ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს კარგავს

4 მარტი, 2019 • 1325
“ევროპული საქართველო” საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს კარგავს

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” პარლამენტარები, მირიან წიკლაური და გია ჟორჟოლიანი, ტოვებენ. ეს ნიშნავს, რომ “ევროპული საქართველო” ავტომატურად კარგავს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, “უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს”.

წიკლაურისა და ჟორჟოლიანის გასვლით უმრავლესობაში 108 დეპუტატი რჩება, უმრავლესობის გარეთ კი — 41. შესაბამისად, იზრდება უმცირესობის ფორმირებისთვის საჭირო კვორუმი და ეს რიცხვი 21 ხდება.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო უმცირესობა იშლება, ვინაიდან ის ზუსტად 20 წევრისგან შედგება.

საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნებას “ევროპული საქართველო” იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუკი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანდება.

27 თებერვალს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პარტიისთვის უმცირესობის შენარჩუნება “მნიშვნელოვანი არ არის” და “მეასეხარისხოვანი საკითხია”.

ნახეთ ნეტგაზეთზე:

უმცირესობის დაკარგვა ან ენმ-სთან გაერთიანება – “ევროპული საქართველოს” დილემა

მასალების გადაბეჭდვის წესი