ეკონომიკა

რა ელის სანქციების ფონზე „ბორჯომს“ და რა არის გამოსავალი

2 მაისი, 2022 • 8726
რა ელის სანქციების ფონზე „ბორჯომს“ და რა არის გამოსავალი

სანქციების ფონზე, „ბორჯომის“ რუსმა ინვესტორმა საწარმოო პროცესი შეაჩერა – მინერალური წყალი, რომელიც ცარისტული და საბჭოთა დროის თუ დამოუკიდებელი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, შეიძლება, აღარ ჩამოასხან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სასიამოვნო სიახლეს“ აანონსებს, პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პერიოდში „ბორჯომით“ დაინტერესებული იყვნენ ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომლის სახელიც ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით ხშირად ისმის.

რა ბედი ელის ბუნებრივ რესურსსა და კომპანიის აქტივებს?

მეფის რუსეთიდან დამოუკიდებლობამდე

ბორჯომის ახლანდელი მფლობელი კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ამ „უნიკალური მინერალური წყლის ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის“, მე-19 საუკუნის ბოლოს კი მისი მოპოვება რუსეთის იმპერიას უკავშირდება.

კერძოდ, ბორჯომის წყარო 1825 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინეს ხერსონის გრენადერთა პოლკის ჯარისკაცებმა.

კავკასიის მთავარმმართებლების, ევგენი გოლოვინის, მიხეილ ვორონცოვისა და მიხეილ რომანოვის პერიოდებში, ბორჯომს განსაკუთრებული ყურადღება არ მოჰკლებია იმპერიის ცენტრის მხრიდან.

რომანოვის სასახლე ბორჯომში (ლიკანი). wikimedia commons

1894 წლისთვის, – იმ დროს, როცა კურორტის ზრდის ფონზე ამ ტერიტორიამდე სარკინიზო ხაზმაც მოაღწია, – ბორჯომის ჩამომსხმელი პირველი ქარხნის მშენებლობა დასრულდა.

1905 წლისთვის, – წარმოების აწყობისა და გარკვეულწილად მექანიზაციის შემდეგ, – „ბორჯომის“ ექსპორტის მაჩვენებელმა 320 ათას ბოთლს მიაღწია.

გასაბჭოების პარალელურად, „ბორჯომის“ პოპულარობა იზრდება – 1953 წლისთვის იმ ადგილთან ახლოს, სადაც 1890 წელს მიხეილ რომანოვმა პირველი ჩამომსხმელი ქარხანა ააშენა, ახალი საწარმო აშენდა.

1961 წლისთვის „ბორჯომის“ ექსპორტმა მსოფლიოს 15 ქვეყანაში 423 ათასი ბოთლი შეადგინა. 1980-იანი წლებისთვის კი „ბორჯომის“, – მთელ საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული მინერალური წყლის, – რეალიზაციამ 400 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.

კომპანიის თანახმადვე, 1990-1995 წლებში, – სსრკ-ის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ფონზე, – „შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო“ „ბორჯომის“ წარმოება საგრძნობლად შემცირდა, წლიურად 5 მილიონ ბოთლამდე.

ინვესტორთა ცვლილებები

საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, „ბორჯომმა“ სამი ინვესტორი გამოიცვალა.

1990-იანი წლების პრივატიზაციის პერიოდში, 1995 წელს, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ („თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა) დააფუძნა კომპანია Georgian Glass & Mineral Water Co. N. V., რომელმაც 1995 წელს მოიპოვა ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია და ჩამომსხმელი ქარხნების მართვის უფლება.

მამუკა ხაზარაძის განცხადების თანახმად, კომპანია 2002 წელს გაასხვისა და „აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners შევიდა“.

„სელფორდის“ დამფუძნებლები იყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და ბორის ბერეზოვსკი.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო დავა ბორის ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის.

ბადრი პატარკაციშვილი და ბორის ბერეზოვსკი

2012 წელს დავა მორიგებით დასრულდა – ბერეზოვსკიმ ბორჯომის 100%-იანი წილი პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო.

2012 წელსვე, დეკემბერში, პატარკაციშვილების ოჯახმა „ბორჯომის“ აქციების 60% მიჰყიდა რუსულ Alfa Group-ს, თავად კი 40% დაიტოვა.

„ალფა ჯგუფი“ რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის საკუთრებაა.

რა ხდება ახლა?

2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას „დროებით“ აჩერებს.

[კომპანია, „ბორჯომის“ ბრენდის გარდა, პროდუქციას ჰყიდის ,„ლიკანის“, „მიტარბის“ და „ბაკურიანის“ ბრენდული დასახელებითაც].

ინვესტორმა ამის მიზეზად უკრაინაში „საომარი მოქმედებები“ დაასახელა.

მის თანახმად, „პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის, – ასევე, საქართველოში „ბორჯომის“ სხვა ფილიალების, – 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ (IDS Borjomi Beverages Company).

ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, რეგისტრირებულია კარიბის ზღვის კუნძულ კურასაოზე (ანტილის კუნძულები, ნიდერლანდები) – ოფშორულ ზონაში, სადაც საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი საგადასახო სივრცეა შექმნილი.

კომპანია აერთიანებს მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

„ალფა ჯგუფის” საკონტროლო, 60%-იან პაკეტს ფლობს რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი.

მიხაილ ფრიდმანი

მიხაილ ფრიდმანი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებში მოხვდა [2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის ფონზე, დასავლეთმა მძიმე სანქციები დააკისრა რუსეთს, ასევე, მთავრობასთან დაკავშირებულ რუს ბიზნესმენებს].

„ბორჯომთან“ დაკავშირებული დისკუსიის დროს, მამუკა ხაზარაძემ და მისმა თანაგუნდელმა ბადრი ჯაფარიძემ „ბორჯომში“ ივანიშვილის ინტერესზე გააკეთეს მინიშნება და განაცხადეს, რომ 1990-იან წლებში ბორჯომის ქარხნების მართვის ტენდერებში მონაწილეობას იღებდა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსული ბანკი „როსიისკი კრედიტი“ და „ქართუ ჯგუფი“.

ამასთან, ინგლისისა და უელსის უმაღლესი კომერციული სასამართლოს 25 მარტის გადაწვეტილების თანმხლები მასალებიდან ჩანს, რომ პატარკაციშვილის მემკვიდრეები 2012 წელს ჩართულნი იყვნენ მოლაპარაკებებში ბორჯომის გაყიდვასთან დაკავშირებით, ხოლო „ბორჯომის“ წილებისთვის, ფრიდმანის „ალფას“ გარდა, იბრძოდა კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანია „სისტემა“.

ევტუშენკოვი-ივანიშვილი

კერძოდ, ამ წყაროს თანახმად, 2012 წლის 23 აგვისტოს რუსულმა კორპორაცია „სისტემამ“ ჯერ 390 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა „ბორჯომის“ ჯგუფში მმართველ წილში, მოგვიანებით კი აქციების 20%-ში 550 მლნ აშშ დოლარს იხდიდა, თუმცა საბოლოოდ ეს გარიგება არ შედგა და 60%-იანი წილი „ალფამ“ შეისყიდა.

„სისტემას“ რუსი ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი ფლობს, რომლის სახელიც მედიაში 25 აპრილს საქართველოსთან დაკავშირებით გახმიანდა. კერძოდ, 25 აპრილს „იუტუბზე“ მომხმარებელმა, სახელით cyber kmara, გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც მომავალ ბიზნესინტერესებზე საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვლადიმერ ევტუშენკოვი.

საქართველოში ევტუშენკოვის პარტნიორია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც ასევე ფიგურირებს აღნიშნულ ჩანაწერში [ხოლო 2020 წლის 12 იანვარს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა „პოლიტიკაში ყოფნისას“ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ მისცა მედიას, განაცხადა, რომ დავით ხიდაშელი არის მასზე „არანკლები ქველმოქმედი და პატრიოტი“, რომლის ვალიც მას მიჰყვება]. ხიდაშელი არის ბიზნესმენი, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინვესტორი, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადაეცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, სწორედ დავით ხიდაშელია. ხიდაშელის განცხადებით, ის 25 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მათ შორის, სატელეკომუნიკაციო, მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით.

რა ელით დასაქმებულებს?

კომპანიაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ „IDS ბორჯომი — საქართველოში“ 1 500 ადამიანი მუშაობს.

მათი დიდი ნაწილი ბორჯომელია ან ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში ცხოვრობს შესაბამისად, შემოსავლის ამ წყაროს შესაძლო დაკარგვა მძიმე კრიზისს გამოიწვევს ადგილობრივებისათვის.

თუმცა კომპანია აცხადებს, რომ დასაქმებულებისათვის ხელფასების გადახდა გრძელდება.

პროფკავშირების თანახმად, ისინი ჩართულნი არიან დამსაქმებელთან მოლაპარაკებებში, თუმცა ამ ეტაპზე, დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ.

რა უნდა ქნას მთავრობამ?

მას შემდეგ, რაც „ბორჯომმა“ წარმოების შეჩერების შესახებ გაავრცელა განცხადება, ქართულ საზოგადოებაში დაიწყო განხილვა კომპანიისა და წარმოების შესახებ, – რა უნდა მოხდეს ახლა და როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ.

„შეიძლება „საირმე“ ან „ნაბეღლავი“ დავლიოთ“ – ასე უპასუხა ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, რა მოხდება, თუკი „ბორჯომი“ წარმოებას შეწყვეტს. თუმცა ვოლსკიმ იქვე განაცხადა, რომ „ბორჯომი“ „ქართული ბრენდია და ძალიან დასანანია, თუ მან საქმიანობა შეწყვიტა“.

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ჩამოთვლის 4 ნაბიჯს, რომლებსაც, მისი თქმით, გადადგამდა „თავმოყვარე და ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება“:

„ნაბიჯი 1: საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის აქტებს კრემლთან დაკავშირებული სანქცირებული ოლიგარქების შესახებ აქვს იურიდიული ძალა საქართველოს ტერიტორიაზე.

ნაბიჯი 2: საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს სანქცირებული ოლიგარქების ქონების გაყინვის და განკარგვის შესახებ.

ნაბიჯი 3: სასამართლო, ახალი კანონის შესაბამისად, ნიშნავს საერთაშორისო რეპუტაციულ დროებით მმართველს დაყადაღებული ქონების სამართავად.

ნაბიჯი 4: დაყადაღებული ქონების საქმიანობიდან და შემდგომი გაყიდვიდან მიღებული ასეულობით მილიონი მიემართება უკრაინაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაბამის ანგარიშებზე, საერთაშორისო პრაქტიკის და პრეცედენტის შესაბამისად“.

„შედეგად, ბორჯომი აგრძელებს საქმიანობას ახალი მმართველის ქვეშ, ხალხი ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი -შემოსავლებს. რაც მთავარია, მოძმე უკრაინასთან ვართ წელში გამართულები და ჩვენი ბიზნესმენები ამაყად იღებენ მონაწილეობას უკრაინის რეაბილიტაციაზე გამოყოფილ მრავალმილიარდიან ტენდერებში“, – მიიჩნევს გიორგი ქადაგიძე.

„საფონდო ბირჟა“?

არსებობს სხვა სცენარებიც, რის შესახებაც პოლიტიკოსები საუბრობენ. მაგალითად, „ბორჯომის“ ყოფილი მფლობელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ბორჯომის“ კრიზისიდან გამოსავალი შემდეგში მდგომარეობს:

„სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე“.

ხაზარაძის თანახმად, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.

განსხვავებული მოსაზრება აქვს რომან გოცირიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი წერს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ „ბორჯომის“ გამოსყიდვა კრიზისის დაძლევის „ყველაზე არასერიოზული ვარიანტია“, რადგან მთავრობას საამისოდ არც საკმარისი ფინანსური რესურსი და „გონივრულად მართვის პერსპექტივა„ არ აქვს.

რომან გოცირიძის თანახმად, კომპანიისთვის ლიცენზციის ჩამორთმევა და ქონების ექსპროპრიაცია „კიდევ უფრო არასერიოზული და არარეალუსტური გამოსავალია“:

„ეს რომ შესაძლებელი იყოს, „ვი-თი-ბი“ ბანკიც კარგა ხნის ჩამორთმეული და გაყიდული იქნებოდა, ისევე, როგორც „როსნეფტის“ მიერ შეძენილი ფოთის ტერმინალი, ან სულაც თელასი“, – მიიჩნევს პარლამენტარი.

[მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 11 თებერვლის ბრძანებით „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ (IDS Borjomi Beverages Co. №.V.) 25 წლით მიანიჭა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. რველის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა წყლის სამეწარმეო დანიშნულებით მოპოვების ნებართვა (მოცულობა (სამივე ჭაბურღილზე ერთად) წელიწადში 365 000 მ​3-ის ოდენობით). ამასთან, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ მინერალური წყლის (ჩამოსხმის) მოპოვების ლიცენზია N10002358 გაცემულია 2009 წელს 25 წლის ვადით – 2034 წლამდე].

რომან გოცირიძის ხედვით, პრობლემის მოგვარების უფრო პერსპექტიული გზა იქნება, რომ 60%-ის მფლობელმა სანქცირებულმა მესაკუთრემ, – ანუ მიხეილ ფრიდმანმა, – თავისი წილის 11 პროცენტი უნდა მიყიდოს სხვა, მინორიტარულ მესაკუთრეს, ან მიყიდოს ეს წილი რომელიმე სხვა ინვესტორს ან საქართველოს მთავრობას.

„ეცდებიან, მთავრობის გარემოცვაზე გადაიფორმონ“

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო, გამოეყენებინა გასული პერიოდი, რათა მოეხდინა რუსული კაპიტალის მკვეთრი შემცირება ქვეყანაში, მათ შორის ბორჯომთან მიმართებაში:

„ნაციონალიზაციის სხვადასხვა სქემა არსებობს. მთავრობას უნდა მიემართა ისეთი სქემისთვის, რომელიც იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებული არიან ამ კომპანიაში, არ შეუქმნიდა საფრთხეს, ხოლო, მეორე მხრივ, ის კომპანიები გადავიდოდა უფრო ქართული, ან გამჭვირვალე ევროპული კომპანიების ხელში“, – ამბობს იგი.

მანანა ქოჩლაძე

მანანა ქოჩლაძე

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბორჯომი პირველი მერცხალია. მას მოჰყვება სხვა რუსული კომპანიები, რომელთა რაოდენობაც ქვეყანაში მრავალია. ეს [აღნიშნული გზით ნაციონალიზაცია] ნამდვილად შესაძლებელი იყო, თუ მთავრობა ამ მიმართულებით დაინტერესდებოდა“, – გვეუბნება მანანა ქოჩლაძე, თუმცა „მთავრობისგან“ მსგავს ნაბიჯებს არ ელოდება. პირიქით:

„მე მგონია, რომ მთავრობის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ რაღაცნაირად უფრო გაუფასურდეს ეს ბიზნესები ქვეყანაში და შემდეგ თვითონ, მთავრობის წევრებმა ისარგებლონ სხვადასხვა ტიპის გარიგებით; თავიანთ თავზე, ან თავიანთ გარემოცვაზე გადაიფორმონ ეს აქტივები“, – გვეუბნება მანანა ქოჩლაძე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა  „ძალიან მალე“ გააცნობს საზოგადოებას „სასიამოვნო ინფორმაციას“ „ბორჯომის“ შესახებ:

„ჩვენი მოტივაცია არის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები… მაგალითად, ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული, ჩვენ ამის შესახებ აქტიურად ვმუშაობთ. ბორჯომის შესახებ ძალიან მალე გეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

2 მაისს ამ საკითხთან დდაკავშირებით ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას არც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ „კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ. მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია, საჯარო გახდეს ასეთი ინფორმაცია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი