ახალი ამბები

სოცმუშაკები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში კითხვებს უსვამენ

5 მარტი, 2019 • 921
სოცმუშაკები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში კითხვებს უსვამენ

5 მარტს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტში სოციალური მუშაკების კითხვებს პასუხობს. მინისტრი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე “ევროპული საქართველოს” მოთხოვნის საფუძველზე მივიდა.

“წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, მნიშვნელოვნად სწრაფად უნდა განხორციელდეს”, – თქვა დავით სერგეენკომ შესავალ სიტყვაში.

მინისტრის თანახმად, 1 თვის წინ შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო (CCM), რომელიც ჯერ ისევ ფორმირების პროცესშია და საბოლოო სტრუქტურა არ აქვს, თუმცა მასში ჩართული არიან სოცმუშაკები. “ამ საბჭოს ფუნქციაა პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა [სოციალურ მუშაკებთან]”, – თქვა მინისტრმა.

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ კომიტეტში სიტყვით გამოვიდნენ სოციალური მუშაკები, რომლებმაც იმ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ხელს უშლით სრულფასოვნად მუშაობაში. მოგვიანებით სერგეენკომ თქვა: “ვადასტურებ, რომ თითოეული [კითხვა და კომენტარი] არის რაციონალური… ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ახალი არ გამიგია. იყო ნამდვილად სიახლეები”.

თავიდან მან “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას უპასუხა სოცმუშაკების ფუნქციებთან დაკავშირებით:

“სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარად ბრუტალურ რეჟიმში. მათთვის ეს შეღავათს არ აკეთებს, მაგრამ იმავე რეჟიმში არიან, მაგალითად, ექიმები. თქვენ დააყენეთ საკითხი, რომ ერთად გვემუშავა იმაზე, რომ მოვალეობის შესრულების დროს თუ ძალადობა იქნა გამოვლენილი, ასეთ შემთხვევაში კანონი მკაცრად მოექცეს მოძალადეს. გეთანხმებით და სათხოვარი მექნება, რომ ექიმებიც შევიყვანოთ იმავე სიაში”, – უთხრა დავით სერგეენკომ ელენე ხოშტარიას.

მინისტრის თანახმად, “არც ჯანდაცვაში და არც სოციალურ პოლიტიკაში არ არსებობს მეორე პრიორიტეტი, ყველა საკითხი არის პირველი პრიორიტეტის. ამიტომ უკიდურესია რთული, რაღაცას უფრო მეტი მივცეთ და რაღაცას უფრო ნაკლები”. ამის შემდეგ სერგეენკომ განაცხადა, რომ მიესალმება, თუკი შემდეგი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში ჯანდაცვის კომიტეტიც მიიღებს მონაწილეობას.

ერთ-ერთი სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩარიცხვის რიგში მყოფ ადამიანს შეეხება ,მინისტრმა პირობა დადო, რომ ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

კომიტეტის სხდომა გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი