2018 წელს საქართველოში მუხრუჭის, მაშუქების, საჭის მექანიზმის და მინის საწმენდის მექანიზმის გაუმართაობისთვის, ჯამში, 42 300 მძღოლი დააჯარიმეს, ხოლო ამავე პერიოდში გამონაბოლქვის გადაჭარბებისთვის მხოლოდ 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირია დაჯარიმებული. შსს-ს სტატისტიკა მოგვაწოდა ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისთვის”.
მუხრუჭის, მაშუქების, საჭის თუ მინის საწმენდის მექანიზმის გაუმართაობა ფიზიკური პირისთვის 15 ლარიანი ჯარიმას და 5 ქულის დაკლებას ითვალისწინებს, ხოლო გამონაბოლქვის გადაჭარბებისთვის მძღოლი 30 ლარით ჯარიმდება და 10 ქულა აკლდება. იურიდიული პირისთვის როგორც გამონაბოლქვის გადაჭარბებისთვის, ასევე მუხრუჭის ან სხვა მექანიზმის გაუმართაობისთვისაც 100-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ზოგადად ტექ-ინსპექტირების გაუვლელობისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით ჯარიმდება.
რამდენ ხანში მოგიწევთ ხელახალი ტექ-ინსპექტირება
M1 კატეგორია, არაუმეტეს 8 ადგილიანისა და 3 500 კგ-ზე ნაკლები:
- 0-4 წლის ავტომობილები – არ საჭიროებს;
- 4-დან 8 წლამდე ავტომობილები – 2 წელში ერთხელ;
- 8 წლის ზემოთ – წელიწადში ერთხელ.
M2, M3 კატეგორია, 8-ზე მეტადგილიანი და 3500 კგ-ზე მეტი:
- 0-1 წლამდე – არ საჭიროებს;
- 1 წლის შემდეგ – ყოველ წელს;
- 4 წლის შემდგ წელიწადში 2 ჯერ.
საქართველოში ბენზინზე და გაზზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვში CO-ს ამოწმებენ, ხოლო დიზელის ძრავებს – კვამლიანობაზე. ევროპის ქვეყნებში ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს უმოწმებენ როგორც CO-ს, ასევე, HC-ს და NOx-ს, ხოლო დიზელის ძრავიან ავტომობილებს – CO, HC + NOx, PM.
ეკოლოგიისა და საგაო უსაფრთხოების ფარგლებში, ტრანსპორტის პერიოდული ტექნიური ინსპექტირება 3 ეტაპად იყოფა და ითვალისწინებს:
- 2016 წლიდან 8-ზე მეტადგილიანი და +3,5-ტონიანი ტრანსპორტის შემოწმება გახდა სავალდებულო – M2, M3, N2, N3 კატეგორია;
- 2018 წლიდან ტექ-დათვალიერება სავალდებულოა იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც მაღალძრავიანი ტრანპორტი ჰყავთ;
- 2019 წლიდან სავალდებულო ტექ-დათვალიერება ყველა კატეგორიის ტრანსპორტს ეხება.
“საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარევლად 2019 წლის რამდენიმე მთავარ გამოწვევას ასახელებს, მათ შორის:
- შემთხვევათა სტატისტიკა გაუმართავი ტრანსპორტის გამო;
- ტექ-ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული ბაზის არარსებობა;
- გამონაბოლქვის კონტროლი გზაზე;
- პერსონალის კვალიფიკაცია;
- მძღოლების არაინფორმირებულობა/დაბალი ცნობიერება;
- საბურავების და სხვა ნაწილების დაქირავების პრაქტიკა.
ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ავტოპარკის გაჯანსაღების მიზნით საჭიროა ახალი ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირება, ძველი ტრანსპორტის უტილიზაცია. მისი თქმით, ავარიების თვალსაზრისით, ასევე, დიდ პრობლემებს ქმნის უხარისხო საბურავები და სამუხრუჭე ხუნდები, რისთვისაც ნაწილების ხარისხის კონტროლია გასაძლიერებელი.
ლალიაშვილი ხაზს უსვამს ავტომობილის აქციზის ტარიფზეც. მისი ინფორმაციით, ახალი ავტომობილის აქციზი უფრო ძვირია, ვიდრე 7-8 წლის წინ გამოშვებული მანქანის. მაგალითად, 1 წლის ავტომობილზე (1,5-იანი ძრავით) აქციზის ფასია 2250 ლარია, ხოლო 6-8 წლის წინანდელი ავტომობილის- 1200 ლარი.