ახალი ამბები

შეყვარებულ წყვილებს არ აღვრიცხავთ – კვიციანის ინიციატივით გახსნილი ფონდის დამფუძნებელი

22 თებერვალი, 2019 • 1336
შეყვარებულ წყვილებს არ აღვრიცხავთ – კვიციანის ინიციატივით გახსნილი ფონდის დამფუძნებელი

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივით დაარსებული “დემოგრაფიული ცენტრი” შეყვარებულ წყვილებს არ აღრიცხავს. ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნუკი შალამბერიძემ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციის პროექტი ითვალისწინებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მხოლოდ იმ ახლად შექმნილი ოჯახებისათვის, რომელთაც “აქვთ მთაში დასახლების სურვილი”.

“…ჩვენი ორგანიზაცია ითვალისწინებს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პროექტის განხორციელებას – მთა, როგორც დასახლებული ზონა.

…წყვილების აღრიცხვაზე იყო რამოდენიმე ხანი საუბარი ტელევიზიაში. შუქდებოდა, რომ თითქოს ეს ორგანიზაცია ახორციელებდა წყვილების აღრიცხვას. მსგავსი რამ ჩვენს ორგანიზაციაში არ ხდება”, – აღნიშნა შალამბერიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დააანონსა ემზარ კვიციანმა ფონდის მიერ წყვილების აღრიცხვა, თუკი ეს არ იგეგმებოდა, ნუკი შალამბერიძემ ასე უპასუხა:

“ეს ბატონი ემზარის პოზიციაა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ოჯახების შექმნა ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება”.

“პატრიოტთა ალიანსი” ლიდერი, პარლამენტარი ემზარ კვიციანი 17 თებერვალს იუწყებოდა, რომ საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა ორგანიზაცია შეყვარებული წყვილების აღსარიცხად. ორგანიზაციას სახელწოდება  იქნება “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”.

როცა ფონდის დაარსებას აანონსებდა, კვიციანი აცხადებდა:

“მალე დაფუძნდება ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას იმის გამო, რომ არა აქვთ საშუალება? იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ… აღრიცხავენ, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი