ახალი ამბები

დაგეგმილზე ადრე დროშას არ მოვხსნით — „მზიურის“ პასუხი ჰომოფობიურ აქციას

29 ივნისი, 2022 • 1161
დაგეგმილზე ადრე დროშას არ მოვხსნით — „მზიურის“ პასუხი ჰომოფობიურ აქციას

თბილისში, კაფე „მზიურთან“, უკვე მეორე დღეა ჰომოფობიური ჯგუფი ცისარტყელას დროშას აპროტესტებს.

სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ხელში ათობით ადამიანი კაფესთან დგას, უფრო მეტი პოლიციელი მათ გარშემოა მობილიზებული. ამ პროტესტის მიუხედავად, კაფეს მაინც სტუმრობენ მომხმარებლები, თავად „მზიური“ კი აცხადებს, რომ სულ უჭერდა და კვლავ დაუჭერს თანასწორობას მხარს. დროშას კი არ მოხსნის დაგეგმილზე უფრო ადრე.

რა ხდება ადგილზე

ნეტგაზეთი მზიურში დღის 13:00 საათისთვის მივიდა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, მათი რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ჰომოფობიური აქციის მონაწილეთა რაოდენობას.

კაფესთან, რომელიც დაღმართზე მდებარეობს, კორდონია შექმნილი. აქვე დგანან აქციის მონაწილეები, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ ეწინააღმდეგებიან.

ჰომოფობური აქცია მზიურში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჰომოფობიური აქცია მზიურში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

გურამ ფალავანდიშვილი ჰომოფობიურ აქციაზე მზიურში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კაფე „მზიურმა“ არაერთხელ განაცხადა, რომ არ მოხნიდა დროშას, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები კაფესთან ღამემდე იდგნენ.

ნეტგაზეთთან საუბარში კაფეს დამფუძნებელი ანა გოგუაძე აცხადებს, რომ დროშის გამოფენა უკავშირდება „პრაიდის კვირეულს“, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ციკლს, რომლის მთავარი მიზანი ლგბტქი+ ადამიანების ხილვადობის ამაღლება და ამ თვალსაზრისით არსებულ უფლებრივ გამოწვევებზე ხაზგასმაა.

„ჩვენ ეს დროშა სოლიდარობის ნიშნად დავკიდეთ 3 დღით, ხვალ ის მოიხსნება. უბრალოდ, აქამდეც არაერთხელ გვთხოვეს, რომ მოგვეხსნა. დღეს იყო საუბარი იმაზე, რომ გადაგვეკიდა სხვა ადგილზე და იქ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა.

ჩვენ გახსნის დღიდან ვცდილობთ, რომ „მზიური“ ყველა ჩვენი პროექტისა და ღონისძიების კუთხით იყოს სივრცე ქალაქში, რომელიც არის ყველასთვის. ჩვენ აქტივობებს რომ გადახედონ, მიხვდებიან, რომ აქ ხშირად იმართება სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები და ვართ სოციალური საწარმოს პრინციპზე მოქმედი კაფე. ამას ვალდებულებადაც ვთვლით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვეხმიანებით სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს“, – ამბობს ანა გოგუაძე და ამატებს, რომ 3 დღის შემდეგ ამ დროშის მაგივრად უკრაინის დროშა დაბრუნდება.

ანა გოგუაძე იხსენებს, რომ 5 წლის წინ, როდესაც „მზიურში“ ფილმის, „პრაიდის“ ჩვენება დაიგეგმა, მაშინაც იყო მსგავსი რეაქცია, თუმცა, უფრო მასშტაბური და აგრესიული სახის – „გვთხოვეს ფილმის გამორთვა, რაც არ ვქენით“. საბოლოოდ კი უცნობმა პირებმა კაფეში დარეკეს და თქვეს, რომ იქ ბომბია, რის გამოც თანამშრომლებს ადგილის დატოვება მოუწიათ.

„როგორც ვთქვით, 3 დღით დაიკიდა დროშა და ხვალ მოიხსნება“, – დასძენს ის.

კაფე „მზიური“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი