ახალი ამბები

MDMA-ის და “მეტამფეტამინის” მინიმალურ ოდენობაზე დაწესებულ სასჯელს, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

26 თებერვალი, 2019 •
MDMA-ის და “მეტამფეტამინის” მინიმალურ ოდენობაზე დაწესებულ სასჯელს, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაცია სასამართლოში მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების (0,000305 გრამი ,,მდმა“ და 0.000106 გრამი ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) ფლობის კრიმინალიზებას და ამ ქმედებისთვის სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას ასაჩივრებს.

“მოქმედი კანონმდებლობით, რიგი ნარკოტიკული საშუალებისთვის არ არის განსაზღვრული მცირე, ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა და, შესაბამისად, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების უმცირესი დოზით ფლობაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მაშინ როდესაც ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების (მაგალითად, მარიხუანა) მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა, ან მისი მოხმარება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამგვარი რეგულირებით, კანონმდებლობა განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ პირებს,”-წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობაზე ორი განსხვავებული რეგულირების და სამართლებრივი რეჟიმის გავრცელება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, ისევე როგორც კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის პრინციპს.

“ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციების დადგენით და უმაღლესი სასჯელის ზომის დაწესებით, კანონმდებლობა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ინსტრუმენტალიზებას ახდენს, ნარკოტიკული დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით,”-აცხადებენ EMC-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი