ახალი ამბები

განათლების სისტემის დეპოლიტიზაციის მიზნით ია კერზაიას სახელობის ფონდი დარეგისტრირდა

8 მარტი, 2019 • 1079
განათლების სისტემის დეპოლიტიზაციის მიზნით ია კერზაიას სახელობის ფონდი დარეგისტრირდა

7 მარტს საჯარო რეესტრში ია კერზაიას სახელობის ფონდი დარეგისტრირდა, რომელიც “განათლების სისტემის განვითარებასა და დეპოლიტიზებას” ისახავს მიზნად.

ფონდის დამაარსებელია მოქალაქე ბაჩანა შენგელია, ია კერზაიას შვილი. კერზაია, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი იყო, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, — მას შემდეგ, რაც მის სკოლაში ჩატარებული ინსპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ორგანიზაციის სრული სახელია “ია კერზაიას სახელობის განათლების სისტემის განვითარების და დეპოლიტიზების ფონდი”. დამფუძნებელი ბაჩანა შენგელია წერს, რომ გუნდის ძირითადი ნაწილი უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. სამინისტროს თანახმად კი, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო.

ნახეთ ასევე:

“ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?” — ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრს

მასალების გადაბეჭდვის წესი