ყოველთვის დავგმობთ “ბორდერიზაციას” და ამაზე არ გავჩუმდებით – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად დღეს, 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი ყოველთვის დაგმობს საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის პროცესს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ დიალოგის გაგრძელებას ჟენევის ფორმატში ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ აღვნიშნეთ და მართალიც არის, რომ საფრანგეთის პოზიცია ერთმნიშვნელოვნი და ცალსახა იყო, რომ ჩვენ ყოველთვის ვგმობთ იმ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ მომენტში მიმდინარეობს საქართველოში, ე.წ. სადემარკაციო ხაზზე, ამის თაობაზე ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ პრეზიდენტთან. ასეთი ტიპის პრაქტიკები, რაც ეხება ბორდერიზაციას რუსეთის მხრიდან, ეწინააღმდეგება ყველაფერს და ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩუმდებით.

საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და შეუშვას იგივე ევროკავშირის მისიები საქართველოში სეპარატისტულ რეგიონებში,” – ამბობს მაკრონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ თარგმანში.

ამ განცხადებამდე მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი საქართველოს გვერდით ყოველთვის იქნება, ისე როგორც  2008 წელს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დღეს ელისეს სასახლეში შეხვდა, სადაც ხელი მოაწერეს “ქართულ-ფრანგული, დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას.ეს დეკლარაცია მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;

დოკუმენტის ტექსტს საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

,,2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში გამართული შეხვედრის ფარგლებში:
ითვალისწინებენ რა 1994 წლის 21 იანვარს პარიზში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკას  შორის ურთიერთგაგების,  მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს;
იღებენ რა მხედველობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობის შთამბეჭდავ დინამიკას;
ხაზს უსვამენ რა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას;
აცხადებენ „ქართულ-ფრანგული, დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო; თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;
აღნიშნული დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები;
დიალოგი ჩატარდება წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში;
ხელმოწერილია პარიზში 2019 წლის 19 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია“, – აღნიშნულია თანამშრომლობის დეკლარაციაში,
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან