ახალი ამბებისაზოგადოება

მედიაში ბავშვისთვის საზიანო შინაარსზე სადავო რეგულაციები ამოქმედდა

1 სექტემბერი, 2020 • 1942
მედიაში ბავშვისთვის საზიანო შინაარსზე სადავო რეგულაციები ამოქმედდა

დღეიდან ამოქმედდა რეგულაციები, რომლებიც ბავშვთა კოდექსის ფარგლებში მიიღეს და მაუწყებლებსა და ვებგვერდებს დამატებით ვალდებულებებს უწესებს,  მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი ბუნდოვნად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ფარგლებში ცვლილება განხორციელდა 21 ნორმატიულ აქტში, მათ შორის, მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში.  კერძოდ, ახალი კანონმდებლობით, მედიით და ინტერნეტით ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება იზღუდება.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ პირველი სექტემბრიდან მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომლებიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკა სიმონიშვილი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რეგულაციის მიხედვით, მშობელს ექნება შესაძლებლობა ინტერნეტ-პროვაიდერს მიმართოს და საკუთარ სერვისზე ამა თუ იმ ვებგვერდის დაბლოკვა მოითხოვოს.

ამასთან, ვებ-გვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ვიდეოები, ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული იქნებიან, ასაკობრივი ნიშანდებები გაუკეთონ, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.

საიას იურისტი განმარტავს, რომ დადგენილებაში, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო, არ არის განმარტება, ეხება თუ არა აღნიშნული ვალდებულება ახალ ამბებსა და საინფორმაციო პლატფორმებსაც. შესაბამისად, წესი ყველა ვებგვერდზე თანაბრად უნდა გვრცელდეს, რაც ნიშნავს, რომ საინფორმაციო გამოცემებსაც მოუწევთ აუდიო/ვიზუალურ კონტენტზე შესაბამისი ნიშანდება განათავსონ.

როგორც “ნეტგაზეთს” კომუნიკაციების ერორვნული კომისიიდან აცნობეს, ვებგვერდმა საკუთარი მასალა უნდა შეაფასოს და საიტზე შესაბამისი ნიშანდება მიუთითოს, თუ რა ასაკობრივი ჯგუფის კონტენტს ქმნის.

რაც შეეხება ვებ-გვერდების მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებს, მათ შორის, აქციებს, დაპირისპირების, ძალადობის და  ა.შ. გაშუქებას,  კომისიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ვებ-გვერდებმა ასეთ დროს კანონით  განსზღვრული შესაბამისი  ნიშანდებები უნდა ამოანათონ, თუმცა აღნიშნული რეგულაციები არ ეხება Facebook-ის და Youtube-ის გამოყენებით ჩართულ პირდაპირ ეთერებს და სამაუწყებლო გადაცემებსა და პროგრამებზე ვრცელდება. 

მაგალითისთვის, ასე გამოიყურება საინფორმაციო ვებგვერდები ნიშანდებით.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ.

ცვლილებები ეხება მაუწყებლებსაც, რომლებმაც საკუთარი ბადე უნდა დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს.

კომისიის განცხადებით, ტელეკომპანიები ვალდებული არიან, საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის- 6 საათიდან 23 საათამდე; 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის -6 საათიდან 21 საათამდე, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის- 6 საათიდან 21 საათამდე:

“იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ” ,- აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაუწყებლებმა კომისიას განმარტებებისთვის კითხვებით მიმართეს. ტელეკომპანიების წარმომადგენლები კომუნიკაციების კომისიისგან ტერმინების განმარტებას ითხოვდნენ და აინტერესებდათ, ეხება თუ არა რეგულაციები საინფორმაციო ხასიათის პროგრამებსაც, მათ შორის ახალ ამბებში გასულ სიუჟეტებსა და პოლიტიკურ ტოკ-შოუებს. მაგალითისთვის, შეეძლებათ თუ არა აქციაზე მომხდარი დაპირისპირების კადრების ჩვენება 00:00 საათამდე საინფორმაციო გამოშვებაში.

ამასთან, მაუწყებლებს აინტერესებდათ, როგორ უნდა ემოქმედათ პირდაპირი ეთერის რეჟიმში და როგორ განემარტათ ტერმინები “აფერხებს ბავშვის განვითარებას” და მის “დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას”.

საპასუხოდ, კომისიაში მაუწყებლებს განუცხადეს, რომ მსგავსი რეგულაციები მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ფარგლებში 2009 წლიდან სავალდებულოდ შესასრულებელია:

“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მაუწყებლებს არ გასჩენიათ რაიმე სახის არსობრივად ახალი ვალდებულება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ვალდებულებები მაუწყებელბისათვის სავალადებულოდ შესასრულებელი 2009 წლიდან არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებს უკვე უნდა ჰქონდეთ აღნიშნული ნორმების პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხანგრძლივი გამოცდილება და ეფექტიანი თვითრეგულირების პირობებში არაერთი განხილული საქმეც უნდა არსებობდეს”, – უთხრეს კომისიაში მაუწყებლებს.

კომისიაში აცხადებენ, რომ  აღსრულების პროცესში არსებული პრობლემების, მათ შორის, ნორმათა ბუნდოვანებისა და შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე, მაუწყებლების მიერ არცერთი განცხადება კომუნიკაციების კომისიაში არ შესულა, რის საფუძველზეც აცხადებენ, რომ გაუგებარია ამ საკითხის ამჟამად წამოწევა:

“თუ ნორმები გასაგები და აღსრულებადი იყო მაუწყებლების მიერ დღემდე, სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არის ის ბუნდოვანი და აღუსრულებადი დღეს. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელ კრიტერიუმებში გამოყენებული ტერმინების დიდი ნაწილი განმარტებულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“, ხოლო თავად ქცევის კოდექსში გამოყენებული ტერმინები და რიგი რეგულაციებისა დიდწილად ეფუძნება ოფკომის (დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის) მიერ შემუშავებულ მაუწყებლობის კოდექსს.

რაც შეეხება მაუწყებლების მიერ აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომისიის რეაგირებას, მოგეხსენებათ, რომ კომისია ნებისმიერი სამართალდარღავევის საკითხს განიხილავს საჯარო სხდომაზე, ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, მათ შორის ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით და მათი მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმენის შემდეგ. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მორატორიუმი გამოაცხადოს კანონით მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე” ,- ამბობენ კომისიაში.

პასუხი კვლავ ბუნდოვანია მაუწყებლებისთვის. ტელეკომპანიების წარმომადგენლების თქმით, კომისიას მათ არცერთ კითხვაზე არ გაუცია კონკრეტული პასუხი. მათი თქმით, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დარღვევაზე მიღებული შედეგი (რომელსაც მაუწყებელი ადგენდა თვითრეგულირების ფარგლებში, განსხვავებულია კანონის დარღვევით მიღებული შედეგისგან, რომელსაც კომისია მიიღებს, რასაც მოწმობს კანონში გაწერილი სანქციებიც, მათ შორის, კომუნიკაციის ეროვნული კომისიისთვის მინიჭებული ბერკეტი მაუწყებლებისთვის საქმიანობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით.

რეგულაციებში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, ერთობლივი წერილით კომისიას კლავ მიმართა “მთავარმა არხმა“, “კავკასიამ, “ტვ პირველმა“, “ფორმულამ” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა.

რეგულაციებს აკრიტიკებს არასამთავორბო ორგანიზაციების ნაწილიც. “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონი ბუნდოვანია და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რადგანაც, მათი შეფასებით, მაუწყებელთა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შინაარსობრივ ფილტრს წარმოადგენს.

GDI-ს განცხადებით, კანონში გამოყენებული ტერმინები იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს მისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს, რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა, რაც საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლებს, მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას, იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს:

“მიგვაჩნია, რომ ნორმები არღვევს მაუწყებელთა კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის მოთხოვნებს. ნორმები ასევე არღვევს შემოქმედების თავისუფლებას, რადგან შემოქმედების მხოლოდ კონკრეტული შინაარსითა და კონკრეტულ დროს საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს მის ავტორებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები სავალდებულოდ განსაზღვრავს, თუ რა შინაარსის ინფორმაცია შეუძლია გაავრცელოს მაუწყებელმა და ასეთის განსაზღვრის შესაძლებლობა მხოლოდ კომისიას ანიჭებს. მაგალითად, GDI-ს თქმით, კომისია დაადგენს, რა არის შეურაცხმყოფელი ლექსიკა, რა  არის სექსუალური სცენა, რა არის ოკულტიზმი ან მისი მსგავსი მოვლენა.

სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის კანონმდებლობა კი სპეციალურ, უფრო მკაცრ სანქიცირების წესს ითვალისწინებს – პირველ შემთხვევაში- ჯარიმას, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე მოთხოვნების დარღვევისას მაუწყებელს უპირობოდ უჩერდება ლიცენზია:

“მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია. მაშინ, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.

სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, სარჩელით ასევე ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას. მიგვაჩნია, რომ ნორმებს აქვს რესურსი უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ მათში ჩამოთვლილი ინფორმაციის, არამედ იმ ინფორმაციის გავრცელებაზეც, რაც სცდება მათი დაცვის სფეროს და რომელზე წვდომაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.  მაუწყებელთა საქმიანობის შეჩრების საფრთხე და ინფორმაციის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა კი შეუქცევად ზიანს წარმოადგენს როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ინფორმაციის მიღება” ,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


“ბავშვის უფლებათა კოდექსი” საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო და 2020 წლის პირველი სეტემბრიდან ამოქმედდება. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ცვლილება განხორციელდა 21 ნორმატიულ აქტში, მათ შორის, მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

“ტომი და ჯერი” და სხვა – დიდებისთვის საშიში ბავშვთა კოდექსი? 

მასალების გადაბეჭდვის წესი