ახალი ამბები

პრეზიდენტმა დეკლარაციაში არ ასახა 40 000 ლარი, რომელიც თავის საარჩევნო ფონდს შესწირა

1 თებერვალი, 2019 •
პრეზიდენტმა დეკლარაციაში არ ასახა 40 000 ლარი, რომელიც თავის საარჩევნო ფონდს შესწირა

სალომე ზურაბიშვილმა თავის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა 40 ათასი ლარი, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე თავის, პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდს შესწირა.

თანამდებობის პირებს კანონი ავალდებულებს ქონებრივ დეკლარაციაში ასახონ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მათი ან მათი ოჯახის წევრების ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს. თუმცა 2019 წელს, უკვე პრეზიდენტის რანგში შევსებულ დეკლარაციაში ზურაბიშვილს ეს თანხა მითითებული არ აქვს.

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის აგვისტოში “სალომე ზურაბიშვილი-დამოუკიდებელი კანდიდატის” ანგარიშზე ორჯერ ჩარიცხა თანხა – ერთჯერ 30 ათასი ლარი, მეორედ კი, 10 ათასი.

ნეტგაზეთმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰკითხა, თუ რატომ არ მიუთითა ზურაბიშვილმა ეს თანხები დეკლარაციაში, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

სალომე ზურაბიშვილს სრულყოფილად არც 2017 წლის დეკლარაცია აქვს შევსებული. 2016 წელს მან მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში საკუთარ ფონდს,  ჯამში, 29427 ლარი შესწირა. 5 ტრანზაქციიდან ოთხის ოდენობა აღემატება 1500 ლარს, თუმცა ზურაბიშვილს ეს უკვე დეპუტატის რანგში შევსებულ დეკლარაციაში ასახული არ აქვს.

ასევე წაიკითხეთ: 39 847 ევრო – პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფრანგული პენსია 2018 წელს

მასალების გადაბეჭდვის წესი