ახალი ამბები

მოსავლის აღება პოლიციის თანხლებით

20 აგვისტო, 2014 • 918
მოსავლის აღება პოლიციის თანხლებით

 

მაგული იაკობაძის ოჯახი
მაგული იაკობაძის ოჯახი

მაგულისა და მაყვალას ძმა ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული და პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულის დები და მათი მცირეწლოვანი ბავშვები სოფლიდან დაზარალებულების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გამოასახლეს. თითქმის ერთი თვეა გამოსახლებული ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

 

 

მაგული ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ტანზე ბენზინი გადაისხა და ახალციხის პოლიციის შენობაში თავის დაწვით იმუქრებოდა. როგორც ამბობს, საკუთარ სახლში დაბრუნება პოლიციის თანხლებით სწორედ ამის შემდეგ შეძლო: „მეუბნებიან, რომ მოსავალი უნდა ავიღო და სახლიდან წავიდე. სახლს ვერ ვყიდი. მაშინ მოვიდეს მთავრობიდან ვინმე, ვინც ჩემს სახლსა და ქონებას შეაფასებს, გამიყიდონ აქაურობა და წავალ სხვაგან. მე სახელმწიფოს დახმარებას არ ვთხოვ, მაგრამ რომ ავდგე და ამ სოფლიდან წავიდე, რა ვუყო ჩემს შვილებს _ სწავლა უნდათ, ჭამა, თავშესაფარი, მაშინ მომანიჭონ დევნილის სტატუსი, მე თუ დამნაშავე ვარ, დამსაჯონ…“

 

 

მაყვალა ამბობს, რომ მისი 15 წლის გოგონა ავად არის, მაგრამ ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვს.

 

 

მაყვალა წალკაში ნათესავებს შეეკედლა, ქმართან და შვილებთან ერთად რამდენიმე დღეა იქ ცხოვრობს. ის ირწმუნება, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი პოლიციელებმა ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს. ამ ფაქტის შესახებ „ბათუმელებმა“ გენერალურ ინსპექციას 2 კვირის წინ აცნობა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინაპექციაში შესული თქვენი  შეტყობინების პასუხად გაცნობებთ, რომ გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად სამინისტროს თანამშომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

უწყების ცნობით, შს სამინისტროს ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვაჩიანის პოლიციაში შექმნილია პროფილაქტიკური საქმე (სამეთვალყურეო),    იაკობაძეების ოჯახის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

 

რაც შეეხება მაყვალა იაკობაძის სოფელში დაბრუნებას, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ ოჯახი შინ დაბრუნებას მოითხოვს, პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს და დაიცავს მათ უსაფრთხოებას.

 

 

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. მიხეილ მინდაძე, სახალხო დამცველის რეგიონული სამმართველოს უფროსი: „ჩვენ ჩართულები ვართ ამ საქმის შესწავლაში მას შემდეგ, რაც მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. პოლიციამ მუშაობაში ჩვენს წარმომადგენელსაც შეუშალა ხელი.  შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაქვს მიმართვა გაგზავნილი, პასუხი არ მიგვიღია.

 

 

ჩვენ გვაქვს ოჯახის წევრების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე ხდებოდა ზეწოლა, ითხოვენ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ პოლიციამ უზრუნველყოს ამ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი