ახალი ამბები

კვიციანის ულტიმატუმი: რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

21 ივნისი, 2020 • 1454
კვიციანის ულტიმატუმი: რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარლამენტარი ემზარ კვიციანი ითხოვს, არჩევნებში ხმის მიცემა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიზანიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სისტემის ცვლილებაა.

“არის თუ არა შესაძლებელი, რომ არჩევნები გავხადოთ სავალდებულო? ერთხელ მოვსინჯოთ, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, მშვიდობიანი არჩევნები კარგია, მაგრამ სამართლიანი ყველას სჯობს. ყველა გვეუბნება , რომ არჩევნები უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი არჩევნებზე”, – თქვა ემზარ კვიციანმა. მისი თქმით, თუ არჩევნებში ხმის მიცემა ყველასთვის სავალდებულო იქნება, ის ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მომხსენებელია, კვიციანს აუხსნა, რომ ხმის მიცემის სავალდებულოდ გამოცხადება ეფექტიანი ვერ იქნება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია არჩევნები მონაწილეობა სავალდებულა და მიუხედავად ამისა, აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, როგორც ის ამბობს. ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.

ემზარ კვიციანმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ის ტოვებს “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციასა და თავად პარტიას.

“აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი!”, – ასე განმარტა მან თავისი გადაწყვეტილება.


დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ პირველი მოსმენით. ამ ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული). ამ ცვლილებებით, პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახონ 1%-იანი ბარიერი, გარდა ამისა, თუ პარტიას არ ექნება მიღებული ხმების 40%-ზე მეტი, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ ცვლილებების მიღებას კი, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდება. ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი