ახალი ამბები

ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია – ქადაგიძე TBC-ის საქმეზე

7 მარტი, 2019 • 1923
ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია – ქადაგიძე TBC-ის საქმეზე

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს, 7 იანვარს, სასამართლოში “თიბისი ბანკის” საქმეზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ პროკურატურის კითხვები ეხებოდა ორ საკითხს: რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხედველობის სააგენტოს (რაც განსაზღვრულია კანონდმებლობით) და ახსოვს თუ არა მას 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი.

“არანაირი სხვა საუბარი ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. 2008 წელის 2 სეტემბერს, ოკუპაციიდან სამი კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა. მე ამაყი ვარ იმით, რომ იმ პერიოდში ძალიან მაღალი პროფისიული  გუნდის ხელმძღვანელობა მომიწია, რომელმაც, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, ომისა, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ემბარგოსი, შეძლო შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა და მდგრადობა იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი მეანაბრეების თანხა არ დაკარგულა”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ხაზს უსვამს საჯაროობის აუცილებლობას “თიბისი ბანკის” საქმეში და მხარს უჭერს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

“ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი გამჭვირვალობისა, მეტ კითხვას გააჩენს. საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, მათ დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა. სასამართლო წესით, ცხადია, მზად ვარ ნებისმიერი ტიპის თნამშრომლობისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, ეს საკითხი თავისი მასშტაბიდან, შინაარსიდან, მოცულობიდან გამომდინარე, საჭიროებს ძალიან არგუმენტირებულ და მკაფიო პასუხებს, რომელიც შეიძლება მიღებული იქნას იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოქმედი თუ ყოფილი მოხელე საჯაროდ გააკეთებს კომენტარებს და განმარტებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

“ეს ყველაფერი არა მესამე პირში და ეპიზოდურად უნდა გადმოიცემოდეს, არამედ უნდა ხდებოდეს პირდაპირ ეთერში. ეს არ არის პატარა რიგითი ამბავი”, – დასძინა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ჩვენების მიცემის პროცესმაც დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. ძირითადი კითხვები ზედამხედველობის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს და კონკრეტული შემოწმების აქტს ეხებოდა, რომელიც არის აქტივების ხარისხის შეფასება და უშუალო კავშირში არაა ტრანზაქციასთან.

ქადაგიძე ამბობს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს ეროვნული ბანკისა და საფინანსო რეგულირების სააგენტოს მიერ მისი ხელმძღვანელობის დროს განხორციელებული ნებისმიერ ქმედებაზე. გიორგი ქადაგიძე გამორიცხავს, რომ ზედამხედველებს თავისი მანდატის ქვეშ რამე გამორჩენოდათ,  გულგრილობა გამოეჩინათ ან არ გაეტარებინათ სათანადო საზედამხედველო ზომები.

კითხვაზე, “თიბისი ბანკის” საქმე ფულის გათეთრებას ჰგავს თუ არა, ქადაგიძე პასუხობს:

“როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი, შემიძლია ვთქვა, რომ თუ დამატებითი, ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია. ჩვენ გვაქვს ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. არ არსებობს არანაირი სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაცია ამ საქმეში. ყველაფერი, რასაც შეეძლო ზიანი მიეყენებინა ჯგუფისთვის, უკვე გაცხადებულია. ამიტომ ახლა ამ მიზეზს ამოფარება ბანკის მენეჯმენტისა თუ პროკურატურის მხრიდან არის არასწორი იმ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას აქვს”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი