ავარიის შედეგად 24 წლის სოფო სეფიაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება…“ (ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.) მეხუთე მუხლი კი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, სართიჭალა-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ მარტყოფის გადასახვევთან მოხდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (ICK), გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსს მეორეხარისხოვანი გზიდან დიდი სისწრაფით მომავალი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი რამდენჯერმე გადაბრუნდა, კარი გაიღო და მგზავრები გარეთ გადმოვარდნენ. „ფორდ ტრანზიტით“ სეფიაშვილების ოჯახის წევრები დასასვენებლად ბათუმში მიდიოდნენ. დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ჩვილი ბავშვი, გარდაცვლილის შვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი „ნეტგაზეთთან” უარყოფს ICK-ს ინფორმაციას იმის შესახენ, რომ გამოძიება გარდაცვლილის მეუღლეს გიორგი თვალმიხელაშვილს პოლიციელ რევაზ თევდორაშვილის ძარცვას რომ ედავება. ICK-ის ინფორმაციით, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით მომზადდა, ოჯახს არაერთხელ დაუკავშირდნენ იმის დასადგენად, აქვთ თუ არა პრეტენზია მომხდარის გამო და აპირებენ თუ არა მძღოლს უჩივლონ. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უპასუხეს, რომ ავარია შსს-ს თანამშრომლის რევაზ თევდორაშვილის ბრალეულობით მოხდა და მან პასუხი უნდა აგოს, გამოძიება გარდაცვლილი სოფო სეფიაშვილის მეუღლის გიორგი თვალმიხელაშვილის წინააღმდეგ პოლიციელ რევაზ თევდორაშვილის ძარცვის ბრალდებით დაიწყო.
ICK -ს ცნობით, რევაზ თევდორაშვილმა გაქცევა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. გაქცევის მცდელობისას მას ტელეფონი დაუვარდა. სოფიკო სეფიაშვილის მეუღლემ ოპელის მძღოლის ტელეფონი აიღო, გაქცევის შემთხვევაში მისი ვინაობა დადგენის მიზნით. გამოძიება კი გარდაცვლილის მეუღლეს ედავება, რომ მან „ოპელის“ მძღოლი, პოლიციელი რევაზ თევდორაშვილი გაძარცვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ავტომანქანის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ან როდის დაადგენს ექსპერტიზა, იყო თუ არა ნასვამ მდგომარეობაში პოლიციელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭეს მართავდა.
