პარლამენტარი მირიან წიკლაური ამბობს, რომ “ბავშვის უფლებათა კოდექსში” “მკვეთრად გამოყოფილი” უნდა იყოს ბავშვის “მორალურ, ზნეობრივ პრინციპებზე აღზრდა”.
პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე “ბავშვთა უფლებათა კოდექსს” განხილავენ, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. სხდომას მმკ და სხვები ესწრებიან. მირიან წიკლაური კანონპროექტის თანაავტორია.
“ზოგადად, რა თქმა უნდა, ვეთანხმები [კანონპროექტს], და არამარტო ვეთანხმები, თანაავტორიც გახლავართ. თუმცა ზოგიერთი საკითხი შეიძლება უფრო მკვეთრად გამოყოფილი უნდა იყოს”, – თქვა წიკლაურმა და დასძინა, რომ “ბავშვის მორალურ, ზნეობრივ პრინციპებზე აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის”.
“რა თქმა უნდა, ეს გაფანტულია კანონის სხვადასხვა მუხლში, მაგრამ იქნებ უპრიანი იყოს, რომ რაღაცნაირად გამოვყოთ, სადმე ცალკე ჩამოვაყალიბოთ. იურიდიული ტექნიკით როგორ მოხერხდება, თქვენ, გამოცდილ იურისტს უფრო ხელგეწიფებათ და იქნებ გააკეთო ისე, რომ უფრო მკვეთრად იყოს ეს საკითხი”, – მიმართა წიკლაურმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს.
მანამდე კილაძემ განაცხადა, რომ “მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის, კულტურის, ტრადიციების სიყვარული”.
კიდევ ერთმა პარლამენტარმა, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ “პირველი მუხლის მეორე გ პუნქტში უნდა ჩაიწეროს “ეროვნული ტრადიციების პატივისცემა”.
4 მარტს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტარები განიხილავენ “ბავშვის უფლებათა კოდექსს”, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომას სხვებთან ერთად ესწრებიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები.
მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის, კულტურის, ტრადიციების სიყვარული — კილაძე