საპარლამენტო უმრავლესობიდან კიდევ 1 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა დაიშლება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, “უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს”.
საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა 5-მა დეპუტატმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. ამ მოცემულობით, უმრავლესობაში 110 დეპუტატი რჩება. იმ შემთხვევაში, თუ მმართველ გუნდს კიდევ 1 დეპუტატი დატოვებს, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების რაოდენობა (40-მდე) და, შესაბამისად, უმცირესობის ფორმირებისთვის საჭირო კვორუმი (21-მდე) გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო უმცირესობა იშლება, ვინაიდან ის ზუსტად 20 წევრისგან შედგება.
არსებული უმცირესობის შენარჩუნება იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ მასში “ევროპული საქართველოს” გარდა სხვა წევრები შევლენ. რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე დგომისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობის არარსებობის გამო, “პატრიოტთა ალიანსისა” და ეკა ბესელიას გუნდის წევრების უმცირესობაში გაერთიანება მოსალოდნელი არ არის. ყველაზე მაღალი ალბათობაა, უმცირესობა “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააკომპლექტონ, თუ შესაბამისი სურვილი ექნებათ.
როგორც “ევროპულ საქართველოში”, ისე “ნაციონალურ მოძრაობაში” უმცირესობის ფორმატში შესაძლო გაერთიანებაზე კონსულტაციების დაწყებას სამომავლოდ არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ დღეს ეს საკითხი აქტუალური არ არის.
“უმცირესობის შენარჩუნება ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, მეასეხარისხოვანი საკითხია. სამი ფრაქცია გვაქვს პარლამენტში და ჩვენს საპარლამენტო მუშაობას ხელი არ შეეშლება, თუ უმცირესობას დავკარგავთ. ამიტომ არანაირი ტრაგედია აქედან არ იქნება. ზოგადად, რაც შეეხება კონსულტაციებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ამ თემაზე, კონსულტაციები პოტენციურად ყველა თემაზე შეიძლება გვქონდეს, მათ შორის ამაზეც, მაგრამ ამ წუთში არ მიმდინარეობს და არც იგეგმება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.
ამ ეტაპზე საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციების მიმდინარეობას უარყოფს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
“უმცირესობის დაშლის საკითხი ჩვენ არ გვეხება, არ ვართ უმცირესობის წევრი და მშვენივრად ვართ ფრაქციის რეჟიმში. ამიტომ კონსულტაციებიც არ გვქონია. თუკი მართლა ამდენი ადამიანი გავა უმრავლესობიდან და თუ აღმოვჩნდებით [უმცირესობის დაშლის] ფაქტის წინაშე, მერე შეიძლება ამაზე ფიქრიც”, – ამბობს რომან გოცირიძე.
ნაკლებია ალბათობა, საპარლამენტო უმცირესობა “ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატებმა და “პატრიოტთა ალიანსმა დააკომპლექტონ. მათი რიცხვი ახლა 13-ს შეადგენს, მაშინ როდესაც “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპული საქართველოს” ერთად პარლამენტში 26 წევრი ჰყავს.
რას შეცვლის საპარლამენტო უმცირესობის არარსებობა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში? პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს:
“უმცირესობას, როგორც სუბიექტს, კანონების განხილვის ან სხვა პროცედურისას თავისი დრო აქვს გამოყოფილი. ეს კომპონენტი მოაკლდება პროცედურებს. გარდა ამისა, უმცირესობას ჰყავს თავისი აპარატი, აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი და თავისი ადგილი პარლამენტში. შესაბამისად, ამ პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ”.