ახალი ამბები

დღეს იყო მძიმე დარტყმა პარლამენტარიზმისთვის – ბოკერია

26 თებერვალი, 2019 • 1337
დღეს იყო მძიმე დარტყმა პარლამენტარიზმისთვის – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი პარტიის კიდევ ერთ სამარცხვინო ლუსტრაციას უწოდებს პარლამენტის კომიტეტის სხდომის ჩაშლას, სადაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკის საკითხზე უნდა ესაუბრათ.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაც მოდის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც არაფორმალურ მმართველის უწოდებს. მისი თქმით, მხოლოდ ივანიშვილს აქვს ძალაუფლება, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს:

ივანიშვილმა გახსნა ეს სეზონი და ბოლომდე მიჰყავს საქმე ისე, რომ სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც იყენებს; დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტით, გაგრძელებული უმრავლესობის წევრებით, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ არ უნდათ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, თუ როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის და მისი მმართველების წინააღმდეგ. ოღონდ პარადოქსი ის არის, რომ ამ საქციელით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რამდენად აშკარაა ის დაკვეთა, რომელიც დღეს შეასრულა პარლამენტის კომიტეტმა, სამწუხაროდ. მან არ მოგვცა შესაძლებლობა, კითხვები დაგვესვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის და მოგვესმინა თიბისი ბანკის ხელმძღვანელებისთვის.”

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, დღეს იყო მძიმე დარტყმა პარლამენტარიზმისთვის, რადგან გამოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრები ანგარიშვალდებულებაზე უარს მაშინ იტყვიან, როცა აწყობთ. გარდა ამისა, ბოკერიას განცხადებით, ეს იყო უტიფარი დემონსტრირება იმისა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა სრულდება ყველა შტოს მიერ:

აქამდე იყო პროკურატურა, მერე ეროვნული ბანკი და დღეს საპარლამენტო უმრავლესობა. ეს არის მძიმე რეალობა ჩვენი ქვეყნის, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მხილება, სანამ არ შევცვლით ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების გზით.”

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას მიმართაც იყო უმრავლესობის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ზეწოლა:

ეს ფაქტია. თვითონ როგორც იქცეოდა [კაულია], ამის დასტურია. პირდაპირი ზეწოლა იყო მასზე უმრავლესობის მხრიდან და ამას არც მალავდნენ საჯარო გამოსვლებისას. ეს იყო დაკვეთა, რომ არ დაეშვათ გვენეტაძის გამოჩენა სამარცხვინო შუქში იმიტომ, რომ მას კითხვებზე პასუხები არ ექნებოდა. ვიმეორებ – პარადოქსია, რომ ამით უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა მძიმე ვითარებაში არიან ყველანი; ესმით, რომ უკანონობას სჩადიან და იქცევიან სამარცხვინოდ საუთარი პასუხისმგებლობის წინაშე, მაგრამ მაინც იძულებულები არიან ასე მოიქცნენ. ეს მძიმე რეალობაა.”

ბოკერიას თქმით, გვენეტაძეს შეეძლო არ ესაუბრა იმ საკითხზე, რაზეც ჩათვლიდა, რომ ამით შესაძლოა კანონი დაერღვია და გამოძიების ინტერესები დაეზიანებინა.

საზოგადოებას უნდა გადაეწყვიტა, გვენეტაძე სწორად გაგვცემდა პასუხს თუ არა. ამაში მდგომარეობს საპარლამენტო კონტროლი; ვსვამთ შეკითხვებს. თუ თანამდებობის პირი რამე კითხვაზე პასუხში ხედავს პრობლემას კანონმდებლობასთან, გვეობნება ამას. ის აბსურდი, რომ “ცუდად გამოვჩნდები და კითხვას ვერ დაგასმევინებთ”, არის კიდევ ერთი სიმბოლო ივანიშვილის ხელისუფლების და მისი გუნდის დღევანდელი საქციელის. ბატონი კაკულია მსხვერპლია ამის, მაგრამ ეს მისი პასუხისმგებლობაა. ასეთი სამარცხვინო დემონსტრირება იმისი, რომ პარლამენტი უარს ამბობს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე, დიდი ხანია არ მინახავს ქართული ოცნების პარლამენტშიც კი,” – ამბობს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა ყველგან გააგრძელებს თიბისი ბანკის საკითხის დაყენებას. ბოკერიას თქმით, მათ შორის, მიმართავენ საფინანსო კომიტეტსაც იმისთვის, რომ მანაც მოუსმინოს თიბისი ბანკის ხელმძღვანელებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს:

არ შევწყვეტთ მცდელობას ყველა ინსტიტუტის გამოყენების, სანამ ყველა არ მოიჭრის თავს ისე, როგორც დღეს მოიჭრა თავი საპარლამენტო უმრავლესობამ. დღეს ჩვენ ველოდით კითხვების დასმას, რაც არის ჩვენი ამოცანა. არ გვაქვს მოლოდინი იმისი, რომ სამარცხვინოდ უნდა მოიქცეს ქართული ოცნება და მერე ვამხილოთ. საკმარისად სამარცხინოდ არიან მოქცეულები, მეტი აღარაა საჭირო. ჩვენი ამოცანა იყო კითხვების დასმა ეროვნული ბანკისთვის და თიბისი ბანკის ხელმძღვანელების მოსმენა იმ ინფორმაციის თაობაზე, თუ რა მოხდა და ხდება. ამის საშუალება არ მოგვცეს უტიფარი და უკანონო ფორმით”.

 

დღეს, 26 თებერვალს, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ შეწყვიტა სხდომა, რომელზეც თიბისის ბანკის საკითხს განიხილავდნენ. მიზეზად მან ბანკისთვის “საფრთხის შემცველი ინფორმაციის” გავრცელება დაასახელა. კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მან გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.

რომან კაკულიას თქმით, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემოდათ თიბისის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ასევე, ოპოზიცია პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, ხოლო კითხვა-პასუხი ეროვნული ბანკის თავმჯდომარესთან აღარ შედგებოდა. საბოლოო ჯამში, კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არ იზიარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირბული საკითხების საპარლამენტო ფორმატში განხილვა ზიანის მომტანია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, თიბისის საქმე საქართველოს იმიჯს აზიანებს.

კატეგორიულად არ ვეთანხმები გვენეტაძეს, რომ საჯარო განხილვა დამაზიანებელი იქნებოდა – ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი