ნეტგაზეთი | ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს – “ძალების აღდგენა და ორი შეთანხმება” ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს – “ძალების აღდგენა და ორი შეთანხმება” – Netgazeti

ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს – “ძალების აღდგენა და ორი შეთანხმება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს რექტორთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან 18 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ. მათი თქმით, მხარეები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ

როგორც სტუდენტმა მარიამ ჯიმშელეიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, პროტესტის მონაწილეები ადმინისტრაციასთან ერთობლივად მუშაობაზე შეჯერდნენ. თუმცა, რას მოიცავს ეს პროცესი, ამ ეტაპზე ბოლომდე არ კონკრეტდება.

“შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობა იყო ძალების აღდგენა და სურვილი იმისა, რომ კვლავ მზად ვართ, ჩავებათ ამ ბრძოლაში. დავდეთ ორი ტიპის შეთანხმება: პირველი შეთანხმების ფარგლებში გადავწყვიტეთ, ვიმუშაოთ ერთად. თუმცა ეს სამუშაო პროცესია და ახლა ვერანაირ დეტალებს ვერ გაგაცნობთ.

მეორე შეთანხმება ეხება საუნივერსიტეტო წესდების შეცვლას, რომლის მიხედვითაც აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოს შეეცვლებათ გადაწყვეტილების მიღების გზები და ხერხები.

[ამჟამინდელი მოცემულობით], თუ საბჭოში არის რვა წარმომადგენელი და სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ხუთი, ამ ხუთიდან უმრავლესობას, ანუ სამს აქვს უფლება, დაამტკიცოს კონკრეტული რეფორმა და ცვლილება. ეს სამი კაცი შეიძლება არც იყოს იმ ფაკულტეტის წარმომადგენელი, რომელსაც ეხება ცვლილება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი მიდგომა, რაშიც გვეთანხმებიან ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც და ამაზე ვაპირებთ მუშაობას”, – აღნიშნა მან.

მისივე ცნობით, გუშინდელ სხდომაზე გიორგი ქადაგიძის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი არ განუხილავთ. ამ ეტაპზე უცნობია, ისევ არის თუ არა ქადაგიძის დარჩენა სტუდენტთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. თუმცა მარიამ ჯიმშელეიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესის სკოლის ავტონომია კვლავ არის სტუდენტების სურვილი და ამისათვის იბრძვიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რექტორმა გიგა ზედანიამ მედიას უთხრა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში გაწერილი ახალი სტრუქტურა დღის წესრიგში რჩება, თუმცა ბიზნესის სკოლის ავტონომიურობა “უზრუნველყოფილი იქნება”.

“ახალი სტრუქტურა ყველა ვარიანტში რჩება. ჩვენ ვიმსჯელეთ მის სახელზეც და შედგენილობაზეც. მაგრამ არსებობს საკითხები, რაზეც შეიძლება შეთანხმება უკვე მიღწეულ იქნას. ბიზნესსკოლისთვის თვითონ ამ ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი”, – აცხადებს ის.

რექტორის კაბინეტთან 15-მა სტუდენტმა შიმშილობა 15 თებერვალს დაიწყო. პროტესტის ამ ფორმას სტუდენტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ზედანიას გადადგომისათვის მათ მიერ დაწესებული ვადა(15 თებერვლის 22:00) ამოიწურა. პროტესტის მონაწილეების ცნობით, შეთანხმების მიღწევამდე, ანუ 18 თებერვლის საღამომდე, რექტორის კაბინეტთან 24 სტუდენტი შიმშილობდა.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან 31 იანვარს განაცხადა. ქადაგიძე წერდა, რო მუნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან