ამ დრომდე აგრძელებენ Boeing 737 MAX-ით რეისების შესრულებას.

ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც ამ დროისათვის Boeing 737 MAX სერიის თვითმფრინავებს ფლობენ, საქართველოში დაფრინავენ “ფლაი დუბაი”, “თურქეთის ავიახაზები”, “პოლონეთის ავიახაზები”, “სამხრეთ ჩინეთის ავიახაზები”, ასევე, “ყატარის ავიახაზები”. Flightradar24-ის ბოლო ერთი კვირის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით რეისების შესასრულებლად Boeing 737 MAX-ს არ იყენებენ. თუმცა ამ თვითმფრინავებს აქტიურად იყენებენ როგორც ევროპის, ისე  აზიისა და აფრიკის მიმართულებებზე (ჩინეთმა დროებით შეაჩერა მათი გამოყენება).

“თურქეთის ავიახაზებს” მწარმოებლისთვის სულ 75 ცალი Boeing 737 MAX აქვს შეკვეთილი, თუმცა ამ ეტაპზე ამ მოდელის მხოლოდ 7 თვითმფრინავს ფლობს, “ფლაი დუბაი” – 14-ს, “ყატარის ავიახაზები” კი – 5-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი