ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები სასამართლოში სადავო ცვლილებებზე საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

8 სექტემბერი, 2022 • 640
ოპოზიციონერი დეპუტატები სასამართლოში სადავო ცვლილებებზე საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, დეპუტატებმა სარჩელის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. დღეს კი გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, რომელშიც სამართლის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, პაატა მანჯგალაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და ანა ბუჩუკურმა.

პარალელურად სარჩელის ინიციატორი დეპუტატები კონსულტაციებს მართავენ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან, რადგან საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენისთვის საჭიროა სულ მცირე 30 დეპუტატის ხელმოწერა.

სარჩელი “დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ” დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფთან ერთად მოამზადა. სწორედ ისინი იქნებიან საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატების წარმომადგენლები.

სადავო ცვლილებები გასული წლის დეკემბერში “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა დააინიცირა, პარლამენტმა კი დაჩქარებული წესით მიიღო. აღნიშნულ ცვლილების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე წლის გაზაფხულზე სარჩელი შეიტანა ხუთმა მოსამართლემ. ისინი აცხადებდნენ, რომ ცვლილებები შესაძლოა პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების დასასჯელად ყოფილიყო გამოყენებული.

“მოსარჩელეები და იურისტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით: მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება; თანამდებობის დაკავების უფლება; , ასევე, მათივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აძლევს კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას.

“წინამდებარე სარჩელით, საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებთან გასაჩივრებული კანონის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები განასხვავებს ამ სარჩელს უკვე წარდგენილი სარჩელებისგან“,- განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის ავტორები იყვნენ პარლამენტის „ქართული ოცნების“ წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი