ახალი ამბები

“მზიურში“ თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება – კალაძე

7 თებერვალი, 2019 •
“მზიურში“ თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება – კალაძე

თბილისის მერიის ინფორმაციით, თოჯინების მუზეუმი, რომლის მშენებლობაც ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, სხვა ადგილზე განთავსდება. მერიის ამ განცხადებამდე, მუზეუმის მშენებლობაზე უარის თქმას აქტივისტები ითხოვდნენ. ისინი ამ ადგილას ბავშვების სათამაშო მოედანის მოწყობას უჭერდნენ მხარს.

„მზიურის“ ტერიტორიაზე არაფერი აშენდება. გვქონდა იდეა თოჯინების მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება. „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რამდენიმე თვის წინ მოსახლეობას უკვე წარვუდგინეთ, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდება და მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული სივრცე ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიაში ამბობდენ, რომ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლიდან განახორციელებს, რომლის შედეგადაც, “დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება”. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცედ დაიყოფა.

სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას.

რაც შეეხება აქტივისტებს,  მერიის საიტზე “შენი იდეა ქალაქის მერს” გამოჩნდა განცხადება, სადაც ავტორები ითხოვენ მუზეუმის ნაცვლად ბავშვებისთვის სათამაშო მოედანის მოწყობას და განმარტავენ, რომ მუზეუმი პარკს დააზიანებს.

ვრცლად ამ თემაზე:

სათავგადასავლო სათამაშო მოედანი მზიურში მუზეუმის ნაცვლად – იდეა ქალაქის მერს

მასალების გადაბეჭდვის წესი