ახალი ამბები

ახალქალაქში ქალის მოტაცების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

15 თებერვალი, 2019 •
ახალქალაქში ქალის მოტაცების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

ახალქალაქში ქალის მოტაცების ბრალდებით პოლიციამ 5 კაცი დააკავა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დაუდასტურეს.

ინციდენტი ახალქალაქში 9 თებერვალს მოხდა. “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, რომელმაც ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, ქალი ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების ქუჩიდან მოიტაცეს.

პოლიციას მოტაცებული ქალის ოჯახის წევრებმა მიმართეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა იმავე დღეს 2 ადამიანი, მომდევნო დღეს კი კიდევ 2 პირი დააკავა. უკვე დღეს, 15 თებერვალს, პოლიციამ მეხუთე კაცი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ უკანასკნელის გარდა, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ყველა დაკავებულის პროცესი გაიმართა. მათ წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.

ყველა მათგანის შემთხვევაში, გამოძიება სსკ-ს 143 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დანაშაულის დამტკიცების შეთხვევაში, პირებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი