ახალი ამბები

მერიამ „მზიურთან“ ტერიტორია ინვესტორს ლისთან მიწაში გადაუცვალა

24 ნოემბერი, 2022 • 777
მერიამ „მზიურთან“ ტერიტორია ინვესტორს ლისთან მიწაში გადაუცვალა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტი აპირებს, რომ „მზიურის“ ტერიტორია გააფართოოს. ამისთვის მერია „მზიურის“ ტერიტორიების მფლობელ კომპანიას მიწას გადაუცვლის ლისის ტბასთან არსებულ ნაკვეთში.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მერმა კახა კალაძემ დღეს, 24 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან თქვა, რომ ამ დრომდე მერიამ ვერ მოახსერხა „მზიურის“ სრული რეაბილიტაცია, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია, დაახლოებით 18 ათასი კვ.მ. კერძო საკუთრება იყო.

საუბარია ორ მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრე არის შპს “პიაცა მზიური”.

ორივე ეს მონაკვეთი „სარეკრეაციო ზონა 2-ში (იგივე რზ 2)“ მდებარეობს  — ეს სარეკრეაციო ზონაა და აქ მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო სახეობების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.

რაც შეეხება ტერიტორიას, რომელსაც ინვესტორი მიიღებს, როგორც ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, ლისზე არსებული ტერიტორიები „სარეკრერაციო ზონა 3-ში“ (იგივე რზ 3) მდებარეობს:

„კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ალტერნატიული ფართი, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე — სადაც შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება — დაახლოებით 14 ჰა (140 ათასი კვ.მ), თუმცა ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში გადმოიტანა 15 ათასი კვ.მ. „მზიურის“ ტერიტორიაზე, რომლის კეთილმოწყობაც ვერ მოხდა აქამდე, რადგან იყო კერძო საკუთრება და მომავლი წლიდან მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას კეთილმოაწყობს.“

ჟურნალისტებთან საუბარში ხმალაძემ თქვა, რომ ეს არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა.

„მიწის ნაკვეთმა, რომელიც გადავეცით, შეადგინა დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ეკვივალენტი და ამავე ღირებულებით მოხდა მიწის ნაკვეთის ჩათვლა ადგილმონაცვლეობაში, თუმცა, სამხარაულის  შეფასებით, მზიურის მიწის ნაკვეთის ღირებულება გაცილებით მეტია“, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი