სამართალი

ომბუდსმენმა გიორგი ცომაიას საქმის შესწავლა დაიწყო

27 აგვისტო, 2014 • 1198
ომბუდსმენმა გიორგი ცომაიას საქმის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველს მოქალაქე გიორგი ცომაიას მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტის შესწავლის თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა 25 აგვისტოს  მიმართა.

 

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ცომაია მოინახულა. ცომაიამ დაადასტურა იმ გარემოებების უტყუარობა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარუდგინა.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა  26 აგვისტოს განაცხადა, რომ გიორგი ცომაია სასტიკად ცემა 11–მა პოლიციელმა, რომელთა ნაწილი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული.

გიორგი ცომაიას ადვოკატის, მარიამ მეფარიძის თქმით,  ცომაიას პატიმრობა ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით გასული წლის ოქტომბერში შეეფარდა, ხოლო აპრილში გათავისუფლდა. პატიმრობისას ცომაიას ნივთმტკიცების სახით სხვადასხვა ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მას მობილურ ტელეფონს არ უბრუნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მას ეს ნივთები უნდა დაბრუნებოდა.

 

ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ცომაია, თავისივე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვაჟა ფშაველას გამხირზე მდებარე პოლიციის მე–2 განყოფილებაში 14 აგვისტოს, ღამის 2–ის ნახევრისთვის მივიდა, რათა აღნიშნული ტელეფონი დაებრუნებინა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

26 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ საქმის შესწავლა ომბუდსმენის გარდა პროკურატურასაც თხოვა.  შსს-ს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი