ახალი ამბები

ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედება გადავადდება

13 მაისი, 2020 • 1782
ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედება გადავადდება

ბავშვის უფლებათა კოდექსი მიმდინარე წლის 1 ივნისის ნაცვლად 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შესაბამისი შეთავაზებით პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა. სოფო კილაძის განმარტებით, ბავშვებთან არ უნდა იმუშაოს არავინ, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს, კორონავირუსის პანდემიამ კი სოციალური მუშაკების ტრენინგების პრაქტიკული ნაწილი შეაფერხა.

პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი 2019 წლის 20 სექტემბერს სექტემბერს მიიღო.

კოდექსის თანახმად, ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება, ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები.

კოდექსის მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში ბავშვის ოჯახიდან განცალკევების აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს.

ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული ხდება, სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრულველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ და სოციალურ მდომარეობას და დაეხმარებიან მათ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში, რაც მომავალში მშობლებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი.

კოდექსი ითვალისწინებს ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემას – ცხელი ხაზისა და კოორდინატორის სახით.

კოდექსზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, სასამართლო და დამოუკიდებელი ექსპერტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი