თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, სასამართლოში ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ ნათქვამი ფრაზის გამო, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღეს, 6 ივლისს გამოაცხადა.
„ივანიშვილი არის დასამხობი. დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში.
ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე 200 წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“, — ეს იყო ტექსტი, რომელიც ახალაიამ 16 თებერვალს, სასამართლოში დახურულ სხდომაზე თქვა. ამის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წაუყენეს [მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ]. მუხლი სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოსამართლე ტყეშელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განმარტა, რომ ახალაიას შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაეთვალა მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა.
განაჩენის გამოცხადებას თავად ბაჩო ახალაია არ დასწრებია.
ბაჩო ახალაია პატიმრობაში 2025 წლის დეკემბრიდან იმყოფება. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას“ ედავებიან, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
