ახალი ამბები

კვიციანი სპეცსამსახურებს “დემოგრაფიული ცენტრისთვის” პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს

26 თებერვალი, 2019 • 1636
კვიციანი სპეცსამსახურებს “დემოგრაფიული ცენტრისთვის” პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ემზარ კვიციანის განცხადებით, მისი ინიციატივით შექმნილ “დემოგრაფიის ცენტრს” სპეცსამსახურები პრობლემებს უქმნიან. ამის შესახებ მან პორტალ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“სპეცსამსახურებმა მიაკითხეს უკვე იმ ბიზნესმენებს, რომ შეაჩერონ რაიმე დახმარება ამ ცენტრის მიმართ და ეს არის უკვე ყველაზე ცუდი მომენტი. ამიტომ, ვაფრთხილებ იმ სპეცსამსახურებს,  რომ გაჩერდნენ, შეჩერდნენ და მიატოვონ სამშობლოს ღალატი”, – თქვა მან.

კვიციანი ასევე გამოეხმაურა აღნიშნული ცენტრის ირგვლივ მედიაში გავრცელებულ ცნობებს და განაცხადა, რომ მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს საკითხი “საღლიცინოდ” აქცია. მისი თქმით, წყვილების აღრიცხვა უბრალოდ საუბრის თემა იყო და არა ცენტრის მოვალეობა.

“ცენტრის შექმნა იყო დაკვეთილი ემიგრანტებისაგან. იმ ემიგრანტებისაგან, რომლებიც არიან წარმატებული ბიზნესმენები, მაგრამ ეს ყველაფერი შემოატრიალეს, თითქოსდა შეყვარებულების აღრიცხვა ხდება. ეს უბრალოდ საუბრის თემა იყო და საუბარში ითქვა ეს სიტყვა. მაგრამ გამოეკიდნენ ამას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საჰაჰაოდ ექციათ… ეს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მაგრამ არაფერი გამოუვათ”, – აღნიშნა კვიციანმა.

როგორც კვიციანის ინიციატივით შექმნილი ცენტრის დამფუძნებლის, ნუკი შალამბერიძის 22 თებერვლის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, ცენტრის პროექტი ითვალისწინებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მხოლოდ იმ ახლად შექმნილი ოჯახებისათვის, რომელთაც “აქვთ მთაში დასახლების სურვილი”.

დღეს ემზარ კვიციანმა აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სურს, დაარეგისტრიროს ცვლილებები მთის კანონში, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსს ადამიანები მთაში დასახლებიდან არა 9 თვეში, არამედ 1 თვეში მიიღებენ.


“პატრიოტთა ალიანსი” ლიდერი, პარლამენტარი ემზარ კვიციანი 17 თებერვალს იუწყებოდა, რომ საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლები ივლიდნენ და აღრიცხავდნენ წყვილებს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო ოჯახებს ვერ ქმნიან.

როცა ფონდის დაარსებას აანონსებდა, კვიციანი აცხადებდა:

“მალე დაფუძნდება ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას იმის გამო, რომ არა აქვთ საშუალება? იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ… აღრიცხავენ, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი