საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წლის 11 დეკემბერს არქიტექტურული და დაგეგმარების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ეს უკანასკნელი მზიურის პარკში სათამაშოებისა და თოჯინების საერთაშორისო მრავალფუნქციური სამუზეუმო შენობის მშენებლობას ეხება.
აღნიშნულ ტენდერს საზოგადოების ნაწილი ინტერნეტ-სივრცეში ხელმოწერების შეგროვებით აპროტესტებს. მერიის საიტზე “შენი იდეა ქალაქის მერს” უკვე გამოჩნდა განცხადება, სადაც ავტორები ითხოვენ მუზეუმის ნაცვლად ბავშვებისთვის სათამაშო მოედანის მოწყობას და განმარტავენ, რომ მუზეუმი პარკს დააზიანებს.
როგორც საკონკურსო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მუზეუმის შემადგენლობაში უნდა შევიდეს საგამოფენო სივრცეები, სამეცნიერო ლაბორატორები და სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცეები.
“პროექტირებისას ყურადღება უნდა მიექცეს საპროექტო ტერიტორიის განსაკუთრებულ ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას, გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვები შენობაზე, რომელიც განისაზღვრება სამშენებლო ნორმების და წესების „სამშენებლო კლიმატოლოგია“ (პნ 01.05-08) მონაცემების საფუძველზე. მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი შენობის არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირება,” – წერია დოკუმენტაციაში.
შენობის გვერდით ვიზიტორთა და მომუშავე პერსონალისთვის სატრანსპორტო ინფრასტურტურიც უნდა შეიქმნას.
“…ამისათვის აუცილებელია მუზეუმისათვის მოეწყოს მცირე ავტოსადგომი მსუბუქი ტრანსპორტისათვის (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის) და ავტობუსებისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტოსადგომის მოწყობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტერიტორიის აღქმას და მზიურის პარკის განვითარებას,” – წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე.
აღნიშნული ტენდერის საპირწონედ მერიის ოფიციალურ საიტზე – შენი იდეა ქალაქის მერს, მოქალაქე ნინო სირაძემ განცხადება ატვირთა, რომლითაც მუზეუმის ნაცვლად მზიურში არსებული სათამაშო მოედნის მოდიფიცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამ განცხადებას ასობით ადამიანი უკვე აწერს ხელს.
“მზიურში, საბავშო სათამაშო მოედანზე მოეწყოს სათავგადასავლო სივრცე. არსებული კონსტრუქციის კარკასი შენარჩუნდეს, გამაგრდეს და გარდაიქმნას თავისუფალ სათამაშო მოედნად – საცოცი ბადეებით, ბაგირებით, ჰამაკებით, საბავშვო ქვიშის მოედნითა და სხვა აქტიური და ინტერაქტიული გასართობებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ამ ტერიტორიაზე თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის მშენებლობაზე. მოთხოვნილი მოცულობის შენობა სრულად აითვისებს და დაჩრდილავს პარკის საჯარო, ღია სივრცეს და დაუკარგავს მას სათამაშო მოედნის ფუნქციას, რომელიც ამჟამად აქტიურად გამოიყენება,” – წერია ნინო სირაძის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღესდღეობით, თბილისის ტერიტორიაზე არ არსებობს ისეთი საჯარო სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვებს მრავალფეროვანი თამაშის შესაძლებლობა ექნებათ – არსებული სათამაშო მოედნების ძირითადი უმრავლესობა სტანდარტული ფორმის და შინაარსისაა (პლასტმასის ან ხის საქანელები, სასრიალოები და ა.შ.). ავტორების თქმით, არასტანდარტული, თავისუფალი სათამაშო სივრცე კი ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესოა.