ახალი ამბები

კვიციანი რიგგარეშე სხდომების და არჩევნების დისტანციურად ჩატარების მომხრეა

18 მარტი, 2020 • 1087
კვიციანი რიგგარეშე სხდომების და არჩევნების დისტანციურად ჩატარების მომხრეა

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი მომხრეა, პარლამენტმა დისტანციურად იმუშაოს არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში, არამედ რიგგარეშე პლენარული სესიების დროსაც.

“ასეთი პატარა აზრი გამიჩნდა, რომ არამარტო საგანგებო სიტუაციების დროს, რიგგარეშე სხდომებიც შეიძლება, დისტანციურად ჩატარდეს, არა?! ძალიან ხშირ შემთხვევაში გასულია ხალხი ქალაქიდან, რიგგარეშე როცა ტარდება. იდეა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ეს გაამართლებს აუცილებლად. დღევანდელი საშუალებებით, რაც არის ტექნოლოგიურად, არაფერი გასაჭირი არ იქნება, რომ ეს გაკეთდეს. არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კანონპროექტის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი