ახალი ამბები

პროკურატურა რუსთავი 2 -ში შესაძლო უკანონო თვალთვალზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

9 მაისი, 2014 • 1141
პროკურატურა რუსთავი 2 -ში შესაძლო უკანონო თვალთვალზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:

 

“როგორც მოგეხსენებათ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მომხდარი პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე 2014 წლის 6 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა მოახდინოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მომხდარი პირადი საუბრის შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების განსაჯაროება და გვსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი დეტალი.   

 
2014 წლის 8 მაისს მთავარ პროკურატურას მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომლის განცხადებითაც იგი სამსახურიდან 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს, მან გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც  დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით, სამუშაოებს აწარმოებდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მან, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა.

მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეომოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყოვნებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მან სცადა ნიკოლოზ გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია და შედეგად გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დაატოვებინეს სამუშაო ოთახი.

ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც გამოძიებას უარი განუცხადა დაეფიქსირებინა მის მიერ განსაჯაროებული ფარული ჩანაწერების წყარო, რაც გამოძიებისათვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან დეტალს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გრძელდება ინტენსიური გამოძიება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რომლის მიმდინარეობის შესახებ  საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.
აქვე გვსურს განვასაჯაროოთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სათვალთავლო კამერის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ვიდეოკადრები და მოწმეთა ჩვენებები, რომელიც გადმოგეცემათ ბრიფინგის დასრულებისას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი