კომენტარისაზოგადოება

„არც ვუშვებ, რომ მზიური გაჩერდება“ — ანა გოგუაძე სოციალური კაფეს გადასარჩენად

22 ივნისი, 2024 •
„არც ვუშვებ, რომ მზიური გაჩერდება“ — ანა გოგუაძე სოციალური კაფეს გადასარჩენად

„გაცნობებთ, რომ კაფე და მიმდებარე ტერიტორია განიხილება, როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალება“, — წერია 13 ივნისით დათარიღებულ წერილში, რომელიც მზიურის კაფემ ქონების მართვის სააგენტოდან მიიღო.

ეს იმას ნიშნავს, რომ მზიურის გუნდისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას მერია აღარ აპირებს და ადამიანებს შეიძლება, იმ ტერიტორიის დატოვება მოუწიოთ, რომელიც გამოაცოცხლეს და ადამიანების საყვარელ ადგილად აქციეს.

ნეტგაზეთი ანა გოგუაძეს ესაუბრა — ქალს, რომელიც წლების განმავლობაში არათუ კაფეს, არამედ მზიურის პარკის მფარველ სახედ და მის მასპინძლად იქცა.

ანა ჰყვება, როგორ დაიბადა განახლებული მზიურის იდეა, როგორ იქცა იდეა რეალობად და მოვიდა დღემდე — დღეს კი მისი ყოფნა-არყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დედაქალაქის მერიამ.


„თქვენთვის წერილია“

ძალიან იშვიათად ხდება, რამემ დამთრგუნოს, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, აქაურობა ხდება კომერციული ფართი, კარგავს იდეას, რისთვისაც შეიქმნა, იდეას, რომ ყოფილიყო ყველა ადამიანისთვის, ყველა ინტერესის, შესაძლებლობის, ასაკის ადამიანისთვის… ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი კაფე?!

ჩვენ შევთავაზეთ ეს იდეა მერიას, ჩვენ მივედით მათთან, რომ შეგვექმნა სისტემა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, ეს სივრცე ყოფილიყო მუდმივად საინტერესო ყველანაირი ადამიანისთვის. ახლა გამოდის, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ეს ყველაფერი. რატომ? მიზეზს ვერ ვხვდები.

2016-ში მზიურში რომ მოვედით, სრულიად ამორტიზებული, დანგრეული შენობა ჩავიბარეთ. მთლიანად პარკი იყო მოუწესრიგებელი. მაშინ აქ რაღაც ობიექტის გახსნა წარმოუდგენელი იყო. ჩვენ რომ აქ ღონისძიებების ჩატარება დავიწყეთ, მთელ მზიურში შუქი კაფეს ტერიტორიაზე ენთო. შემოწირულებებით 200 000-ზე მეტი ლარი შევაგროვეთ. სრულად აღვადგინეთ ეს შენობა, შევუნარჩუნეთ ავთენტურობა. გავხადეთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული, აღვადგინეთ ამფითეატრი და მოვაწყვეთ ბავშვთა გასართობი მოედანი. მთავარი მისია ჩვენი ის იყო, რომ მზიური გაგვეცოცხლებინა.

კაფე მზიურის შენობა 2015 წელს

კაფეს შენობა და მიმდებარე სივრცე უსასყიდლოდ სარგებლობისთვის გადაეცა პროექტის გუნდს, კონტრაქტით და გარკვეული ვალდებულებებით.

წელიწადში მზიურის კაფე 60-ზე მეტ ღონისძიებას მასპინძლობდა. საგანმანათლებლოს, შემეცნებითს. სოციალური მიზნებისთვის ვუთმობდით სივრცეს სხვა ორგანიზატორებსაც. ასე უმასპინძლა მზიურის კაფემ 800-ზე მეტ ღონისძიებას ამ წლების განმავლობაში.

მიმდინარე კონტრაქტი მაისის ჩათვლით გვქონდა. როგორც მანამდეც ვაკეთებდით ხოლმე, მოვიწვიეთ დამოუკიდებელი აუდიტი. აპრილის თვეში ჩავაბარეთ დასკვნა.

13 ივნისს ქონების მართვის სააგენტოსგან მოგვივიდა წერილი, რომ აღარ მიიჩნევენ საჭიროდ კონტრაქტის გაგრძელებას, აქაურობა აუქციონის საშუალებით უნდა გააქირაონ და მიზეზი ისაა, ბიუჯეტში მოხდეს თანხების მობილიზება. უფრო სწორად, მიზეზი დაუსაბუთებელია. არანაირი ხარვეზი ჩვენს დოკუმენტებში არ არის. ყველაფერს გადაჭარბებით ვასრულებდით. წელსაც ასე იყო, მაგრამ ასე გაუფრთხილებლად გადაწყვიტეს, რომ კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ.

როგორ გახდა მზიური მზიანი

ფარ-ხმალიც კი დავყარე რაღაც მომენტში, ვაღიარებ. არის რაღაც ზღვარი, ადამიანური და მე ვეღარ მივხვდი, რა უნდა მექნა. ჩემი გუნდის წევრებისთვისაც ძალიან მძიმე იყო, 18 ადამიანია აქ დასაქმებული. თუმცა მერე ვიფიქრე, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კაფე, ხალხისაა. ჩვენ უბრალოდ სათავეში ვუდგავართ და ხალხის სახელით ვმოქმედებთ. შესაბამისად, განსაკუთრებით ვგრძნობ ახლა პასუხისმგებლობას იმ ადამიანების, კომპანიების, ორგანიზაციების მიმართ, ვინც თავიდანვე გვერდით გვედგა. ვინც თავის დროზე დაგვიჯერა, რომ ეს ადგილი განვითარდებოდა და სეზონური არ იქნებოდა. ამიტომ ახლა ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქაურობა შევინარჩუნოთ.

მერი ამბობს, მსაყვედურობენ, რომ უკვე რამდენჯერმე გადავეცით ეს კაფე ერთ ადამიანსო.

მინდა შევუსწორო, რომ ეს კაფე ადამიანს კი არ გადასცეს, ის გადასცეს ორგანიზაცია „მზიანს“, რომლის იდეაც არის საერთოდ ამ კაფეს არსებობა.

მე არ მომწონდა, როგორი იყო მზიური. მივხვდი, რომ არ უნდა დავლოდებოდი არავის, რომ რამე გაკეთებულიყო. ეს მეც შემეძლო, შენც შეგიძლია და მაგ დროს ჩნდება ძალიან ბევრი მხარდამჭერი. მზიური ამის კარგი მაგალითია, როცა რაღაც ძალიან გინდა და ენთუზიაზმით ხარ სავსე, ამ ყველაფერს აკეთებ სიყვარულით, გამორიცხულია, რომ არ შემოგიერთდნენ ადამიანები.

კაფემდე, მოხალისეებთან ერთად, მზის ფესტივალს ვაკეთებდით მზიურში. ბავშვთა საერთაშორისო დღეს, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანს ვეპატიჟებოდით, რომ ერთი დღით მაინც შეგვექმნა ინკლუზიურობა მზიურის სივრცეში.

მერე დავინახეთ, რომ ერთი დღე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მზიური მზიანი ყოფილიყო და ასე გაჩნდა კაფეს შექმნის იდეაც.

ეს სივრცე როგორიც არის დღეს, ჩემი შრომის შედეგი არ არის მარტო. ადამიანები შემომიერთდნენ, დამიჯერეს, დაიჯერეს ახალი მზიურის იდეა. მას მერე აქაურობა არ გაჩერებულა, სულ ვითარდება. ახლა უნდა გავაჩეროთ თურმე ეს ყველაფერი. მაგრამ ცუდ სცენარებზე არ ვფიქრობ, არც ვუშვებ, რომ მზიური გაჩერდება.

Imagine

ლენონის „Imagine“ არის მზიური. როდესაც აქ მოვდივარ და დრო მაქვს, რომ რიგითი სტუმარივით დავაკვირდე ადამიანებს, გული მიჩუყდება. იმიტომ, რომ მე აქ ვხედავ, როგორ მარტივად გადაადგილდება ეტლით მოსარგებლე, უსინათლო სტუმარს ხვდება მენიუ ბრაილის შრიფტით, მშობლები მოდიან ჩვილი ბავშვებით და ეს გარემო მათზეც მორგებულია, მოჰყავთ ოთხფეხა მეგობრები და აქ თავს ისინიც კომფორტულად გრძნობენ. ჩვენთან დადიან ადამიანები, რომლებიც მუცლად ყოფნის დროს იყვნენ ჩვენი სტუმრები.

მხვდებიან ადამიანები და მეკითხებიან, ეს ხომ ჩვენი სახლია, რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ? მათ ასეთი განცდა აქვთ — ესაა მათი სახლი, სადაც ყოველთვის ხდება რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ეს არ არის მხოლოდ გასართობი ადგილი.

ჩვენი მურადაა ამ კაფეს ერთ-ერთი მთავარი სახე. ამ ყველაფერს ვუყურებ, ხანდაზმულ ადამიანებს, სტუდენტებს, ბავშვებს, ყველანაირ ადამიანს და ვხედავ, რომ ყველა ეს სხვადასხვა ადამიანი აქ თავს კომფორტულად გრძნობს. ამ პატარა კაფემ მოახერხა ის, რომ პოლ მაკარტნიმ გაიგო მის შესახებ და დაბადების დღე მოულოცა.

გახსნის დღიდან, კაფეს სავიზიტო ჰეშტეგია „ჩამოვა“, ჩამოვა პოლ მაკარტნი! ჩამოვა ის სიტყვაა, რომელიც აჯერებს ადამიანებს, რომ დაუჯერებელი რაღაცაც შეიძლება მოხდეს. სიტყვას დიდი ძალა აქვს.

ჩვენ თვალწინ ხდება საზოგადოების ცვლილება. რამდენიმე წლის წინ ვთქვით უარი პლასტმასას გამოყენებაზე. დავდგით ყუთი, სადაც შეიძლება, რომ ტანსაცმელი მოიტანო და დატოვო სხვა ადამიანებისთვის. ჩვენს თაროებზე ბარბის თოჯინებს ხედავთ — ბარბებს, რომლებიც ეტლებში სხედან. აქ მოსული ბავშვები მშობლებს ეუბნებიან, რომ ასეთი ბარბები უნდათ. ასე იცვლება ცნობიერება.  მურადა უყვართ ჩვენს სტუმრებს ძალიან და მათ იციან, რომ არაა აუცილებელი, გყავდეს ძვირადღირებული ჯიშის ძაღლი, შეგიძლია ქუჩის ძაღლიც შეიფარო. იაზრებენ და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ვხედავ, როგორ მოდიან დიდი ჩანთებით, რომ ჩვენთან პლასტმასა ჩააბარონ.

გაბედული ნაბიჯი იყო გარკვეულწილად, მაგრამ ჩვენ მოვალედ ვთვლიდით თავს ლგბტქ თემთან და თამამად დავკიდეთ ცისარტყელას ფერადი დროშა. როგორც ნებისმიერი სხვა ჯგუფის ადამიანები, ისინი ჩვენი საზოგადოების თანასწორი წევრები არიან. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ნეგატივი და საფრთხეც კი. იყო არაერთი მუქარა ამ შენობის განადგურებაზე. პირადად მე არაერთი მუქარა მივიღე, იყო დაშინების მცდელობა, მაგრამ გავიარეთ ესეც. ისევ სტუმრებთან ერთად, რომლებიც იაზრებენ, რომ ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, რა ორიენტაციის და შესაძლებლობისაც არ უნდა იყოს ის.

გასაუბრებას რომ ვატარებ და ახალი თანამშრომელი ამყავს, სულ ვეუბნები, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კაფე. ამ დღეებში რაც ხდება სოციალურ ქსელებში, ზარები და წერილები, რაც ჩემთან მოდის, მაჩვენებს, რომ თურმე სხვებსაც იგივე განცდა ჰქონიათ. ეს არის ჩვენთვის ძალიან საამაყო. ესე იგი, მთელი ამ წლების განმავლობაში სწორ გზაზე ვიდექით.

რამდენიმე პროექტი შევაჩერეთ. რამდენიმეს ფიზიკურად ვერ შევაჩერებთ. როდესაც ამ ყველაფერს გადავლახავთ, მზიური თავის გუნდთან ერთად განვითარებას განაგრძობს. ახლა მთავარია, რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ.

„მზიურის კაფე არ არის უბრალოდ საკადასტრო კოდი“

მე შეიძლება, ბევრი ვარაუდი მქონდეს, ეს ყველაფერი რატომ ხდება, მაგრამ მინდა, მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნო და მერიისგანაც მოვისმინო რეალური პასუხი – რატომ?

წერილში წერია, რომ ხელშეკრულებას აღარ აგრძელებენ. არ წერია ვადა, არ წერია მიზეზები, როდის და რატომ უნდა დავცალოთ აქაურობა. შესაბამისად, ნებისმიერ დროს ველოდებით შეტყობინებას, შეიძლება, აქაც მოვიდნენ და მოგვიწიოს აქედან წასვლა.

ბელგიაში, როცა ფეხი მოვიტეხე, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი მეუბნებოდა, რომ დავრჩენილიყავი ემიგრაციაში და აღარ დავბრუნებულიყავი. ფიზიკურადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ეს უკვე ნიშანია, რომ უნდა დარჩე, აქ რომ ჩამოხვალ, რას აპირებო. მაშინ დამხმარის პრობლემაც მქონდა. მართლა დავაპირე დარჩენა. გამოვიძახე შესაბამისი სამსახური და დოკუმენტების მომზადება დავიწყე.

ვუყურებდი, რამდენი ადამიანი დამიდგა გვერდში, რომ მე საქართველოში უსაფრთხოდ დავბრუნებულიყავი. მივხვდი, რომ უნდა ჩამოვსულიყავი. რა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის, რომ მე ახლა ვრჩები კეთილმოწყობილ, უზრუნველყოფილ ქვეყანაში და ვტოვებ მზიურს, ყველა აქაურ ადამიანს, ფარ-ხმალს ვყრი ჩემი პირადი კომფორტისთვის? გავაჩერე პროცესი და დავბრუნდი მზიურისთვის. მზიურისთვის არ წავედი ემიგრაციაში და არც ახლა ვაპირებ სადმე წასვლას და გაქცევას. მე ამ ქვეყნიდან, მზიურიდან ვერ წავალ და არ წავალ.

ეს ქვეყანა მინდა იყოს ევროპული ღირებულებებით სავსე და ზუსტად ისეთი, როგორიც არის მზიური – თანასწორი, ფერადი და ინკლუზიური.


ანა გოგუაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 17 ივნისს წერილით მიმართა და შეხვედრა მოითხოვა. სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მერიაში არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრების დასწრებით.

სანამ მზიურის კაფე კახა კალაძის პასუხის მოლოდინშია, მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე პირდაპირი წესით მიცემა, რაშიც მე მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა, ეს თემა გახდეს სალაპარაკო. სტატუსი იქნება იგივე, არსებობენ ალბათ ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ იგივე პროექტი განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემ წინააღმდეგ ან მერიის წინააღმდეგ. […] კაფეს აღნიშნული სტატუსი შეუნარჩუნდება. გამოცხადდება აუქციონი, რომელში მონაწილეობის უფლება, რა თქმა უნდა, როგორც სხვას, ისე ანა გოგუაძესაც ექნება“ .

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა კახა კალაძე ანა გოგუაძეს, მანამდე მოქალაქეები ხელს აწერენ პეტიციას, რომელიც კაფე მზიურის შენარჩუნებას ითხოვს თბილისისთვის და მისთვის სულის ჩამდგმელი გუნდისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი