ახალი ამბებისაზოგადოება

ქალაქი, რომელსაც პარკები არ ჰყოფნის

1 ივნისი, 2021 • 7716
ქალაქი, რომელსაც პარკები არ ჰყოფნის

მინდორში ერთმანეთთან მჭიდროდ მსხდომი ხალხი, გადავსებული საპარკინგე სივრცეები და ავტომობილები გასაჩერებელი ადგილის ძიებაში — ეს არის სტანდარტული სურათი, რომელსაც თბილისის თითზე ჩამოსათვლელი მწვანე სივრცეების გარშემო უქმეებზე ნახავთ. პანდემიის პირობებში დედაქალაქის მოსახლეობაში პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.

აღნიშნულს ISET-ის კვლევაც მოწმობს, რომლის ფარგლებში გამოკითხულთა 58 პროცენტი აცხადებდა, რომ პანდემიის დროს უფრო მნიშვნელოვანი გახდა მწვანე სივრცეებში სტუმრობის შესაძლებლობა.

ამის მიუხედავად, მხოლოდ 24%-მა აღნიშნა, რომ უფრო ხშირად ახერხებდა პარკების მონახულებას. ძირითადი მიზეზი, რატომაც ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ პარკებში დასვენებას, სამუშაო და საცხოვრებელთან ახლოს ამის შესაძლებლობის არქონაა. ISET-ის კვლევაში გამოკითხულთა 99% მიიჩნევს, რომ თბილისში უფრო მეტი ურბანული პარკი და მწვანე სივრცეა საჭირო.

ჯერჯერობით რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიაზე, თბილისის შემოერთებული ტერიტორიების გამოკლებით. ამის მიზეზი ერთადერთია — დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მწვანე სივრცეები არავის აღურიცხავს და, შესაბამისად, არც მონაცემები არსებობს.

თუმცა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისში 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე 10 მ² გამწვანებული სივრცე უნდა იყოს. თავის მხრივ, ეს მიზანი ევროპულ სტანდარტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ევროკომისიის მონაცემებით, ევროპაში, საშუალოდ, ერთ სულ მოსახლეზე 18.2 მ² გამწვანებული ურბანული სივრცე მოდის, თუმცა მონაცემები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით.

სკანდინავიური ქვეყნები ამ მხრივ განსაკუთრებით ლიდერობენ. შვედეთისა და ნორვეგიის ზოგ ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ურბანული სივრცე 65 მ²-ს აღწევს და ზოგ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მაგალითად, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამწვანებული სივრცე ერთ სულ მოსახლეზე 7.11 მ²-ს შეადგენს, ვარშავაში — 28.44 მ²; ბუდაპეშტში — 16.61 მ²; პრაღაში — 35.71%; რიგაში — 42.07 მ²; ტალინში — 40.51 მ²; ვილნიუსში — 56.22 მ².

მწვანე სივრცეები თბილისში მეფის რუსეთიდან პოსტსაბჭოთა პერიოდამდე

თბილისში მწვანე სარეკრეაციო სივრცეების დაგეგმვისა და მოწყობის ტრადიცია მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს.

როგორც ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში იხსენებს, ქალაქის კომპლექსური დაგეგმვა თბილისში მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთთან მიერთებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ითვალისწინებდა ყველა იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა:

“რუსეთი მაშინ ევროპის პროვინცია იყო, ჩვენ კი, რუსეთის პროვინცია, მაგრამ დაგეგმვის ევროპულმა ყაიდამ როგორღაც მაინც შემოაღწია”.

მაგალითად, იმ პერიოდში ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე 12 პარკი გაჩნდა, რომელთაგან ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმემ მოაღწია. ბაქრაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე თავიდანვე კვარტალები იმგვარად დაიგეგმა, რომ სივრცე ორი ეზოს სიგრძეს აჭარბებდა, შესაბამისად, ამან ხელი შეუწყო საზოგადოებრივი პარკების გაჩენასა და განვითარებას.

“ისტორიულად ასე მოვიდა ქალაქი. იქ, სადაც ამის საშუალება იყო, დიდი საზოგადოებრივი პარკები გაჩნდა. ამ პარკებიდან ახლა დარჩენილია არტოს ბაღი, ვარდების ბაღი და მუშთაიდი. ყველა დანარჩენი საბჭოეთის დროს გაქრა”.

ამავე პერიოდს უკავშირდება ალექსანდრეს ბაღის გაშენებაც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაქრაძის თქმით, ყველაფერი მიუთითებს, რომ ქალაქის მმართველობა საბჭოეთამდე ზრუნავდა პარკების მოწყობაზე, რაც იმდროინდელ ევროპაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

“ევროპელები, რომლებსაც ურბანული განვითარების ტრადიცია ჰქონდათ, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად დადგნენ პრობლემის წინაშე და დაიწყეს ზრუნვა, რომ ქალაქს ჰქონოდა ამოსასუნთქი. ინდუსტრიალიზაციაგამოვლილი ქალაქის პრობლემაა მწვანის მონატრება. სწორედ ასეთი დრო იყო მე-19 საუკუნე, რუსეთმა ამას ფეხი აუწყო და საქართველოშიც შემოვიდა”.

ამის შემდეგ, ზურაბ ბაქრაძის თქმით, უკვე საბჭოთა დროს გაამწვანეს კუს ტბის ტერიტორია და მთაწმინდის ფერდობი, რადგან ეს ადგილები იყო სრულად შიშველი, გამოფიტული, მიწის ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობდა და იყო მხოლოდ კლდე.

“უზარმაზარი შრომა იყო ამაში ჩადებული, აფეთქებებით აკეთებდნენ ღრმულებს და წიწვოვან ნარგავებს რგავდნენ. ძირითადად ბერიამ დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა 50-იან წლებში”.

მისი თქმით, საბჭოთა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ, რომელმაც ძველი ქალაქის კულტურული ლანდშაფტი ფაქტობრივად დაანგრია, მეორე მხრივ, დიდი მწვანე სივრცეები შექმნა, მოუარა მუშთაიდის ბაღს, დააარსა ვაკის პარკი. თუმცა, ზურაბ ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პლეხანოვის პარკები სწორედ ამ დროიდან ქრება.

“რაღაცა ისტორია მწვანე განვითარებას საქართველოშიც აქვს. ეს ისტორია იწყება რუსეთთან შეერთებით. მანამდე, სანამ შუასაუკუნეების ქალაქი არსებობდა, თბილისში სიმწვანე ფაქტობრივად არ იყო.

ერთი მოედანი იყო ოდნავ გამწვანებული, ახლანდელი გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე. გამწვანება დამახასიათებელი არც ყოფილა შუასაუკუნეების ქალაქებში, მათ შორის, არც ევროპაში. პარკების მშენებლობა ინდუსტრიალიზაციასთან ერთად დაიწყო. საქართველო რუსეთს სწორედ ამ დროს შეუერთდა”, — უთხრა ზურაბ ბაქრაძემ ნეტგაზეთს.

თბილისში ქაოსური განაშენიანება 1990-იანი წლებიდან იწყება. ზურაბ ბაქრაძის თქმით, დამკვიდრდა ცრურწმენა, რომ თუ კერძო ჯიბეები გასქელდება, საზოგადოებაც გამდიდრდება, რის გამოც, პოსტსაბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სადაც ადგილი ნახეს, ყველგან კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, რადგან მისი თქმით, :კორპუსი ფული შემომტანია, ხეები კი წილს არ ითხოვენ”:

“პირველ რიგში, ამ ტენდენციამ მწვანე სივრცეები შეიწირა. ხეები წილს არ ითხოვენ, ეს არის მთავარი. ყველგან, სადაც ვინმეს სახლს დაანგრევ, ბინა უნდა მისცე, ხე კი ამას არ გთხოვს. ამიტომ, ხეებს შეგნებულად ახმობდნენ და ჭრიდნენ”, — ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

რა არის თბილისის გენგეგმა

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბარქაძე აღნიშნავს, რომ მწვანე სივრცეების თვალსაზრისით თბილისში მძიმე მდგომარეობაა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროს დედაქალაქში 1 სულ მოსახლეზე 8 კვ.მ. გამწვანებული სივრცე მოდიოდა, რაც იმდროინდელ სტანდარტსაც ჩამორჩებოდა, თუმცა პოსტსაბჭოთა პერიოდში კიდევ განახევრდა.

ბაქრაძის თქმით, ადამიანს მწვანე სარეკრეაციო სივრცე სახლთან ახლოს, ფეხით სავალ დისტანციაზე სჭირდება, რათა ამ სივრცეებით სარგებლობა ტრანსპორტის გარეშე შეეძლოს.

მთავარი დოკუმენტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დედაქალაქში გამწვანებული სივრცეების მოწყობის არეალებს განსაზღვრავს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა.

დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული სივრცე 10 კვ.მ-ზე არანაკლები უნდა იყოს. როგორც გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, ზუსტი მონაცემი, თუ რა ფართობის გამწვანებული ტერიტორია მოდის ერთ სულ მოსახლეზე, არ არსებობს. თუმცა, სხვადასხვა კვლევაში ორი რიცხვი, 4.7 და 5.2 კვ.მ გვხვდება:

“ეს ანგარიშები რომ გაკეთდა, ვისაც ეს მონაცემები ჰქონდა, ვეკითხებოდით, ეს განაშენიანებული ტერიტორიის შიგნით გამწვანებაზე იყო საუბარი, თუ თბილისის შემოერთებული ტერიტორიებიც იგულისხმებოდა. ასევე ვეკითხებოდით, მეთოდოლოგია როგორი იყო, თუმცა დეტალურად ვერ გვეუბნებოდნენ” ,— ამბობს ბოლქვაძე.

მისი თქმით, არსებული მონაცემიც ევროპულ სტანდარტზე სამჯერ ნაკლებია იმიტომ, რომ ევროპული მოთხოვნა და ნორმა 15-18 კვადრატული მეტრია.

მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება გამწვანების კოეფიციენტის დათვლა, ვინაიდან, თუ მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემოერთებულ ისეთ ტერიტორიებსაც მოვიაზრებთ, როგორიცაა კოჯორი, ტაბახმელა და სხვა, გამწვანების კოეფიციენტი მაღალი იქნება, მაგრამ არაზუსტ მონაცემს მივიღებთ:

“უნდა ვიანგარიშოთ, განაშენიანების კონტურს შიგნით რამდენია, თორემ წყნეთში, კოჯორში და მიმდებარე სივრცეებში, რა თქმა უნდა, სიმწვანე არის. ამ თვალსაზრისით გენერალური გეგმის დროს, ამ ანგარიშებს რომ გადავხედეთ, ის პარკები და რეკრეაციული სივრცეები, რაც უნდა გამწვანდეს და ქალაქმა შეიძინოს, ერთობლიობაში იძლეოდა 10 მ²-ს ერთ სულ მოსახლეზე. ზოგადად, მასში შედიოდა დიღმის ჭალების საქალაქო პარკი, ფონიჭალის, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, თემქის, ვაზისუბნისა და ვარკეთილის პარკები.

დავიანგარიშეთ და დავასკვენით, რომ თუ დედაქალაქი ამას გააკეთებს, მაშინ ერთ ადამიანზე მოვა 10 -11 მ² მწვანე სივრცე. ეს ევროპულ ქალაქებზე ნაკლებია, მაგრამ მწვანე სივრცეების მოსაძიებლად და განსაახლებლად შემდეგი ნაბიჯები კიდევ არის გადასადგმელი”, — უთხრა მერაბ ბოლქვაძემ ნეტგაზეთს.

გენერალური გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე სკეპტიკურად უყურებს. მისი შეფასებით, ის მიზანი, რომელიც დაისახა მიწათსარგებლობის გეგმამ, რთულად მისაღწევია იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეს არსებული სივრცეები 2.5-3 ჯერ გაიზრდება.

ბაქრაძის თქმით, ამას აჩვენებს ეს გეგმა იმის ხარჯზე, რომ მწვანე სივრცეებს ნიშნავს და უამრავ მათგანს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსს ანიჭებს:

“ჩვენი კანონქვემდებარე აქტით, სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუს ქვეშ შესაძლებელია სასტუმროების, კაზინოების და ყველაფერი ასეთის აშენება და ასეც კეთდება. ეს არის ილუზორული რამ. თუ ასე გაგრძელდა ცხოვრება, 10 წელიწადში ეს შეუძლებელი იქნება. ასეთ პირობებში, ყოველი ნაგლეჯი მწვანე სივრცისა, ან ისეთი სივრცისა, რომელიც შეიძლება გამწვანდეს, ოქროს ფასია ქალაქში” ,— ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

არსებული პარკების რეაბილიტაცია მწვანე საფარის ხარჯზე?

ერეკლე ურუშაძე საცხოვრებელი ტერიტორიიდან გამომდინარე ყველაზე ხშირად ვაკის პარკს, კუს ტბასა და მზიურს სტუმრობს. მისი თქმით, ვაკის პარკი და მზიური სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე აქვს, კუს ტბაზე კი საბაგიროთი ადის.

მისი თქმით, ვაკის პარკის მაგალითზე, ერთი მხრივ, კარგია, რომ ბოლო 10 წელში პარკისთვის ტერიტორიების ჩამოჭრისა და განაშენიანების ტენდენცია შეჩერდა, თუმცა ცუდია, რომ პარკში სამანქანო გზა დღემდე არსებობს:

“ბევრ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ფაქტობრივად, პარკის შუაში შემოდის სამანქანო გზა და პარკის სიღრმეშია გაკეთებული ავტოსადგომი. რამდენადაც ვიცი, რეაბილიტაციის ფარგლებში იყო საუბარი, რომ დაიდგმებოდა შლაგბაუმი კუს ტბის მხრიდან შემოსასვლელთან. თუ ეს გაკეთდება, იქნება კარგი” ,— ამბობს ურუშაძე.

მისი თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი მისთვის მისაღებია, ვინაიდან პარკში არსებითად არაფერი იცვლება, პირიქით, ახალი ხეები ირგვება. თუმცა მიიჩნევს, რომ ვაკის პარკის ერთი წლით ჩაკეტვა რეაბილიტაციისთვის აუცილებელი არ იყო და შეიძლებოდა, ზაფხულის თვეებში მაინც არ წაერთმიათ ადამიანებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

“ეს არის მერიის შეცდომა და ნიშანი იმისა, რომ ამ პროცესში არ არის გათვალისწინებული პარკით მოსარგებლე ადამიანების ინტერესები”, — ამბობს ურუშაძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, ცალსახად იმის თქმა, რომ თბილისში ყველა პარკში რეაბილიტაცია კარგად და სწორად კეთდება, შეუძლებელია, თუმცა “მზიურის პარკს” შედარებით კარგ მაგალითად ასახელებს.

ურუშაძის თქმით, მას, როგორც პარკის მომხმარებელს, აკმაყოფილებს “მზიურის” რეაბილიტაცია, რადგან იქ მეტი სიმწვანე და ნაკლები მოპირკეთებული ზედაპირია, ეს კი თბილისის პარკებში ტენდენცია იყო:

“მაგალითად მოგიყვანთ გეგეშიძის ბაღს ვაკეში, რომელიც 10-15 წლის წინ გაკეთდა და მაგალითია, როგორ არ უნდა გაკეთდეს ბაღის რეაბილიტაცია, გოჯი მიწაც არ არის დატოვებული. მზიური ასე რომ არ გაკეთდა, მისასალმებელია, ბევრი მწვანე სივრცეა, არამხოლოდ ხეები, გამწვანებული მდელოებიცაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ბალახზე სიარული და წამოწოლა”, —ამბობს ურუშაძე.

იპოდრომზე დაგეგმილი რეაბილიტაციის ესკიზი. ნაცრისფერი სივრცეები პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილია. ფოტო: LAP-ის პროექტი

მისი თქმით, იმავეს თქმა რთულია ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის წარმოდგენილ პროექტზე. ერეკლე ურუშაძე აღნიშნავს, რომ პარკის დაგეგმვისას მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების განსაზღვრა და გათვალისწინებაა აუცილებელი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში ტერიტორიის გადმოცემას, ფაქტობრივად, თან მოჰყვა პროექტი:

“არ მომწონს ის პროექტი. იმ ცენტრალურ ნაწილს, რაც, სამწუხაროდ, იპოდრომისგან დარჩა, ისტორიულად ჩამოყალიბებული სახე და ფუნქცია აქვს.

ეს არის ღია, გაშლილი სარეკრეაციო სივრცე და მე, და ეჭვი მაქვს, ბევრ ადამიანს, რომელიც ამ სივრცით ხშირად სარგებლობდა, ერჩივნა, დარჩენილიყო იმავე სახით და არა ინტენსიურად ათვისებული სარეკრეაციო სივრცე, რაც რეაბილიტაციის პროექტშია წარმოდგენილი. ზედმეტად ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს წარმოდგენილი პროექტი” ,— მიჩნევს ერეკლე ურუშაძე.

იპოდრომის საარქივო ფოტო, ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ცენტრალური პარკის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძესაც. მისი თქმით, პროექტი პირდაპირ აჩვენებს, თუ როგორ უყურებს ქალაქის მმართველობა გამწვანებულ ადგილებს:

“პროექტის მიხედვით გაცილებით მეტი მოკირწყლული ზედაპირია, გაცილებით მეტია ათასნაირი ფუნქციით დატვირთული პატარ-პატარა ტერიტორიები, ვიდრე თავისუფალი გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია აირჩიოს დასვენების სახე.

სამი უზარმაზარი სადგომი, დანარჩენი ტერიტორია ხან იაპონური ბაღი, ფრანგული, იმის სათამაშო, ამის სათამაშო. სინამდვილეში, რაც ადამიანს სჭირდება, რომ მივიდეს და თავისუფლად დაისვენოს, სწორედ ის არ არის გათვალისწინებული. ახალი პროექტი მკაფიოდ უარსაყოფია” ,— აცხადებს ზურაბ ბაქრაძე “ნეტგაზეთთან”.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ერთია პარკის სახეობის დაგეგმვა და მეორე საკითხია პროექტის შედგენა. მისი თქმით, ყველა პროექტი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ტერიტორიის 80% მწვანე სივრცეზე მოდიოდეს, დანარჩენი 20% კი ბილიკებზე, საჩრდილობლებსა და სხვადასხვა დაწესებულებას უნდა მოხმარდეს:

“თბილისში ძალიან ბევრია პარკი, რომელიც უკვე გავაფუჭეთ. მაგალითად, მუშთაიდის პარკი. იქ იმდენი შენობა ჩადგეს, იმდენი ატრაქციონი და დაბეტონებული სივრცეა, რომ მწვანე სივრცისა და ბეტონის თანაფარდობა, სამწუხაროდ, ნახევარი ნახევარზეა.

ამიტომ, ასეთი მწვანე რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვასაც სჭირდება პროფესიონალიზმი და სწორი მიდგომა. პარკებში 80% მწვანე სივრცეებს უნდა მოხმარდეს”, — ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

იპოდრომზე დაგეგმილი რეაბილიტაციის რუკა. ფოტო: Lap

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის პროექტი საბოლოო არ არის. დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ოლეგ თორთლაძის თქმით, პროექტი ამჟამად მუშავდება და დაგეგმილია პლატფორმის შექმნა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ მის შემუშავებაში ჩართვას. თუმცა, რამდენად რადიკალური შეიძლება იყოს ცვლილებები ცენტრალური პარკის პროექტში, თორთლაძე ვერ გვპასუხობს:

“როდესაც დაიწყო ამ საკითხის განხილვა, პირველადი კვლევები ჩატარდა, მომზადდა პროექტის ესკიზი და ეს ტერიტორია გადმოეცა ქალაქს. ახლა რა სამუშაოებიც მიმდინარეობს, ეს არის მიწის წინასწარი სამუშაოები.

ქალაქის მერმაც ბრძანა, რომ რეალურად, პროექტი მუშავდება და დაგეგმილია შეიქმნას პლატფორმა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ ჩართვას და საზოგადოებრივი აზრი ცალკეული კომპონენტების ფარგლებში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ნებისმიერი მშენებლობის მაგალითი რომ აიღოთ, ესკიზი მუშა პროცესის ნაწილია, პირველადი ვიზუალიზაციაა და ხშირად არ ემთხვევა საბოლოო პროდუქტს. ნიდერლანდური კომპანია აწარმოებს ამ პროექტს და მის ფარგლებში იქმნება პლატფორმა”, — აცხადებს თორთლაძე.

მისი თქმით, მერიის გარემოს დაცვის სამსახურს ორი მთავარი პრიორიტეტი აქვს არსებული და ახალი პარკების მოწყობისას.

“პირველ რიგში, მაქსიმალურად გაიზარდოს მწვანე საფარის მოცულობა და ტერიტორია იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, ყველა ჯგუფისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მორგებული იყოს საზოგადოების არა ერთ, არამედ ყველა ჯგუფზე. შესაბამისად, ხელი ეწყობა ქალაქში საპარკო კულტურის განვითარებას. როდესაც არსებობს მოთხოვნა, ამ მოთხოვნას სჭირდება ადეკვატური მიწოდება.

პარკებით სარგებლობის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებელი არის სწორედ იმის დამსახურება, რომ საზოგადოების ფართო ინტერესები არის გათვალისწინებული და ამ პრინციპით არის დაგეგმილი ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ფუნქციურმა მრავალფეროვნებამ უზრუნველყო ისიც, რომ მოხმარება გაიზარდა”, — აცხადებს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

თუმცა, ISET-ის კვლევის მიხედვით, ადამიანები უფრო ხშირად სტუმრობენ ისეთ ადგილებს, სადაც მეტი მწვანე სივრცეა , თუნდაც ეს მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილისგან შორს იყოს.

კერძოდ, კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 39%, რომლებიც ხშირად სტუმრობენ თბილისის ყველაზე მწვანე ადგილებს (ლისის ტბას, იპოდრომის პარკს, თბილისი ზღვას და ა.შ.), აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადგილები ახლოს არ არის მათ საცხოვრებელ ზონასთან, ისინი ამ ადგილებს სტუმრობენ იმიტომ, რომ მოსწონთ იქ არსებული გარემო.

ამასთან, ამავე კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხულთა 61% აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული მწვანე სივრცის გაზრდა ურბანული პარკების შიგნით.

თბილისის უბნები პარკის გარეშე

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ერთია საბურთალოს და ვაკის არეალი, სადაც მეტ-ნაკლებად არის წვდომა სარეკრეაციო სივრცეებზე, თუმცა ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო და არის აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისი თქმით, აღნიშნულ არეალში, წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმდებარედ, დიდი ტერიტორიაა რეკრეაციულ ზონად მონიშნული და იქ სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ამ უბანს პარკი არ აქვს და აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა.

თუმცა ეს ტერიტორია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში პარკის გაშენებას ითხოვდა და რომელიც თვეების წინ მერიას ეკუთვნოდა, 2020 წლის დეკემბრის ბოლოს შეისყიდა მილიონერმა ბიზნესმენმა თემურ უგულავამ, რომლის სახელსაც უკავშირდება „აჭარა ჯგუფი“, „ფაბრიკა“, „რუმს ჰოტელი“ და სხვა არაერთი მომგებიანი ბიზნესი. ფართი „ფაბრიკისგან“ დაახლოებით 1კმ-ითაა დაშორებული — ის პარალელური ქუჩის დასაწყისში მდებარეობს.

ზურაბ ბაქრაძის განმარტებით, ამ ადგილს “სარეკრეაციო ზონა 2-ის” სტატუსი აქვს – „ეს ნიშნავს, რომ სპეციალური შეთანხმებით შესაძლებელია ისეთი შენობების აშენებაც, როგორიცაა სასტუმრო, კაზინო და ა.შ. ფორმალურად, უგულავას შეუძლია მსგავსი რაღაცები ააშენოს, ან უკვე აშენებულ შენობებში განათავსოს ამგვარი დაწესებულებები“.

ზურაბ ბაქრაძის თქმით, ასეთივე მწვავე მდგომარეობაა ბევრ ადგილას ისტორიულ ქალაქში. მაგალითად, სოლოლაკში, სადაც, ურბანისტის თქმით, მოსახლეობას ერთადერთი შესაძლებლობა ჰქონდა გვირაბით გასულიყვნენ ბოტანიკურ ბაღში თუმცა ის გვირაბიც ჩაუკეტეს.

“უშუალოდ პარკამდე მისასვლელი სოლოლაკს აღარ აქვს. ასევეა მთაწმინდა. მთაწმინდიდან უშუალოდ ასვლა მთაწმინდის ფერდობზე ძალიან ძნელია, იქამდე ასვლა მოსახლეობისთვის ძნელია, ვინც ქვემოთ, რუსთაველისკენ ცხოვრობს. ჩამოყალიბებულ ქალაქში ძალიან მწვავე დეფიციტია მწვანე სივრცეებში”, — ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც მოსახლეობამ მოთხოვნილი სკვერის ნაცვლად სხვა ტიპის განაშენიანება მიიღო, დიდი დიღმის მე-2 კვარტალია. როგორც ელენა მეჩითოვა ამბობს, მე-2 მიკროს 30-მდე კორპუსის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2016 წლიდან ითხოვდა ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცის მოწყობას:

“ჩვენ მერიის სახელზე 2016 წელს შევიტანეთ განცხადება, სადაც ვითხოვდით ამ ტერიტორიისთვის ისეთი სტატუსის მინიჭებას, რომ იქ არაფერი აშენებულიყო, მაგრამ უარყოფითი პასუხი მოვიდა.

2018 წელს პეტიცია მოვამზადეთ, სადაც ასევე ვითხოვდით პარკის გაშენებას, მაგრამ სანაცვლოდ მივიღეთ ცოტა პატარა გამწვანებული ზოლი, რომელიც ვერ შეედრება მასშტაბებით იმას, რასაც ჩვენ ვითხოვდით. იქაც საბავშვო მოედნებია და ჩემთვის, მოზარდისთვის ან მოხუცისთვის, ადგილი არ არის”, — ამბობს მეჩითოვა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი თქმით, ის ტერიტორია, სადაც პარკის მოწყობას ითხოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა და ხელოვნურსაფარიანი მოედნისა და საწვრთნელი ბაზის აშენება იგეგმება.

მეჩითოვა აღნიშნავს, რომ სივრცით, რომელიც ახლა ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაშია, 30-მდე კორპუსის მოსახლეობა სარგებლობდა:

“ფაქტობრივად, გვართმევენ საზოგადო სივრცეს. ჩვენი მოთხოვნა იყო ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამაში არ იგულისხმებოდა საქანელების და ატრაქციონების დადგმა.

უბრალოდ, გვინდოდა იქ სამოყვარულო ფეხბურთის სტადიონის შენარჩუნება და ა.შ. ძალიან ლამაზი, გამწვანებული ადგილია, რომელიც არ იყო მოწესრიგებული და ხშირად ძალიან მაღალი ბალახის გამო ვერ ვახერხებდით გასვლას, მაგრამ ეს ადგილი თვის რეკრეაციულ ფუნქციას მაინც ასრულებდა.

ხეებიც იყო დარგული, რომელიც ნაწილი მოჭრილია, ნაწილი გადარგული. დაახლოებით 30 კორპუსამდეა მეორე მიკროში და ყველა ამ კორპუსის მოსახლეობა ამ სივრცით სარგებლობდა”, — ამბობს მეჩითოვა.

ელენა მეჩითოვას თქმით, სანაცვლოდ მერია მე-2 მიკრორაიონის მოსახლოებას მე-3 მიკროში წასვლას სთავაზობს, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობა პარკის მოწყობას გეგმავს, თუმცა ადგილობრივი აღნიშნავს, რომ იქ მოსახვედრად რამდენიმე ადგილას გზის გადაკვეთა სჭირდება, რაც მოხუცებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის რთული იქნება.

ამავეს ამბობს მეჩითოვა დიღმის ჭალებზეც, რომელიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებითაა:

“ასევე ალტერნატივად გვთავაზობენ დიღმის ჭალებში წასვლას. დედას რომ ბავშვი გამოჰყავს ეტლით, როგორ ჩავა ან ჭალებში, ან ლისზე? მშენებლობას იწყებენ პირდაპირ უბანში. ეს მულტიფუნქციური სივრცეც რომ შენდება, მტვერია. იქვე ქვას ლესავენ, ბუღი და ხმაურია. სტადიონსაც რომ დაიწყებენ, გამოდის, რომ ღობეებს შორის უნდა ვისეირნოთ”, — ამბობს ელენეა მეჩითოვა “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ოლეგ თორთლაძე დიღომში სტადიონის მშენებლობაზე ამბობს, რომ მსგავსი ტერიტორიების მოწყობა საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით იგეგმება, რომელიც ადგენს, თუ რა ტერიტორიაზე რისი მშენებლობაა ნებართული. შესაბამისად, დიღომში აღნიშნული სტადიონის მშენებლობა კანონს არ ეწინააღმდეგება.

თორთლაძისვე განმარტებით, დიდ დიღომში თითქმის ნახევარ ჰექტარზეა მოწყობილი სკვერი, რომელიც ტერიტორიულად “ძალიან ახლოსაა” იმ სივრცესთან, სადაც მოსახლეობა პარკის აშენებას ითხოვს. თორთლაძისვე თქმით, მერია იმავე უბანში, პეტრიძისა და მირიან მეფის ქუჩების ნაწილში აწყობს ურბანულ გამწვანებებს, ასევე, შიდაკვარტალური გამწვანებებს.

გარდა ამისა, მერიაში ამბობენ, რომ ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკო არეალი, მათ შორის, მტკვრის ჭალების და ფონიჭალის საპარკო არეალი, ვაზისუბნის პარკი, დირსის ჭალები, ზღვისუბნის პარკი და დიღმის ჭალების პარკი:

“ეს არის დიდი სივრცეები, სადაც ყოველგვარი განაშენიანება აკრძალულია. ნაწილზე დაწყებულია, ნაწილზე უნდა დაიწყოს ახალი საქალაქო პარკების განვითარება. ამასთან, ახალი გენგეგმით შეიქმნა გამწვანებული ტერიტორიების ფუნქციური ზონა, რომელიც გულისხმობს შიდაკვარტალურ ურბანულ გამწვანებებს.

წარსულში არ ყოფილა ამაზე მკვეთრად ხაზი გასმული, რაც ნიშნავს ყველა საცხოვრებელ სივრცესთან გარკვეულ არეალში მწვანე კორომის ელემენტის შენარჩუნებას, რომელიც პერსპექტივაში უნდა გაკეთდეს მცირე პარკის ან სკვერის ფორმით, სადაც არანაირი განაშენიანება არ შეიძლება და არის განსაზღვრული მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის”, — ამბობს ოლეგ თორთლაძე.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლობას ახალი პარკების მშენებლობასა და არსებული სივრცეების კიდევ უფრო მოწესრიგებას ჰპირდება, ფაქტი ერთია — თბილისში არ არის აღრიცხული მწვანე სივრცეები, შესაბამისად, უცნობია, ერთ სულ მოსახლეზე რა ფართობის მწვანე სივრცეები მოდის. ასევე, დედაქალაქში ჯერ კიდევ არის უბნები, სადაც მოსახლეობას მწვანე სარეკრეაციო სივრცეებზე ხელი არ მიუწვდება და იძულებულია, ამისთვის სხვა უბანში ტრანსპორტით წავიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი