ახალი ამბები

რუსთავი2: “მუქარის წერილი” გახარიასგან ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ გადასცა

9 მარტი, 2019 • 2157
რუსთავი2: “მუქარის წერილი” გახარიასგან ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ გადასცა

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ადამიანი, ვინც თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს გადასცა შესაძლო მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, არის ბიზნესმენი, თიბისის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძე, რუსთავი2-ის ცნობითვე, მინისტრი გახარიას მეზობელია. რუსთავი2 აცხადებს, რომ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ წინა დღეს გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა მას შუამავლის ხელით, ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”.

ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე პასუხად განმარტა, რომ ხაზარაძემ შუამავალი იმიტომ არ დაასახელა, რომ ეს მასთან არ შეუთანხმებია:

“შუამავლის დასახელება არ მოხდა მარტივი მიზეზის გამო, ეს მასთან არ არის შეთანხმებული და მისი ინტერესებიდან გამომდინარე [არ სახელდება]. დღევანდელი ქმედების შემდეგ, როცა საქმე არ გრძელდება… მე თქვენ ჩამოგითვალეთ 7-8 ადამინი, რომელსაც ამ საქმეზე შეიძლება რამე ეთქვა, არ იქნა გამოკითხული. რატომ უნდა ჰქონდეს მამუკა ხაზარაძეს განცდა, რომ შუამავალი რომ გამოიკითხება, ამით რაიმე დამოკიდებულება შეიცლვება? ჰქონდა პროკურატურას სამუშაო და ეს არ გააკეთა”.

თუმცა შემდეგ კორძაძემ დასძინა: “შუამავლის დასახელება, იდეაში, შუამავლის გადასაწვეტია, რომელიც, შეიძლება, შეიცვალოს და რაღაც ეტაპზე დასახელდეს და თქვას კიდევაც”.

გიორგი გახარია მუქარის ფაქტს უარყოფს და ხაზარაძის განცხადებას “ჭორაობას” უწოდებს.

პროკურატურა ასაჯაროებს წერილს (ასლს), რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა

რას ნიშნავს თიბისის საქმეში მედიის გამოჩენა — სულხან სალაძის მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი