ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

კოტე ჯინჭარაძე, ასიდა აგირბა და მისტიფიკაციები

4 მარტი, 2019 • 3780
კოტე ჯინჭარაძე, ასიდა აგირბა და მისტიფიკაციები

ავტორი: ნინო ძანძავა


ბოლო ერთი კვირაა ქალაქ თბილისი და ქალაქელები მისტიფიკაციების საბურველში გაეხვნენ. ამ დღეებში ქალაქმა შეიტყო, რომ პოლიტიკოსი არჩილ თალაკვაძე მხოლოდ პოლიტიკოსი არ არის, ის პოეტიცაა. ფაქტის დადასტურების შემდეგ, ამავე ქალაქის მცხოვრებმა, მოქალაქე პოეტმა შოთა იათაშვილმა თალაკვაძის ლექსი ჯერ საკუთარ ნამუშევრად გამოაცხადა, ხოლო შემდეგ უარყო ლექსის ავტორობა, რითაც  მკითხველებში დაბნეულობა და შფოთვა გამოიწვია. ის წელიწადის ლიტერატურული მისტიფიკაციის ავტორად მოგვევლინა. ლიტერატურულ-პროვოკაციული ბურუსი 2019 წლის მარტის პირველი კვირის მიწურულს ხელოვნების სხვა დარგს, კერძოდ კი, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას გადაედო. გადამდები აგენტის ვინაობა ჯერ დაუდგენელია, თუმცა საქმეში გარეულია დაუდასტურებელი ფაქტების კვლევითი ინსტიტუტი (დაფკი). ინსტიტუტის ფარული ინსპირაციით, კობა და კოტე ჯინჭარაძეეებმა ამჯერად  უკვე სახელოვნებო მისტიფიკაცია მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე გალარეა „რკინის ხიდში“ ჩაიდინეს. ვინ იქნება შემდეგი?

მსგავსი პათოსითა და სტილით, ოღონდ მეტი სერიოზულობით არის დაწერილი კოტე ჯინჭარაძის და კობა ჯინჭარაძის მულტიმედიური სახელოვნებო პროექტის, „ასიდა აგირბას“ აღწერილობა, რომელსაც ამ დღეებში გალერეა „რკინის ხიდი“ საგამოფენო ობიექტებთან ერთად სთავაზობს დამთვალიერებელს.

რამდენიმე წლის წინ 13 წლის აფხაზი გოგონა, ასიდა, თბილისში მკურნალობის კურსს გადიოდა და საავადმყოფოში ყოველდღიურად ხატავდა. ფეისბუკის ანონსის მიხედვით, „რკინის ხიდში“  დაგეგმილი იყო მისი ნახატების ასლების მულტიმედიური გამოფენა.

ჩაბნელებულ ოთახებში კედლებზე პოლიეთილენის შავი ცელოფანია გადაკრული, ცელოფნიან ზედაპირზე კი ფერად-ფერადი, ნიჟარის მსგავსი სამგანზომილებიანი ობიექტები კიდია. ყოველი კედელი მინიმუმ 100 ობიექტს იტევს. თითოეული მეორისგან განსხვავებულია, მოხატულობა არ მეორდება. „ნიჟარების“ შესწავლა მხოლოდ ფანრის მინათებითაა შესაძლებელი. ფანრის კონცენტრირებული შუქის არეალში მოხვედრილი ჭრელი სხეულის ახლოდან დაკვირვებით და დაყნოსვით ხვდებით, რომ თქვენ წინაშე ფორთოხლის გამომშრალი და მორთულ-მოკაზმული ქერქია. მიმართულ შუქზე ამონათებული სხვადასხვა ფერის წერტილები, ლაქები, ხაზები, გეომეტრიული ფორმები, სხვა დამთვალიერებლების ერთმანეთში აზელილი სილუეტები, ჩრდილები, ლანდები, ზღვის ხმაური და სიბნელე ჯადოსნურ მღვიმეში ყოფნის ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის.

ესთეტიკური სიამოვნების ემოციურ შთაბეჭდილებას  ფეისბუკის გვერდზე წაკითხული გამოფენის შინაარსიც აძლიერებს, რომელიც სიბნელეში ბორიალისას უწყვეტად გახსენებს თავს. კედლის მიერ ორ ნაწილად გაჭრილი საწოლის ინსტალაცია გაფიქრებს, თუ როგორი მტანჯველი და, ამავდროულად, ხელოვნებით შთაგონებული უნდა ყოფილიყო საავადმყოფოში სამკურნალოდ მყოფი აფხაზი გოგონას მდგომარეობა. საწოლი ორივე მხრიდან შეზრდილია კედელში, რომელიც ერთდროულად არის ამ ნივთის გამყოფიც და გამაერთიანებელიც, მტერიც და მოყვარეც.

გამოფენის კიდევ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს ზღვის ვიდეოპროექცია და ერთი ფოტო წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ასიდა აგირბას ამსახველი ერთადერთი გამოსახულებაა, რომელიც გამოფენის ავტორებს ჩაუვარდათ ხელში.

აფხაზეთის თემაზე რეფლექსია ქართულ ხელოვნებაში არაერთხელ მომხდარა. ამის მაგალითია ნატა სოფრომაძის, ანდრო ვეკუას, პაპუნა პაპასკირის, ნინო კალანდიას  და სხვათა შემოქმედება. 

მაგრამ თუკი ჩამოთვლილი ხელოვანების მუშაობა აფხაზეთთან დაკავშირებული მეხსიერების გამოწვევის ერთგვარი აქტია, „რკინის ხიდის“ გამოფენა წარსულთან შეჭიდების თუ წარსულში განხორციელებული ქმედებების რეზულტატის ჩვენების ნაცვლად აწმყოთი ნაკარნახევ მომავლის პერსპექტივას გვაჩვენებს. კოტე და კობა ჯინჭარაძეები თხზავენ ისტორიას, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო და რომელიც შეიძლება იქცეს ინსპირაციულ მაგალითად მომავლისთვის. ვინაიდან სინამდვილეში არ არსებობს კონკრეტული ასიდა აგირბა, თუმცა გამოგონილი ასიდა აგირბა ბევრი აფხაზის პროტოტიპი შეიძლება იყოს, რომლებიც მართლაც გადიან სხვადასხვა სახის მკურნალობას თბილისის თუ საქართველოს სხვა ქალაქების საავადმყოფოებში. სწორედ ამიტომ, ძნელია გამოიცნო მისტიფიკაცია თვალიერების პროცესში, თუკი დათვალიერებამდე გამოფენის კონცეფციას არ გაეცნობით. კონცეფცია კი ფილმის ვრცელ სინოფსისს ჰგავს, ოღონდ არა ნებისმიერი ფილმის, არამედ, მაგალითად, პიტერ გრინუეის ფილმის, სახელწოდებით „ვარდნები“.

ფსევდოდოკუმენტური ფილმი „ვარდნები“ (The Falls) ეკრანებზე 1980 წელს გამოვიდა. ის სწავლობს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობებს, რომლებიც „სასტიკი უცნობი მოვლენის“ მიერ არის გამოწვეული. გრინუეი მისთვის დამახასიათებელი ირონიით ამასხარავებს დოკუმენტური ქრონიკებით შექმნილ ფილმებს, რომლებიც მაყურებელს ე.წ. უტყუარი ფაქტების ჩვენებით რეალურ ისტორიულ მოვლენებს აცნობს. „ვარდნებში“ გრინუეიც იყენებს ქრონიკას, ოღონდ მისი ქრონიკა დადგმულია, თანაც ქრონიკის ვიზუალური ესთეტიკისა თუ თხრობითი ნარატივის ყველა არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

ასევე დადგმულია კოტე ჯინჭარაძის გამოფენაც, თუმცა მასთან ფაქტები და მოვლენათა ჯაჭვი, შინაარსობრივად, სინამდვილესთან ახლოს მდგომია, რეალისტურია. გამოფენის კონცეფტუალური ჩანაფიქრი, რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესო და სხარტად დაწერილი ტექსტია, გასცემს ავტორებს. უფრო სწორად, ავტორები იქნებ სპეციალურად გასცემენ საკუთარ თავს და დამთვალიერებელს დაეჭვების თავისუფლებას უტოვებენ. მულტიმედიური პროექტის ძალა კი სწორედ ის არის, რომ ტექსტის გაცნობის გარეშეც ინარჩუნებს მაყურებელზე ზემოქმედების ძალას. ის გვერდითი კომპონენტია, რომელიც დამატებით სიღრმეს სძენს ავტორების ჩანაფიქრს.

დაბოლოს, შესაძლოა რუსი მესაზღვრე, რომელიც ამბის მიხედვით, აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე ასიდა აგირბას ნამუშევრებს ჩამოართმევს და მის თვალწინვე გაანადგურებს, ძალიან ხისტად მოცემული პერსონაჟი იყოს და შესაძლოა ვინმემ მთელი კონცეფცია აფხაზურ-ქართულ-რუსული კონფლიქტის მითოლოგიზების მცდელობად მიიჩნიოს, მაგრამ ავტორთა ჩანაფიქრი საკითხზე ღრმა რეფლექსიის შედეგია და ცდილობს პოზიტიური მაგალითების, თუნდაც შეთხზული მაგალითების ჭრილში გაიაზროს მხარეებს შორის არსებული ჯერ კიდევ მწვავე პოსტკონფლიქტური მდგომარეობა.


მასალების გადაბეჭდვის წესი