ახალი ამბები

აღდგომას რომ არ დაემთხვეს, 20-დღიანი საგანგებო ხომ არ ჯობდა? – კვიციანი

21 მარტი, 2020 • 1841
აღდგომას რომ არ დაემთხვეს, 20-დღიანი საგანგებო ხომ არ ჯობდა? – კვიციანი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის საგანგებო პლენარულ სესიაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობას განიხილავენ, მთავრობის წარმომადგენლებს ჰკითხა:

„19 აპრილს არის აღდგომა. 21-ში არის საგანგებო ვითარების ბოლო ვადა. 20 დღით რომ ყოფილიყო გამოცხადებული, რამე ხომ არ დაშავდებოდა? და, საერთოდ, როგორ იქნება? წირვას ჩაატარებს პატრიარქი თვითონ, ათიათასობით ადამიანი იქნება მოსული და იქნება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა მათზე დაკისრებული“?

კვიციანმა ასევე იკითხა იყო თუ არა პატრიარქი ილია II ჩართული საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რამდენიმე წუთში მთავრობის წარმომადგენელმა კვიციანს უპასუხა, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გაუქმდეს ვითარების აღმოფხვრის შემთხვევაში, თუნდაც 10 დღეში, თუკი ვითარება [კორონავირუსით გამოწვეული] აღმოიფხვრება. მას არ უპასუხია საპატრიარქოს და ილია II-ის ჩართულობაზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება.

გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც მან განაცხადა: „საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.

წინა დღეს, 20 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მრავალსაათიანი კრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება ჩერდება და არც ზიარების წესი იცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი