განათლებისა და შრომის ასოციაციის წევრის, ხატია ახალაიას განცხადებით, რამდენიმე დღეა სახლიდან არ გადის, რადგან ინტერნეტში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილების გამო ემუქრებიან.
როგორც გენდერის მკვლევარი აცხადებს, ყოველდღიურად უამრავ ლანძღვას თუ პირად მუქარას იღებს. ხატია ახალაიას თქმით, “შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას 15 თებერვალს მიმართა, თუმცა ამ დრომდე მოკვლევაც კი არ დაწყებულა”.
ხატია ახალაიას უფლებებს ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი იცავს. გენდერის მკვლევრის განცხადებით, სახლიდან სწორედ ადვოკატის რჩევით არ გადის, რადგანაც ის მიიჩნევს, რომ ხატიას მიმართ დაწერილი კომენტარები და ზარები რეალურად მუქარის შემცველია.
განათლების და შრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლი აცხადებს, რომ მის მიმართ აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილები განათავსა.
ხატიას თქმით, ასევე, მიიღო გაუპატიურების მუქარაც. გენდერის მკვლევარი შიშობს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებიან.
ხატიას განცხადებით, მუქარის მიღმა რადიკალური ჯგუფები დგანან, რომელთაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, რეალურად კი მისი ვიდეოგაკვეთილები, შესაძლოა, არც უნახავთ.
სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი აცხადებს, რომ მისი ვიდეოები მხოლოდ ბავშვების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ხატიას თქმით, როდესაც მოზარდებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ისინი ინტერნეტის უკონტროლო სივრცეს ან პორნოგვერდებს მიმართავენ, სადაც ხშირად ინფორმაციას დამახინჯებული გზებით იღებენ და ეს მოზარდის ფსიქიკაზე კარგად არ აისახება. გენდერის მკვლევარი განმარტავს, რომ სწორედ აქედან გაჩნდა ვიდეოგაკვეთილების იდეა, რათა მოზარდებმა ინტერესი სწორად მიწოდებული ინფორმაციით დაიკმაყოფილონ.