ნეტგაზეთი | აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამწვავებას სომხეთში რუსეთის ინტერესს უკავშირებენ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამწვავებას სომხეთში რუსეთის ინტერესს უკავშირებენ – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამწვავებას სომხეთში რუსეთის ინტერესს უკავშირებენ

სომხეთში ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე სიტუაციის უკიდურესად გამწვავება უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება; ნაწილი კი ფიქრობს, რომ მოსკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაკარგა უკრაინა და მოლდოვა, აშშ-თან და ევროკავშირთან კონფრონტაციისა და ეკონომიკური სანქციების გაძლიერების პირობებში ცდილობს სამხრეთ კავკასიაში მაინც გამაგრდეს.

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებსა და მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის არმიას შორის გამყოფ ხაზზე სიტუაციის უპრეცედენტოდ გამწვავება 28 ივლისს დაიწყო და ვითარება აქ ამ დრომდე დაძაბული რჩება. ასეთი რამ 1994 წლის მაისის შემდეგ არ მომხდარა, როდესაც კონფლიქტის სამივე მხარემ – აზერბაიჯანმა, სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა ბიშკეკში ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა და საკმაოდ ხშირადაც, თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა განსაკუთრებული უსიამოვნება გამოიწვია როგორც სომხეთში, ისე – საერთაშორისო თანამეგობრობაში.

 

ძალადობის შეწყვეტისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მოწოდებით გამოვიდა გაერო, ევროკავშირი, ნატო, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცალ-ცალკე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – უახლოესი მეზობლები: ირანი და საქართველო.

 

მაინც რა მოხდა ცეცხლის ხაზზე ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველ დღეებში? მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის არმიისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურების ცნობით, აზერბაიჯანულ დივერსიულ დაჯგუფებებს ჰქონდათ სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების პოსტებზე თავდასხმის მცდელობა. სომხეთის ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ დივერსიული ჯგუფების თავდასხმის მოგერიების დროს აზერბაიჯანელი დივერსანტების ყველა მოქმედება აღკვეთეს, თუმცა ამას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია – 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე მოწინააღმდეგემ, ჯამში, 25 ჯარისკაცი დაკარგა და 30  დაიჭრა. სომხეთის მხარეს 5 სამხედრო დაიღუპა და 7  დაიჭრა. ამასთან, 4 აგვისტოს, საღამოს, სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით მოკლული იქნა კიდევ ერთი სომეხი სამხედრო მოსამსახურე.

 

სიტუაცია ამ დროისთვისაც დაძაბული რჩება – ყარაბაღისა და სომხეთის საბრძოლო უწყებები იუწყებიან, რომ აზერბაიჯანული მხარე სროლებს არ წყვეტს. სომხეთის ჯარის მაღალჩინოსნების თქმით, ერევანი ამას “ადეკვატური მოქმედებებით” პასუხობს.

 

ამ მოვლენების შედეგად სომხეთის თავდაცვის მინისტრი სეირან ოგანიანი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შეხვდა. საზღვარზე სიტუაციის გამწავავების საკითხმა სომხეთის მედიაში ყველა სხვა საკითხი დაჩრდილა. მოხალისეების პირველი ნაკადი – ყარაბაღის პირველი ომის 100 ვეტერანი ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრა ახალგაზრდა ჯარისკაცების დასახმარებლად.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ბაქოს მოუწოდა, უარი თქვას სიტუაციის გამწვავების მცდელობაზე და გადადგას ნაბიჯები ვითარების სტაბილიზაციისკენ ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გამყოფ ხაზზე.

 

“ბოლო დროს ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გამყოფ ხაზზე სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და აზერბაიჯანელი მებრძოლები მუდამ ცდილობენ სომხეთის ძალების პოზიციებისკენ შემოჭრას,” – ნათქვამია სომხეთის მთავარი სამხედრო უწყების განცხადებაში – “თავდაცვითი ჯარის პოზიციების მიმართულებით გამოიყენება მსხვილკალიბრიანი ცეცხლსაროლი და საარტილერიო იარაღი – ყუმბარმტყორცნი, ნაღმმტყორცნი, საზენიტო დანადგარები. გახშირდა სასაზღვრო სოფლებისკენ სროლები. დღითიდღე იზრდება დანაკარგი ორთავე მხარეს”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მსგავსი მოქმედებები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრის სულსა და ლოგიკას, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ხორციელდება და “აშკარაა რეალური საფრთხე იმისა, რომ ეს გადავიდეს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში”.

ამასთან, თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ “ბაქოს მხრიდან მსგავსი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებული იქნებიან კიდევ უფრო გაამკაცრონ სადამსჯელო ზომები აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უაზრო და ლოგიკას მოკლებული შურისძიების გამოვლინებებისადმი.” სომხეთის არმიის ხელმძღვანელობის თქმით, სომხეთის მხარე ბოლო დღეებში არა მხოლოდ პასუხობს მოწინააღმდეგის მოქმედებებს, არამედ პრევენციულ დარტყმებს აყენებს იმ წერტილებში, სადაც მოწინააღმდეგემ აქტიურობა გამოიჩინა.

ილჰამ ალიევის და სერჟ სარგსიანის შეხვედრა მოსკოვში 2010 წელს, ფოტო: EPA
ილჰამ ალიევის და სერჟ სარგსიანის შეხვედრა მოსკოვში 2010 წელს, ფოტო: EPA

სომხეთში ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის გამწვავება გარკვეულწილად უკრაინაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. ასე ფიქრობს, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპული ინტეგრაციის” თავმჯდომარე კარენ ბექარიანი, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა გლობალური პროცესი მსოფლიოში ასე თუ ისე ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ სანამ დასავლეთი და რუსეთი უკრაინის საკითხით და ერთმანეთით არიან დაკავებული, ბაქოში გადაწყვიტეს ომით გამოეცადათ, თუ რამდენად მყარია გამყოფ ხაზზე სომხეთის პოზიციები.

 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვის შეიძლებოდა პირველს მოეხდინა კონფლიქტის გამწვავების პროვოცირება, სომხეთში განსხავებული აზრი არ არსებობს – სწორედ აზერბაიჯანს სურს თავის იურისდიქციაში მთიანი ყარაბაღის დაბრუნება, რომელმაც თავის დროზე აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე განაცხადა და როცა ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე გამოაცხადა.

 

კვლევითი ცენტრის “მოდუს ვივენდის” პრეზიდენტი არა პაპიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს ხედავს. მისი განცხადებით, დიდი, ფართომასშტაბიანი ომის ინტერესი არავის აქვს: “არის კონფლიქტის გააქტიურების ინტერესი, მაგრამ ის ომში არ გადაიზრდება”. იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანიც ჩაითრიოს ევრაზიული კავშირში, ხოლო მისი თანხმობის შემთხვევაში, მოსკოვი ერევანს აიძულებს გარკვეულ დათმობებზე წავიდეს: “მაგრამ ახლა რუსებმა, ვფიქრობ, გაიგეს, რომ მათ ბევრი რამ შეიძლება გაუკეთონ სომხეთს, მაგრამ ვერ აიძულებენ ყარაბაღის დათმობას,” – აცხადებს პაპიანი.

არის ისეთი მოსაზრებაც, რომ საზღვარზე დაძაბულობა დაკავშირებულია რუსეთის ინტერესთან – შეიყვანოს კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები. ასე მიიჩნევს ანალიტიკოსი,  სომხეთის ინტერნეტ-გაზეთის Lragir.am-ის მთავარი რედაქტორი აიკაზნ გაგრიანი. მართლაც, რუსეთის პრესაში აზერბაიჯანის აქტივობების გაშუქების პარალელურად, ქვეყნდება მასალები, რომლებშიც აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მხოლოდ მოსკოვს შეუძლია სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ამისთვის აუცილებელია რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანა ყარაბაღში.

 

არც ისე დიდი ხნის წინ მოსკოვმა ღიად შეთავაზა ერევანს თავისი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსება, მაგრამ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მკვეთრი უარით უპასუხა და განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და არ არსებობს არავითარი აუცილებლობა სამშვიდობოების შესაყვანად. შემდეგ კი რეგიონში მესამე ქვეყნის ჯარების შემოყვანის წინააღმდეგ გამოვიდა ირანი, როდესაც განაცხადა, რომ ისინი საფრთხეს შეუქმნიან მთელ რეგიონს. ამგვარად, გამოდის, რომ ირანმა სომხეთის პოზიციას დაუჭირა მხარი.

 

გაგრიანის თქმით, “როგორც ჩანს, მოსკოვი და ბაქო შეეცადნენ გაერკვიათ, აქვს თუ არა სომხეთს “სამშვიდობოების საჭიროება”, მაგრამ სომხეთის ჯარმა ეს გამოცდა ჩააბარა და დაამტკიცა, რომ თავად შეუძლია აიძულოს მოწინააღმდეგე მშვიდობის დამყარებისკენ”.

 

ახლა მოსკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაკარგა უკრაინა და მოლდოვა, აშშ-თან და ევროკავშირთან კონფრონტაციის და ეკონომიკური სანქციების გაძლიერების პირობებში ცდილობს სამხრეთ კავკასიაში მაინც გამაგრდეს, – მიიჩნევს ანალიტიკოსი. სწორედ ამ მიზნით პატიჟებს რუსეთის პრეზიდენტი სოჭში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, რითაც ვლადიმერ პუტინმა არსებითად დეზავუირება გაუკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის მცდელობას, სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა პარიზში ჩაეტარებინა.

 

“მოსკოვის ერთი ასეთი ინიციატივა უკვე ჩავარდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი იყო დიმიტრი მედვედევი, რომელმაც დაიწყო პრეზიდენტების შეხვედრის “სამმხრივი ფორმატის” ორგანიზება,” – ამბობს აიკაზნ გაგრიანი – “ახლა ისევ იწყება ამ ფორმატის გაცოცხლების მცდელობა, რომლითაც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება ეუთოს მინსკის ჯგუფი” და გაცხადდება “რუსეთის მონოპოლიის” შესახებ”.

 

ოფიციალური ერევანი, ისე როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებისთვისაა შექმნილი, ასევე, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ალტერნატივა არა აქვს. სომხეთის ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, რომ ეს ბაქოშიც კარგად ესმით. მათი თქმით, თუკი აზერბაიჯანში დარწმუნებული იქნებოდნენ იმაში, რომ საკითხის ძალის გამოყენებით გადაწყვეტა შეუძლიათ მოკლე დროში და დიდი დანაკარგების გარეშე, იქ უკვე დიდი ხნის წინ დაიწყებდნენ ომს.

ჯერჯერობით ხალხის მთელი ყურადღება გადატანილია სამი ქვეყნის – რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე სოჭში, რომელიც, როგორც დაანონსდა, 8-9 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, DEUTSCHE WELLE-ს კორესპონდენტი სომხეთში