სამართალი

ადამიანის უფლებათა ცენტრი: პოლიციაში კვლავ გრძელდება მოქალაქთა ცემა

26 აგვისტო, 2014 • 2003
ადამიანის უფლებათა ცენტრი: პოლიციაში კვლავ გრძელდება მოქალაქთა ცემა

“სამწუხაროა, რომ პოლიციაში კვლავ გრძელდება მოქალაქეთა ცემა,” – თქვა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ცქიტიშვილმა 26 აგვისტოს პრაიმ–ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

“კონკრეტულად ეს შემთხვევა ეხება ვაკე–საბურთალოს მეორე განყოფილებაში მომხდარ ფაქტს, როდესაც სასტიკად ცემეს მოქალაქე გიორგი ცომაია. თავს დაესხნენ მას ფაქტიურად ჯგუფურად,”– თქვა ცქიტიშვილმა

 

გიორგი ცომაიას ადვოკატის, მარიამ მეფარიძის თქმით, მას პატიმრობა ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით გასული წლის ოქტომბერში შეეფარდა, ხოლო აპრილში გათავისუფლდა.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ პატიმრობისას ცომაიას ნივთმტკიცების სახით სხვადასხვა ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მას მობილურ ტელეფონს არ უბრუნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მას ეს ნივთები უნდა დაბრუნებოდა.

 

მათი თქმით, გიორგი ცომაია, თავისივე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვაჟა ფშაველას გამხირზე მდებარე პოლიციის მე–2 განყოფილებაში 14 აგვისტოს, ღამის 2–ის ნახევრისთვის მივიდა.

 

“მივიდა იმიტომ, რომ ეთხოვა დახმარება წინა ნასამართლეობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნებაში დახმარებოდა პოლიცია. ნაცვლად ამისა მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ “შე ლაწირაკო, არ იცი, რა დროს უნდა მოხვიდე?” ამაზე შეეკამათა გიორგი, რატომ ვარ ლაწირაკი, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფასო.

 

კი, ნასვამი იყო, ამას არც თვითონ გიორგი უარყოფს და შეიძლება იმ ნასვამობამაც განაპირობა, რომ ზუსტად ღამის 2 საათზე შევიდა მაინცდამაინც, მაგრამ ეს დანაშაული არ გახლავთ. მოგეხსენებათ, პოლიცია 24–საათიანი გრაფიკით მუშაობს და რა დროსაც არ უნდა შესულიყო, ელემენტარულად შეეძლოთ ეთქვათ, რომ გვიანია, მოდი, ხვალ მოდი და გამომძიებელს ახლა ვერ დავურეკავთ და ხვალ დავურეკოთ,”– ამბობს გიორგი ცომაიას ადვოკატი.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის თქმით, გიორგი ცომაია 11–მა პოლიციელმა სასტიკად ცემა, რომელთა ნაწილი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული: “ის იყო იმდენად ნაცემი, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორი უარს აცხადებდა მის მიღებაზე, სანამ ფორმა 100–ს არ წარადგენდნენ”.

 

“პოლიციის ვერსიით, ცომაიამ თავდასხმა განახორციელა პოლიციაზე მათ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რომ გავყვეთ პოლიციის მიერ შემოთავაზებულ ვერსიასაც, 1 მოქალაქე, რაოდენ აგრესიულიც უნდა იყოს, პოლიცის შენობაში შესვლისას თავისუფლად შეიძლება მისი გაუვნებელყოფა, მისი აგრესიის შეჩერება ისე, რომ 11–მა პოლიციელმა სასტიკად არ ცემოს იგი,” – ამბობს ავალიანი.

 

გიორგი ცომაიას ადვოკატი, მარიამ მეფარიძე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე არის გადაგზავნილი მაისური, რომელსაც ეტყობა ცემის კვალი

 

“გიორგი ცომაია აღნიშნავს, რომ ჩემი ცემის დროს სულ სისხლიანი იყო იატაკიო, ცხვირიდან, პირიდან სისხლი მომდიოდაო და, როგორც ჩანს, ერთ–ერთ პოლიციელს ფეხი აქვს ჩადგმული ამ სისხლში და ზუსტად სისხლიანი ნაკვალევი ეტყობა მარცხენა მხარეს გიორგი ცომაიას მაისურს,”– ამბობს ადვოკატი.

 

წინასწარი პატიმრობა გიორგი ცომაიას 16 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე პრიმა მუხლით შეეფარდა, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ  ხელის შეშლას გულისხმობს.

 

“ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, რომ დროულად გამოიძიოს ეს ფაქტი და პასუხისგებაში მიცეს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა გიორგი ცომაიას ცემაში” – თქვა ალექსანდრე ცქიტიშვილმა.

 

მისი განცხადებით, გრძელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ პოლიციელთა დანაშაულის გამართლების პრაქტიკა.

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება ძველი პრაქტიკა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები არათუ არ იძიებდნენ მსგავს შემთხვევებს, არამედ ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პოლიციელების მიერ ადამიანების ცემისა და სასტიკი მოპყრობის გამართლება, ასევე, კვალის წაშლა და საუკეთესო შემთხვევაში ხდებოდა ისე, რომ არაადეკვატური სასჯელებით ხდებოდა მხოლოდ პასუხისგებაში მიცემა,” – თქვა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა.

 

გიორგი ცომაიას საქმეზე ადამაინის უფლებათა ცენტრმა მასალები გადაუგზავნა როგორც სახალხო დამცველს, ასევე, გამოძიების დროულად დაწყების მოთხოვნით –  პროკურატურასაც.

 

გიორგი ცომაიას წინასასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს არის დანიშნული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  გიორგი ცომაიას სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეები და 27 აგვისტოს საპროტესტოს აქციას გეგმავენ თბილისში. 

ფოტოზე: ადვოკატი მარიამ მეფარიძე[მარცხნივ], ალექსანდრე ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებატა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი [შუაში], თამაღ ავალიანი, იურისტი [მარჯვნივ], ფოტო: მაკა მაჭავარიანი, 26/08/2014, თბილი, საქართველო
ფოტოზე: ადვოკატი მარიამ მეფარიძე[მარცხნივ], ალექსანდრე ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებატა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი [შუაში], თამაღ ავალიანი, იურისტი [მარჯვნივ], ფოტო: მაკა მაჭავარიანი, 26/08/2014, თბილი, საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი